Accentnews.ge
რას უნდა ამბობდეს და რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი

რას უნდა ამბობდეს და რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი

11/12/2019 13:00:11 თვალსაზრისი, ანალიზი

მიუხედავად პოლიტიკურად ცხელი პერიოდისა და შეზღუდული უფლებამოსილებისა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაორდინალური გამონათქვამებით მაინც ახერხებს „აქტუალურობის“ შენარჩუნებას: 10 დეკემბერს, ორბელიანის სასახლეში  სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მასპინძლობისას იგი ახალ სკანდალში გაეხვა და მხარდამჭერი მმართველი გუნდი კვლავ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. განსაკუთრებული აღშფოთება მისმა სამმა გამონათქვამმა განაპირობა:

  • "საქართველოს ჯარი არ ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც ექნება, არც ისეთი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ რეგიონი"; 
  • "უფრო კარგად უნდა ვმართოთ სოციალური ქსელები, ინტერნეტი"; 
  • "ვიცი, რაც იწერება საზღვარგარეთ საქართველოზე, ყველა თავის თავს ნებას აძლევს, რომ საქართველოს შესახებ რაღაც წეროს ისე, რომ მას არავის მისცა ლეგიტიმაცია, დაწეროს საქართველოს შესახებ". 

დავიწყოთ პირველით.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თავდაცვის პირველივე მინისტრი ირაკლი ალასანია გვარწმუნებდა, "ქართული ჯარი უკვე ნატო-შიაო", ხოლო შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს სამიტზე იწონებდა თავს, "საქართველო თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავსო" და ამით პარტნიორების შექებაც დაიმსახურა. ამასთან, უკანასკნელი კვლევების თანახმად კი, ქვეყანაში საზოგადოების ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში სწორედ ქართული ჯარი ლიდერობს. 

ჩნდება კითხვა, რაში ვხარჯავთ ფულს, თუ, როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა,  არც არაფერი გვაქვს? 

სანამ თავდაცვის უწყება და საზოგადოება პრეზიდენტისგან განმარტებას ელიან, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯარის ნაწილში მთავარსარდლის განცხადების კონტექსტიდან ამოჭრაში მედიას ადანაშაულებს.

თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ხსენებული გზავნილის კონცეფცია მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ფორმულირების ავტორი კი მოქმედი მთავარსარდალია: 

„რაში გვჭირდება ჯარი და რატომ ვხარჯავთ თავდაცვაზე ფულს? - ეს არის ბიძინა ივანიშვილის კონცეფცია: გავიხსენოთ მისი ბოლო ინტერვიუ, რომელიც სახელმწიფოს, სახელმწიფო სიმბოლოების დაკნინებას მიუძღვნაო“.  

კრიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის ეს გზავნილები ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების გაგრძელებაა სამუშაო ადგილების შექმნის შეუძლებლობის თაობაზე,  ხელისუფლების მცდელობა, საკუთარი არაეფექტურობა ქვეყნის ბუნებრივი შესაძლებლობებით გაამართლოს და მოსახლეობის თვალში დასავლეთში „ქართული ოცნების“ მიმართ გაზრდილი ნეგატივის ნიველირება მოახდინოს, მით უფრო, რომ მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას ერთადერთ გზად, აიძულონ მმართველი გუნდი, შეასრულოს დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,  საერთაშორისო საზოგადოების წნეხი მიაჩნიათ.  


„აშკარა მცდელობაა, შეიქმნას ანტიდასავლური განწყობები: "დასავლეთმა არ იცის, რა ხდება საქართველოში; ერევა შიდა პოლიტიკაში არასამთავროების მეშვეობით, რომლებიც უცხონი არიან ქართული საზოგადოებისთვის".... - ეს ივანიშვილის ხელწერაა და ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც თითქოსდა შორს უნდა იყოს პუტინისეული ნარატივისგან, იმეორებს ამ ნარატივს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთში გაზრდილი ადამიანი აუცილებლად დასავლელს არ გულისხმობს. მმართველ გუნდს სურს თუ არა, საკუთარი უუნარობით, პოლიტიკური კულტურის დეფიციტის გამო მიდის თვითიზოლაციისკენ და რაც მთავარია, ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისაკენ“,- განუცხადა „აქცენტს“ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა. 

ამ პოზიციას იზიარებს თინა ხიდაშელიც: 


"იყო მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდილობდა, თავისკენ შემოებრუნებინა დასავლური აზრი, მაგრამ არ გამოვიდა. [...] რატომ შეიქმნა ისტორია "ომის დროს ამერიკელები ჩამოვიდნენ და პამპერსები და წყალი ჩამოგვიტანეს" ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ? მანამდე ასე აქტიურად ამაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს გახდა ეს აქტუალური სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ცდილობს, დღეს დასავლეთში მის მიმართ უკიდურესად გაზრდილი ნეგატივის ფონზე მოსახლეობაში გააღვივოს განწყობა, "ჩვენს მხარეს რომ იყვნენ, მაშინ რა რომო?" [...]. ამასობაში ისეთი ამბები ხდება მთელს მსოფლიოში რუსეთთან დაკავშირებით... 10–5 წლის წინ ყველაზე უხეშ ოცნებაშიც რომ ვერ წარმოვიდგენდით, ისეთ ნაბიჯებზე მიდის მსოფლიო რუსეთის ხელისუფლების დასასჯელად. ჩვენ ხომ სულ ვამბობდით, რომ საქართველოს ინტეგრაციის შანსი მაშინ ექნება, როდესაც ვარსკლავები სწორად დალაგდება ცაზე. და იმ ფონზე, როდესაც ვარსკვლავები სწორად ლაგდება ცაზე, ჩვენ ბრძოლის ველს გამოვეცალეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი მანიაკების ერთობას ერთადერთი ამოცანა აქვს – მოუგონ მალხაზ მაჩალიკაშვილს, აჯობონ საქართველოს მოსახლებას, აცემინონ ვინმეს ის გოგოები და ბიჭები, რომლებიც გულანთებულები დგანან სამშობლოს სამსახურში... – ეს არის ამოცანა, რომლითაც დღეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები არიან დაკავებულები".

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი შესძლებლობები საიმისოდ, რომ 3 700 000 მოსახლის 20% არ ცხოვრობდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა და  უმრავლესობა არ იყოს ღარიბი: 

„თუკი ბუნებრივ პირობებს რამე არ უნდა გადააბრალო, ეს სწორედ ქვეყნის წარუმატებლობაა: ბუნებრივი გარემო, ბუნებრივი რესურსი, გეოგრაფიული მდებარეობაც საქართველოს ძალიან კარგი აქვს საიმისოდ, რომ ერთი დიდი ქალაქის პრაქტიკულად ¼ არ გყავდეს სიღარიბეში. აქ რომ სიღარიბეა, ეს პირდაპირ არის მენეჯმენტის პრობლემა, რომელი პოლიტიკური გუნდიც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ განათლებაში გვაქვს პრობლემა, მეცნიერებაში, მენეჯმენტში, მიდგომებში, საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში, პასუხისმგებლობაში, არ გვინდა, ეს დავიჯეროთ და ყველაფერს ვაბრალებთ სხვას. იგივე პოლიტიკური ტურბულენტობის გამო ქვეყნის ეკონომიკა იღებს სტრესს, ხელისუფლება კი ამას ოპოზიციას აბრალებს და ავიწყდება, რომ გადაწყვეტლების მიმღები თავად არის და მის ქმედებებზეა დამოკიდებული, იქნება ქვეყანაში კრიზისი თუ არა". 

რაც შეეხება საკუთრივ პრეზიდენტს, რომელიც, გობრონიძის თქმით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ნარატივზე მაღლა უნდა იდგეს, მისი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი "ვერ ან არ ხედავს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს":


„გადავხედოთ 2008 წლის კონკრეტულ დეტალებს: ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რომ სახმელეთო შეტაკებებში ტაქტიკურ დონეზე ქართულ სამხედრო დანაყოფებს მათზე გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან არც ერთი არ წაუგიათ. ამდენად, პრეზიდენტის განცხადება მთლად ადეკვატური არაა და ასეთი საუბარი საზოგადოების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ვერ ხედავს, ან არ სურს, დაინახოს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემები. დღეს თუ რამე არ გვაქვს, ეს განათლების ხარისხია. ქართული სკოლა ვერ უძლებს ოდნავ სერიოზულ კრიტიკასაც კი. რაც შეეხება სამეცნიერო პოტენციალს, ელემენტარულად, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების არსებობის პრობლემა გვაქვს, აღარ ვსაუბრობ ფუნდამენტურ კვლევებზე, ცოდნის გენერირებაზე. ჩვენი განათლება და მეცნიერება ნამდვილად არ არის ის, რამაც შეიძლება, ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანოს. განათლებული საზოგადოება, პროფესიონალი მუშახელი ქვეყნის გამოწვევაა. ჯარი და იარაღი შეიძლება, რომ გვქონდეს, მაგრამ ეს არ არის უსაფრთხოების მთავარი გარანტია“.

გობრონიძე ელის, რომ დასავლური მედიის მხრიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად კრიტიკა გაიზრდება:  

„სამწუხაროა, მაგრამ გარედან დანახული საქართველო ნამდვილად არ ტოვებს შემდგარი, კონსოლიდირებული დემოკრატიის, მდგრადი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე მდგომი ქვეყნის შთაბეჭდილებას. უცხოელები ხედავენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ქვეყანა ცხოვრობს პრეაპოკალიპტურ პერიოდში; პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იწევს, საზოგადოების პოლარიზაციისა და ფრაგმენტაციის ხარისხი იზრდება... ამდენად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მეტი კრიტიკული სტატია იქნება“. 

ანალიტიკოსი სთავაზობს პრეზიდენტს გზავნილებს, რომელთა მოსმენაც, მისი აზრით, სასარგებლო იქნებოდა, მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე:  

„ნაცვლად დასავლური მედიის კრიტიკისა, სასურველი იქნებოდა, სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლისგან მოგვესმინა, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთიანობას პრობლემებთან გასამკლავებლად; გაეკეთებინა ნათელი გზავნილი, რომ დაპირება უნდა შესრულდეს (და ეს დაპირება იყო, მაგალითად, ის, რომ ხალხს ექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა); კარგი იქნებოდა, ეთქვა, რომ ნაცვლად პესიმისტური საუბრებისა, რომლებიც თითქოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმას ემსახურება და რასაც რატომღაც წინასაარჩევნოდ არ გვეუბნებიან, გატარდეს ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა. პრეზიდენტი ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხით? გაჩნდა კითხვა, რატომ არ ხდება საქართველოს პრობლემების სათანადო აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე? ის უნდა ინტერესდებოდეს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოზიციონირებით და არ უნდა საუბრობდეს, რომ მას არ აქვს პოტენციალი“. 

ანალიტიკოსი გიორგი კანაშვილი კი პრეზიდენტის განცხადებამ თავდაცვითი ხარჯებით დააინტერესა და ანალიზი წარმოადგინა:


"თავდაცვის სამინისტროს, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა 2008 წელს - 1, 547 (მილიარდ ხუთას ორმოცდა შვიდი) მილიონი. დოლარის კურსი, 2008 წელს იყო 1, 47 ლარი. ანუ, თავდაცვის ბიუჯეტი იყო მილიარდ დოლარზე მეტი.

2020 წლის ბიუჯეტია - 880 მილიონი ლარი. დოლარის კურსი 2, 9. ანუ, 303 მილიონი დოლარი (2019 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, დაახლოებით 20 მილიონი დოლარით შემცირდა). ანუ, ბიუჯეტი შემცირდა სამჯერ! აქედან, რაც მნიშვნელოვანია, დაახლოებით 80 პროცენტი ხელფასებია.

შედარებისთვის - სომხეთი, 2020 წელს, 625 მილიონ დოლარს დახარჯავს თავდაცვაზე. აზერბაიჯანის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი კი - 1. 805 (მილიარდ რვაას ხუთი) მილიონი დოლარი იყო".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S