
რატომ ვერ შეძლო ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმის არიდება
11/10/2023 12:03:32 ეს საინტერესოა
7 ოქტომბრის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, რომელსაც "ისრაელის 11 სექტემბერს უწოდებენ", როდესაც "ჰამასმა" საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანა ისრაელზე და გარკვეული დროის განმავლობაში, მათ შორის, კონტროლი დაამყარა ორ სამხედრო ბაზაზე, ერთ–ერთი მთავარი კითხვაა, როგორც გამორჩა ისრაელის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ სპეცსამსახურს ღაზას სექტორში მიმდინარე აქტივობები, მით უფრო, რომ სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო დეტალურად დაგემილი მაღალი დონის ოპერაცია, რომელიც მოკლე დროში ვერ მომზადდებოდა. ამ თავდასხმამ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი ტანჯვის ამსახველმა კადრებმა მსოფლიო შეაძრწუნა. კიდევ ათობით მოქალაქის ბედი გაურკვეველი რჩება.
New York Times ისრაელის მთავრობიდან რამდენიმე ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, თუ რამ შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. აქვე გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დასკვნები წინასწარია.
კერძოდ, წყაროების ცნობით, თავდასხმისთვის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვა შეეცადა, გაეფრთხილებინა არმიის ხელმძღვანელობა დაჯგუფების საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც შეუმჩნეველი დარჩა.
მეორე მიზეზი იყო ღაზას სექტორის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზას საზღვრის გასწვრივ დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. საზღვარზე დამონტაჟდა მრავალი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. თუმცა თავდასხმამდე ისლამისტებმა დრონების საშუალებით გაანადგურეს ფიჭური კავშირის კოშკები, მოუსპეს ისრაელის არმიას წვდომა ამ აღჭურვილობაზე, რამაც ბოევიკებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაელახათ საზღვარი ოცდაათ ლოკაციაზე.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა 19 წლის კარინა არიევის ისტორია, რომელიც „ნაჰალ ოზის“ სამხედრო ბაზიდან გაიტაცეს ბოევიკებმა. კარინა სამხედროა და ხსენებულ ბაზაზე მსახურობდა. ის 7 ოქტომბრის დილას დაუკავშირდა ოჯახის წევრებს, აცნობა თავდასხმის შესახებ და დაემშვიდობა, „ისინი არა მხოლოდ გვმომბავენ, შემოვიდნენ კიდეც“,– უთხრა კარინამ დას – ალექსანდრას. შემდეგ ოჯახმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ამოიცნო ახალგაზრდა ქალი და ასე ეიტყო მისი გატაცების შესახებ. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სამხედრო ქალი გადაიყვანეს ღაზაში.
ალექსანდრა იხსენებს, რომ შაბათი ის დღეა, როდესაც სამხედროები ბაზიდან შინ ბრუნდებიან, მაგრამ მისი და სამსახურში დარჩა, რადგან „არ იყო საკმარისი ხალხი. საკმარისი ხალხი რომ ჰყოლოდათ, ის სახლში იქნებოდა“:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზები ძალიან ახლოსაა ღაზასთან (ერთ კილომეტრზე ნაკლები მანძილი აშორებს), საკმარისად არ არის აღჭურვილი. „ჰამასის“ ტერორისტები მარტივად შევიდნენ. ბაზებზე არ იყო საკმარისი ხალხი და საბრძოლო ძალა, რომლებიც სეიარაღებულები იქნებოდნენ და შეძლებდნენ საკუთარი თავის დაცვას. იქ მყოფ გოგოებს იარაღი არ ჰქონდათ. იარაღის გარეშე იყო იქ ადამიანების უმეტესობა.
როცა დაგვირეკა, გვითხრა, რომ თავშესაფარში იყო, რადგან დაბომბვა მიმდინარეობდა. ტერორისტებმა ყუმბარა ამავე თავშესაფარში შეაგდეს და შემდეგ სავარაუდოდ, იქიდანვე გაიტაცეს. მათთან ერთად იყო ორი გოგონა, რომლებმაც როგორღაც შეძლეს იარაღის მოპოვება, მაგრამ ისინი არ არიან ისეთი კვალიფიციურები, როგორც ბიჭები, სამწუხაროდ, რადგან ეს არ არის საბრძოლო ჯარი“.
მესამე მიზეზად დასახელდა სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სასაზღვრო დივიზიის მმართველობა განათავსა ერთ ბაზაზე, რომელიც თავდასხმის დაწყებისთანავე იგდო ხელთ "ჰამასმა".
მეოთხე მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სარდლობამ ნამდვილად მიიჩნია "ჰამასის" ლიდერთა საუბრის მოპოვებული ჩანაწერები, თითქოს მათ არ ჰქონდათ ისრაელზე თავდასხმის გეგმა. სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და ისრაელის სპეცსამსახურები შეცდომაში შეიყვანეს.
თავად ისრაელელი პოლიტიკოსები საჯარო კომენტარებში მომხდარს ისრაელის სპეცსამსახურის "დიდ ჩავარდნას" უწოდებენ და აცხადებენ, საკითხი გამოძიებას აუცილებლად დაექვემდებარება ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021