Accentnews.ge
  დაბრუნდა თუ არა საქართველოში «ქურდული» მმართველობა?

დაბრუნდა თუ არა საქართველოში «ქურდული» მმართველობა?

10/12/2019 15:58:20 თვალსაზრისი, ანალიზი

თითქოსდა წლების წინანდელ პერიოდში დატოვებული პრობლემა აქტუალობას იბრუნებს: დღეს სახალხო დამცველი საზოგადოების წინაშე შემაშფოთებელი ანგარიშით წარსდგა. კერძოდ, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, «საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციისგან აქვთ ლეგიტიმაცია; პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში”. 

მეტიც, ომბუდსმენის ინფორმაციით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.


"ე.წ მაყურებლების გაძლიერება ძირითადად ღია ტიპის დაწესებულებებში შეიმჩნევა, თუმცა დახურულზეც გვქონია ინფორმაცია, რომ არსებობენ მსგავსი ადამიანები: დახურულ დაწესებულებაში პატიმრები ძირითადად საკნებში სხედან, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი პატიმარი მოძრაობს", - განაცხადა ომბუდსმენმა და პრობლების გადაჭრის გზაც დაასახელა:

"ღია ტიპის დაწესებულებაში, სადაც ძალიან ბევრი პატიმარია და რამდენიმე ასეულზე ერთი ბადრაგი მოდის, კონტროლი ძალიან რთულია. გამოსავალი არის სასჯელაღსრულების მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა, ბადრაგების, ციხის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა".

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პრობლემაზე დიდი ხანია, საუბრობენ ოპოზიციაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა სახალხო დამცველის მხრიდან აქცენტირებამ ამ ინფორმაციისადმი ნდობა სხვა ხარისხში აიყვანა.

ხელისუფლება პრეტენზიებს, ტრადიციულად, არ იზიარებს, არგუმენტად კი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ სტატისტიკა და გამკაცრებული კანონი მოჰყავს.  

იუსტიციის მინისტრმა მის უწყებაში დაფიქსირებულ პრობლემაზე მითითებას ჩვეული ირონიით უპასუხა: "სახალხო დამცველის ანგარიშში ლეგენდებზე დაფუძნებულ პრობლემაზეა საუბარი, ვითომ ციხეები ავტორიტეტების მიერ არის მართული. ველოდი, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების საკითხს შეეხებოდა, რაც რეალური პრობლემაა».


მან შესთავაზა სახალხო დამცველს, საპყრობილეები მასთან ერთად მოინახულოს:

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო, - ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის, რადგან ის ბევრ საქმეში ჩვენი პარტნიორი ყოფილა. თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარსაც თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება - არ ვიცი. ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“.

თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პირადი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ცხრა წლის წინანდელი სისტემა ნარჩუნდება:


“რასაც დღეს ლაპარაკობს ნინო ლომჯარია, ეს “მაყურებლები” «ნაცების» დროსაც იყვნენ, ოღონდ მაშინ მათ ახალაიას კაბინეტში ნიშნავდნენ… მაშინ თქვენი მორჩილი ამ სიტყვების ავტორი, ფაქტობრივად, დაინვალიდებული, თან ვებრძოდი სისტემას და თან ამ ნაძირალებს, ადმინისტრაციის ვირთხებს, რომელთაც «მაყურებლები» ერქვათ. დღესაც იგივე სისტემაა შენარჩუნებული: თან «ქურდულს აწვებიან» და თან ადმინისტრაციასთან კურკურებენ, - ასეთია ქართული ციხის არსი”.

სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიახლე არ აღმოჩნდა „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წევრი ირაკლი ქადაგიძისთვის, რომელიც შსს–ში მუშაობის დროს ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა.


„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ციხეში „მაყურებლების» ინსტიტუტი აღსდგა, გაჩნდა ციხის „ობშიაკები“ [ქურდული „სალარო“], ციხის „მაყურებლები“  პატიმრებს თანხების მობილიზებას აიძულებენ, ეს პატიმრები კი თანხას ოჯახის წევრებს სთხოვენ. წარმოუდგენელია, ინფორმირებული არ იყოს ციხის ადმინისტრაცია. ეს წლების პრობლემაა. ადმინისტრაციამ ყოველთვის იცოდა „მაყურებლების“ არსებობის შესახებ და მოქმედება ყოველთვის შეთანხმებულად ხდებოდა - „წესრიგს“ მათი მეშვეობით ამყარებდა, რომ არ მოხდეს „ბუნტი“, პატიმრების მხრიდან უკმაყოფილების მასობრივი გამოხატვა. ამ მიზნით ადმინისტრაცია ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს და დათმობაზეც მიდის. ეს დასაბამს იღებს საბჭოთა დროიდან, უბრალოდ იყო პერიოდები, როდესაც ეს ინსტიტუტი ქვეყანაში არ ფუნქციონირებდა, რადგან სახელმწიფოს დონეზე იყო აყვანილი კრიმინალის, „კანონიერი ქურდების“, შემდეგ „მაყურებლების“ წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა კი ვხედავთ, რომ კრიმინალური სამყარო ამ ქვეყანაში ატარებს არჩევნებს, აკონტროლებს არჩევნებზე მომსვლელებს, დარბიან სიებით და ის, რომ ციხეებში „მაყურებლები“ გაჩნდნენ, პირადად მე აღარ მიკვირს. პოლიტიკური პროცესების გაკონტროლებაც კი შესაძლებელია „მაყურებლების“ მეშვეობით, - ვგულისხმობ მათი ოჯახის წევრებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. „ქუჩის აქტივი“ ვიხილეთ. არჩევნების შემდეგ ქუთაისის ციხესთან ახალგაზრდები მივიდნენ ავტომანქანებით და შეუძახეს პატიმრებს, „მალე ყველანი თავისუფლები იქნებითო». ვიღაცას აკავებენ, ვიღაც კი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს“.

მისივე შეფასებით, მსგავსი სახის თანამშრომლობას რისკები ახლავს თან: უნდობლობა სახელმწიფოს მისამართით და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება კრიმინალური სამყაროს მიმართ:

„ეს ასე მუშაობს: „გჭირდები? - ეს უნდა გამიკეთი“ და ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროსთან ვალში დგება. კრიმინალურ სამყაროს კი მხოლოდ ფინანსური ინტერესი როდი აქვს. საქართველოს აქვს გამოცდილება, როდესაც იგი მთავრობის ფორმირებაში იყო ჩართული“.

მისივე დაკვირვებით, ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება კვლავ «რომანტიზებისკენ» იცვლება:

„განწყობები შეცვლილია: უბნებში ისევ დაიწყო „ქურდული ობშიაკების“ შეგროვება, მან არ იცის ასაკი და სოციალური მდგომარება.  ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც სკოლებში იკრიბებოდა „ობშიაკი“ და გვყავდა სკოლის „მაყურებლები». თუ სკოლაში მსგავსი ტენდენცია აღდგა, ჩათვალეთ, რომ მდგომარეობა უმძიმესია. არის ოპერატიული ინფორმაციები, რომ მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. ვცდილობთ მის გადამოწმებას“.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S