
NGO-ები – პარლამენტს: არ მიიღოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი
04/10/2023 08:31:19 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ "მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება".
"შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს.
დაინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021