
მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი "პრეზიდენტი" დააკავეს
04/10/2023 06:31:10 კავკასია
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი - არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არათიუნიანი. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იტყობინება.
პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, სააგენტო არ აკონკრეტებს.
მედია წერს, რომ ღუკასიანი, საჰაკიანი და კიდევ ერთი დაკავებული, ყარაბაღის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი, უკვე ჩაიყვანეს აზერბაიჯანის დედაქალაქში.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით სამხედრო ოპერაცია დაიწყო მთიანი ყარაბაღში. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობა ბაქოს პირობებს დათანხმდა. რეგიონის თითქმის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა სახლები.
27 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღის დატოვების მცდელობისას, დააკავეს არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაური, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი. მას სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდებები, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებაში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობაში.
29 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი, ასევე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021