Accentnews.ge
ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გამო „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებენ

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გამო „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებენ

23/09/2023 14:00:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, იმის მიუხედავად, რომ მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს მიღებული.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "უცნაური“ უწოდა.

„უცნაური გადაწყვეტილებაა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, წარედგინა მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა და ის დაუყოვნებლივ შეწყვეტდა მოქალაქეობას. მოგვიანებით, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ეს გააკეთა, პრეზიდენტმა აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შეცვალა. ეს უცნაურად გამოიყურება და საზოგადოებას ამაზე კითხვის ნიშნები უჩნდება. ეს არის განსამარტი იმის მიღმა, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნები კანონმდებლობასთან თავსებადი არაა. უფრო მეტად, საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. მგონია, რომ თავდაპირველად ოპოზიციამ ტაქტიკა აირჩია, რომ ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმე განსხვავებულად მოქცევას აპირებდა. გათვლა ჰქონდათ, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო. შემდეგ, როდესაც საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიცია და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ. სხვა ახსნას, მიზეზს და დასაბუთებას ვერავინ მოუძებნის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პრეზიდენტის ნაბიჯს ოპოზიციაშიც აკრიტიკებენ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების გადაწყვეტილებას "მორიგ მავნებლობად" აფასებს:

„სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს რაიმე სახით ეზღუდება ოთარ ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა. საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან".

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება "სამართლებრივად გაუგებარია" და "მეტი ახსნა სჭირდება":

„გარკვეულწილად, ეს ალბათ, პრეზიდენტის ტაქტიკაა მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე გითხრათ, სამართლებრივად გაუგებარია და ალბათ, ცოტა მეტი ახსნა სჭირდება ამას. კანონმდებლობა გარკვეულ ვადას იძლევა მოქალაქეობის, როგორც მიცემის ასევე წართმევასთან დაკავშირებით და თუ არ ვცდები, ეს ვადა პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ცალკეული ადამიანების, მათ შორის პოლიტიკოსების შემთხვევა, როდესაც ავტომატურად უწყდებოდათ მოქალაქეობა და ამ მოცემულობაში კი, ეს ასე არ ხდება, ამას სჭირდება დამატებითი განმარტება, რადგანაც ერთი არის სამართლებრივი ასპექტი და მეორე პოლიტიკური ასპექტი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დაზუსტება მაინც სჭირდება, რადგანაც ამ პოზიციამ ცალსახად დაბნეულობა გამოიწვია“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძემ პრეზიდენტს მოუწოდებს "დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა".

„ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილისმსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი რანგის, ვიდრე ფარცხალაძე იყო. იცით თქვენ, რომ ჯაშუში ჯაშუშის ტყავს არ დახევს. არანაირი გამოძიება საქართველოში არ იქნება. ცუდია, რომ პრეზიდენტი ამას ვერ ხვდება და დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ დგას საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა:

„საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც იმ პროცედურით მიიღებს მოქალაქეობას, ჩვენი ვალდებულებაა, შეუწყვიტოს მოქალაქეობა. არ ვიცი, მიზანი რა არის, რას ემსახურება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დატოვება. ეს ნიშნავს, რომ დარჩეს ქართულ იურისდიქციაში და მაქსიმალურად დააფარონ ხელი ღარიბაშვილმა და კობახიძემ. არ ვიცი, პრეზიდენტი კონსტიტუციაში როგორ ერკვევა, რამდენად კარგად იცნობს კონსტიტუციას, მას ჰყავს მრჩეველები. ვინც მას ეს უთხრა, არის ყველაზე მცირე, ბრიყვული რჩევა და უფრო შორს თუ წავალთ, ეს ჰგავს შეიძლება, ხელისუფლების პროვოკაციას, რომ ისეთი გარემოცვაა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელზეც გავლენა აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს. მოქალაქეობა არაფერ შუაში არ არის, კობახიძის განმარტებაც კი აბსურდულია. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ის უფლება, გარდა საარჩევნო და კონკრეტული უფლებებისა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ავტომატურად ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. ის რეგულაციაც სისულელეა, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, რადგან ეს გამონაკლისი უცხოელზე არ ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ ყველა რუსი დასანქცირებული პირი ჩამოვა და კობახიძემ ყველა ჯაშუშს მოუწყო ერთგვარი სამოთხე საქართველოში, ყველა სანქცირებულს. ამიტომ ვამბობ, შეცდომაშია შესული. მაქსიმალურად კორექტული ვარ და უფრო მეტიც შემიძლია, ვთქვა, მეტსაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ“.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა:

„ჩვენ ვამბობდით და არსად მიმაქვს ჩემი ნათქვამი. დიახ, ის, რომ ფარცხალაძეს ამ დრომდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

19 სექტემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", - ნათქვამი იყო პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S