Accentnews.ge
ძალუძს ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა შეაჩეროს?

ძალუძს ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა შეაჩეროს?

05/12/2019 13:18:38 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ცვლილებები გრძელდება. მოლდოვაში რეფორმების განხორციელების მომხრე მთავრობის დაშლასა და უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციას კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა – ამჯერად საქართველოში.  

14 ნოემბერს, საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უკან წაიღო მისი მთავარი პოლიტიკური დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე. 

აღნიშნულის შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ქუჩებში გამოვიდნენ, დაიწყეს პარლამენტის შენობის პიკეტირება და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.

როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები თანხმდებიან იმაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამომავლო ნაბიჯი საქართველოს მყიფე დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო უკუსვლის ზღვარზეა.

საქართველო, რომელსაც ხშირად განიხილავენ, როგორც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წამყვან ქვეყანად,  ცდილობს თავისი სუსტი დემოკრატიული სტრუქტურების კონსოლიდაცია მოახდინოს და უკან ჩამოიტოვოს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა.  

ტრადიციულ ერთპარტიული დომინირებას, პოლიტიკურ პოლარიზაციასა და პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად დაემატა არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ჩარევა, ანგარიშვალდებულების სტანდარტის არარსებობა.

მიუხედავდ იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განახორციელა სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული რიგი რეფორმა, მან ვერ შეძლო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და შედეგად მისი პოპულარობა შემცირდა. შესაბამისად, ალბათ, 2020 წლის არჩევნებში წაგების შიშით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნები შერეული – მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩაატაროს.

ოპოზიციასთან შედარებით, „ქართული ოცნება“ ფლობს ასიმეტრიულ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსებს და უმსხვილესი სატელევიზიო არხების სარედაქციო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი დარღვევა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი ვიხილეთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო დაძაბული იქნება და მთავრობამ შეიძლება, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა გზა გამოიყენოს. ამის შედეგი კი შეიძლება, დამღუპველი იყოს არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ ქვეყნისა და რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ამრიგად, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება, რომ იგი დარჩეს დემოკრატიული და მდგრადი განვითარების გზაზე.

ევროკავშირის ბერკეტი?

ევროკავშირს და ზოგადად დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა საკმარისი ბერკეტი საქართველოს პოლიტიკურ კლასზე, რათა ქვეყნისთვის ებიძგებინა წასულიყო სწორი მიმართულებით.

დასავლეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, ისევე როგორც 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების დროს – ამ ორმა მოვლენამ ხელი შეუშალა საქართველოს დაბრუნებას ავტორიტარულ პოლიტიკაში.       

ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც უწევს დახმარებას, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროკავშირის საქართველოს დახმარებას უწევს რეფორმების კუთხით, ამასთან, იგი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების მთავარი წყაროა.  ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო უწობს ხელს საქართველოს ინტეგრაციის ევროპულ სისტემაში და ქვეყნას სამეზობლოში საიმედო მოკავშირედ აქცევს. 

ამჟამად ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ სტრატეგიული ხედვა რეგიონის მიმართ და არ სურთ დემოკრატიის შემსრულებლის როლი ჰქონდეთ. ევროკავშირი უბრალოდ მხარს უჭერს რეგიონში სტაბილურობას, რაც რეგიონის რეალური ტრანსფორმაციისთვის საკმარისი არ არის. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი რეჟიმები დაინტერესებულნი არიან ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებით, ქართული საზოგადოება საკმარისად გაიზარდა საიმისოდ, რომ არ მოითმინოს ავტორიტეტული სტაბილურობა.   

ოლიგარქიული ინტერესებში ჩაფლული ქვეყანა კვლავ პოლიტიკურად გაყოფილია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ვინაიდან ქართული დემოკრატიის რღვევის საშიშროება ემუქრება, ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გზა არის მდგრადი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და კონსენსუსის საფუძველზე შექმნილი დემოკრატიული პროცესების ინსტიტუციონალიზაცია.

იქედან გამომდინარე, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეგიონში სტრატეგიული კონტექსტი მკვეთრად შეიცვალა, ევროკავშირმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას, საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების მიმართ ორგანიზაციის ერთგულების გაძლიერებით.

საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ისტორიული ნაბიჯი გადამწყვეტი ტესტის წინაშე დგას 2020 წლისთვის. ამასთან, ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ქვეყანა მეორედაც მოახერხოს  ძალაუფლების თანმიმდევრული მშვიდობიანი გზით გადაცემა.

იქედან გამომდინარე, რომ საქართველო აქტიურად მიჰყვება ევროპულ გზას და ევროპულ ფასეულობებს, ევროკავშირის ჩართულობა და ერთგულება საქართველოს საარჩევნო ტრანსფორმაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.   

ევროკავშირს არ უნდა იყოს მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ უნდა ჰქონდეს სააგენტო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას. 

ავტორები: პროფესორი კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

უფროსი მეცნიერ–მუშაკი ბიძინა ლებანიძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S