
თავდაცვის სამინისტრო: შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა
29/08/2023 09:51:59 თავდაცვა, საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შოვში, სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი „სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
- მანამდე, 7 აგვისტოს შოვში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი 48 წლის მირიან ჭელიძე გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 33 დაღუპული ადამიანიდან 31 პირი იპოვეს, 2 დაკარგული არასრულწლოვანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021