
ქარშეარინგის რუსული კვალი
24/05/2019 13:20:35 თვალსაზრისი, ანალიზი, ეკონომიკა
ელექტრომობილების გაქირავების ჯერ კიდევ ახალბედა პროექტი სკანდალში გაეხვა. კომპანია "აიქარის" „ქარშეარინგის“ პროექტმა, რომელიც ქალაქის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, მოქალაქეთა ინტერესი გამოიწვია და დაინტერესებულმა მომხმარებლებმა იმ ინფორმაციასაც მიაკვლიეს, რომლის შესახებაც ისინი საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. კერძოდ, მომხმარებელი სერვისით სარგებლობის პარალელურად საკუთარ პერსონალურ მონაცემებს გასცემს, რომელიც, როგორც ირკვევა, რუსულ სერვერზე იტვირთებოდა.
„გარემოსდაცვითი თემებით ვარ დაინტერესებული და როდესაც ქალაქის მერი მთელი თვის განმავლობაში არეკლამებდა, დავინტერესდი. დარეგისტრირება რომ ვცადე, შემაყვანინა ტელეფონის ნომრები, მთხოვდა მართვის და პირადობის მოწმობების ორივე მხარის სურათებს, ასევე „სელფი“ გადაიღე პირადობის მოწმობით ხელშიო. ბარათს რომ მივაბი და გადავიხადე, დამიწერა, “Спасибо за регистрацию, можете вернуться обрато по этому линку“. ვინაიდან პროგრამისტი ვარ, საიტის კოდში შევიხედე და ჩანდა, რომ მისი მთავარი სერვერი დევს რუსულ სერვერზე, რომელიც ფიზიკურად მოსკოვშია განთავსებული. გადავედი სერვერის საიტზე და აღმოვაჩინე, რომ „აიქარის“ ქართული აპლიკაცია იქაა „დაჰოსტილი“ და იქ ტვირთავ შენს ფაილებს. იმავე ჰოსტიდან გავედი ივან ლუკინის „ფეისბუქ“–ფეიჯზე, სადაც წერდა, “ჩვენ გავაკეთეთ ეს [აიქარის] აპლიკაციაო”. ორი დღის შემდეგ ყველაფერი შეცვალეს, დღეს ეს აპლიკაცია ქართულ საიტზეა “დაჰოსტილი”. კომპანია ისევ მალავს, რომ რუსულია და ლინკები, საიდანაც ჩანდა ეს, შეცვალეს, თითქოს ქართულია. 100%–იანი გარანტიაა, რომ რუსული სპეცსამსახურები ჩვენს პირად მონაცემებს მიიღებენ. გარდა ამისა, რუსები ცნობილნი არიან ჰაკერობით“,– აცხადებს პროგრამისტი უჩა აბაშიძე.
ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ყველა რუსულ კომპანიას მიესალმება, თუ ისინი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ“:
"ჩვენ მივესალმებით ქარშეარინგის პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ. ჩვენ ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ იგი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
“აქცენტი” დაინტერესდა, ფლობდა თუ არა მერია შესაბამის ინფორმაციას პროექტისადმი მხარდაჭერის გამოცხადებამდე.
„კომპანია ქართულია, ხოლო პროგრამა ვინ დაუწერა - ამას მერია ვერ გამოიკითხავს, მით უფრო, ჩვენთან ოფიციალურად არანაირი საბუთი არ შემოსულა, მხოლოდ და მხოლოდ ელექტროტრანსპორტის მხარდაჭერის ფარგლებში მერმა რამდენიმე პიარ-კამპანია აწარმოა, სხვა არანაირი შემხებლობა ჩვენ კომპანიასთან არ გვაქვს. ჩვენ პროგრამებს და ყველაფერს ვამოწმებთ იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მერიის მიერაა გამოცხადებული. ეს არ არის მერიის პროექტი. მერიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ელექტრომობილს, რომელიც ეკოლოგიური ტრანსპორტია და მიესალმა ელექტრომობილების შემოსვლას თბილისში“,– განუცხადეს „აქცენტს“ მერიაში.
თავად კომპანია რუსეთთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ აპლიკაციაში შეყვანილი პირადი მონაცემები მესამე მხარისთვის არ არის ხელმისაწვდომი:
„სრული პასუხისმგებლობით გვინდა, განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო - რუსეთისთვის“.
„აქცენტი“ სიტუაციის გარკვევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეეცადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება შესულია და მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. ხოლო სანამ მოკვლევა დასრულდება და მივიღებთ ცნობას, ბოლოს და ბოლოს, სად ვგზავნით საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, სპეციალისტები გვაფრთხილებენ.
„ქართულმა ფირმამაც რომ მოითხოვოს მომსახურებაში ამხელა ინფორმაცია, ისიც კი საეჭვოა, რისთვის ითხოვს, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. როდესაც გაიცემა პერსონალური მონაცემები – ფოტოსურათი, საცხოვრებელი ადგილი, საბანკო ბარათი და ა.შ, ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის შესახებ ამოაგდო ინფორმაცია. მაგალითად, სპეცსამსახურებს მხოლოდ ფოტოსურათი აქვთ პირის, რომელიც აინტერესებთ, - ამ გზით მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს შეუდარებენ და კონკრეტული პირის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნებათ“, – აცხადებს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პლატფორმის ხელმძღვანელი პაატა გიგაური.
უსაფრთხოების ექსპერტ ბესო ალადაშვილის თქმით, სპეცსამსახურისთვის წვრილმანი ინფორმაცია არ არსებობს და ნებისმიერი რამ შეიძლება, გამოიყენოს:
„როდესაც საქმე ეხება ტოტალიტალურ სახელმწიფოს - რუსეთს, სადაც ყველაფერი სპეცსამსახურებით იმართება, ქვეყნის ხელმძღვანელი პირებიც კი სპეცსამსახურის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები არიან, ბუნებრივია, ყველაფერი სპეცსამსახურების საჭიროებებზეა აგებული. დარწმუნებული ვარ, ყველა ინფორმაცია, - იქნება ის საქართველოს, აზერბაიჯანის თუ შეერთებული შტატების მოქალაქეების შესახებ, მოექცევა ერთიან სივრცეში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სპეცსამსახურებისთვის და ამ უკანასკნელს შეეძლება, იგი საკმაოდ ბევრი მიმართულებით გამოიყენოს. ვთქვათ, რომელიმე ქართველი მოღვაწე ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თავისი საქმიანობით რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სპეცსამსახურებს ამ პირის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი ჩაუვარდათ ხელში და აღმოაჩინეს, რომ ის სულ ახლახანს აქვს აღებული, ანუ გამოუცდელი მძღოლია; ასეთ შემთხვევაში უკვე ძალიან მარტივია, აქ არსებულმა აგენტურამ დაგეგმოს პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გაფრთხილებით ან ლეტალური შედეგით დასრულდეს და ამას “უბედურ შემთხვევას” მიაწერენ. სპეცსამსახურებისთვის წვრილმანი ინფორმაცია არ არსებობს და რამდენჯერ გამოიყენეს, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით. აღარ ჩამოვთვლი, ბოლო 10 წელიწადში რამდენი ე.წ. თვითმკვლელობა, გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალება მოხდა, თან ცნობილი პიროვნებების, რომლებიც გამოუძიებელია. ეს ხალხი ისეთ სამსახურებში მუშაობდა, გადაკვეთა ყოველთვის იყო რუსეთთან. არავინ ვართ დაზღვეულები და არავინ ვიცით, როგორ გამოიყენებს სპეცსამსახური ინფორმაციას“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021