
ხელისუფლების საარჩევნო ვნებანი
29/11/2019 17:21:49 თვალსაზრისი, ანალიზი
ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენმდივანი კახა კალაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემას “დახურულად” აცხადებდა და ამცნობდა საზოგადოებას, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის აწ მოქმედი - შერეული სისტემა შენარჩუნდებოდა, რომელიც, «ოცნების» შეფასებით, «დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება»; ჯერ კიდევ ორი დღის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავდაჯერებით მოძღვრავდა ოპოზიციას, «რაც არ უნდა თავი ურტყათ, არაფერი გამოვაო“, თან იმასაც ამატებდა, „ელჩებს შევხვდი არაერთხელ და კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ კითხულობს იმას, რომ ჩვენ [ხელისუფლებამ – რედ.] დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთო”; ჯერ კიდევ გუშინ მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” არსებობას ოკუპაციისა და სიღარიბის გამოწვევებს უთანაბრებდა.... დღეს კი იგივე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოულოდნელად გამოაცხადა, „ანგარიშს ვუწევთ დიპლომატიურ კორპუსს და ელჩების თანდასწრებით ოპოზიციასთან ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს 30 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილავთო“…
ვინ ან რამ გაატეხინა 14 ნოემბრიდან გაჯიქებულ და საჯაროდ დადებული პირობის დამრღვევ ხელისუფლებას იხტიბარი – მმართველი ძალის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა იმაზე, თუ რა განწყობით ემზადება 30 ნოემბრის შეხვედრისთვის “ქართული ოცნება”, ალბათ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება მეტყველებს: "კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ალბათ და აუხსნიან [ოპოზიციას – რედ.] უკვე ოფისის პირობებში, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას არ შეესაბამება. სულ ეს არის“.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ელჩებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი არ იყო.
„გარკვეული კონსულტაციები და პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასა და კონკრეტულად საელჩოებს, რომლებიც წარმოდგილები არიან საქართველოში, აქვთ ხელისუფლებასთან ამ თემასთან დაკავშირებით და ეს აშკარად ჩანს. გარდა ამისა, კობახიძის განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ უცხოელი დიპლომატები არა მარტო აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს, არამედ შეწუხებულებიც არიან ამ მოვლენებით და ამის დასტური შუამავლობა და აქტიური პოზიციის გამოვლენაა. მმართველი ძალა იძულებული გახდა, რაღაცნაურად გაეწია ანგარიში.
– შეიძლება თუ არა, ხელისუფლების მხრიდან უკან დახევაზე ვისაუბროთ?
–ჯერ–ჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს მმართველი ძალის უკან დახევას ნიშნავს, რადგან შეხვედრის შედეგი ჯერ უცნობია. მაგრამ გადაწყვეტილება, რომ დიალოგი გამართონ და „გერმანული მოდელი“ განიხილონ, ხელისუფლების მხრიდან სახის შენარჩუნების მცდელობას ჰგავს.
–მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადებაც... თქვენი აზრით, აქვს თუ არა ხელისუფლებას კომპრომისის მიღწევის რეალური ნება, თუ შეხვედრაზე დათანხმება უბრალოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის “თვალის ასახვევად” მიღებული გადაწყვეტილებაა?
–ეს შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე გამოჩნდება. დღეს ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით, რადგან არ არის გამორიცხული, „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ როგორც ხისტი, ისე რბილი პოლიტიკის მომხრეებიც და რომელი ფრთა გაიმარჯვებს, არ ვიცით. ვიცით ის, რომ ივანიშვილის სიტყვას აქვს სერიოზული მნიშვნელობა და დანარჩენი – მას ვინ აწვდის ინფორმაციას და ვის აქვს მასზე ზეგავლენა - ეს კიდე ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ხელისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ნდობა შეერყა და ეხლა ცდილობს, რაღაცნაირად აღიდგინოს რეპუტაცია. ჩემი აზრით, მათ უნდათ, აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ხელისუფლებაა კონსტრუქციული, ხოლო ოპოზიცია - რადიკალური და უპასუხისმგებლო და შექმნილი რეალობის მიღება არ სურს.
– ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამუდმებით ისმოდა არასასიამოვნო შეფასებები ოპოზიციის მისამართით, მთელი პროტესტი ლამის “ნაციონალური მოძრაობის” რევანშისტულ მცდელობებამდე დაიყვანეს, თავად “ნაციონალური მოძრაობის” ქვეყანაში ამ დრომდე არსებობა კი ოკუპაციისა და სიღარიბის გამოწვევებს გაუთანაბრეს. ამასთან, დღეს დილით ირაკლი კობახიძე აცხადებდა, „ოპოზიცია კრიზისშია, 200 კაცზე მეტს ვერ კრებსო“, ორიოდ საათში კი ირკვევა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შეხვედრის გამართვას გეგმავს...
– ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია არც ისე უსუსურია, ასევე იმაზეც, რომ ხელისუფლებას სურს, 2020 წლის არჩევნებმა რაღაცნაირად ლეგიტიმურობა არ დაკარგოს. მაგალითად, არსებობს რისკი, რომ თუ ხელისუფლებას ზედმეტად ხისტი პოზიცია ექნება, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადოის არჩევნებს, რაც აბსოლუტურად დააზარალებს როგორც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ასევე თვითონ ხელისუფლებას, რადგან ასეთ არჩევნებს არავინ მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერიოზულ კრიზისში შევალთ და ამან შეიძლება, კიდევ უფრო გაამწვავის ქვეყანაში სიტუაცია.
ცნობისთვის: 20-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. თუმცა 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. აღნიშნულის შემდეგ რიგმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობები, მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
უმრავლესობის მიერ პირობის არშესრულებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი პროტესტის განახლება და ერთიანი მოთხოვნების ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოჰყვა. მოთხოვნა კი ასე ჟღერს: დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მინიმუმ, თვენახევარი და ხმების 3/4 სჭირდება, რომლის მობილიზებასაც, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, იგი ვერ ახერხებს, ოპოზიციამ ხელისუფლებას ალტერნატივად ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი შესთავაზა.
ცნობისთვის: გერმანულ მოდელი ასევე შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, თუმცა დღეს არსებული საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით.
«შემოთავაზებული მოდელი იძლევა იმის გარანტიას, რომ ერთპარტიულ საპარლამენტო უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს, რომელიც ხმათა რაოდენობის ნახევარზე – 50%-ზე ნაკლებს მოიპოვებს. მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით კი, პარტიამ, რომელიც ხმათა ნახევარზე ნაკლებს მიიღებს, შეიძლება, მიიღოს პარლამენტში ადგილების, მაგალითად, 77%, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, – ამას მანდატების სამართლიან განაწილებას ვერანაირად ვერ უწოდებ», – აცხადებს ყოფილი დეპუტატი “რესპუბლიკური პარტიიდან”, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
ამასთან, როგორც ხმალაძე ამბობს, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი გერმანულს სრულად არ ემთხვევა: მასში შენარჩუნებულია მხოლოდ პროპორციულობის პრინციპი, როცა პარლამენტში სავარძლების რაოდენობა პარტიის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმებისას შეესაბამება. იმ პირობით, რომ ამ სავარძლებს იკავებენ უპირველესად პარტიული კანდიდატები, რომლებმაც მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს. ამასთან, ამომრჩევლის ამოცანა უცვლელი რჩება: მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ორი არჩევანი: ერთი - პარტიის, მეორე – ამა თუ იმ მაჟორიტარული ოლქიდან კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ.
«რა წარმოადგენს მსგავსი მიდგომის საფუძველს? - ის, რომ ამომრჩეველს შეიძლება, მოსწონდეს ესა თუ ის კანდიდატი პიროვნულად და ის აირჩიოს, მაგრამ ვინაიდან ეს კანდიდატი ამავდროულად პარტიის წარმომადგენელიცაა, ხოლო პარტიისადმი თავისი დამოკიდებულება ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა, მისცა რა ხმა ამა თუ იმ პარტიას, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში არ უნდა აღემატებოდეს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებიც მას მხარს უჭერენ», – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
«ოცნებაში» ირწმუნებიან, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე ამ დღეებში “იმედის” პირდაპირ სატელევიზიო ეთერში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთ ექს-სპიკერთან, “რესპუბლიკელ” დავით უსუფაშვილთან სატელევიზიო დებატებში ჩაება. მისი მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ დებულებას, რომლის თანახმად, პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს 150 დეპუტატით, რომელთაგან 77 პროპორციული სისტემით შევა, 73 – მაჟორიტარულით. გერმანული მოდელი კი, კობახიძის შეფასებით, არსობრივად, 150-ვე სადეპუტატო სავარძლის პროპორციული სისტემით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
«საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მარტივი რამ გვიწერია: 2020 წელს პარლამენტი უნდა შედგებოდეს პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარულით არჩეული 73 წევრისაგან. ეს სიტყვა-სიტყვითაა ნათქვამი. ლოგიკა მარტივია. როცა გერმანული მოდელის, მისი “კონსტიტუციურობის” სასარგებლოდ ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ პუნქტი იმის შესახებ, რომ «მანდატების განაწილების წესი საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება”, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციაში წერია, თუმცა ამ დებულებას თავისი ჩარჩოები აქვს» - განაცხადა კობახიძემ.
ილიას უნივერსიტეტთან არსებული სამართლის სკოლის საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკ კუპრავა კი, მთელი რიგი სხვა ექსპერტების მსგავსად, მიჩნევს, რომ გერმანული მოდელის ქართული ვერსიის ირგვლივ დავა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი:
«ეს მოდელი აკეთილშობილებს სადღეისოდ მოქმედ სისტემას და მას უფრო სამართლიანად აქცევს. შინაარსობრივად ეს მოდელი, საბოლოო ჯამში, უახლოვდება პროპორციულ სისტემას. ეს კი მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც რაღაც არგუმენტების მოშველიებას ცდილობს - “კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო”. ეს მოდელი კონსტიტუციურია და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს (…), უბრალოდ ეძებენ მიზეზს მასზე უარის სათქმელად და არსებული მახინჯი სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც მმართველ ძალას უსამართლო უპირატესობას ანიჭებს».
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021