Accentnews.ge
რა საკითხები არ მოხვდა სუს–ის ანგარიშში

რა საკითხები არ მოხვდა სუს–ის ანგარიშში

07/07/2023 13:15:11 ანალიზი

ბოლო ორი დღეა, პოლიტიკური დებატების საგანი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი გასული წლის შეფასების ანალიზი, რომელსაც დღეს, 7 ივლისს პარლამენტში განიხილავდნენ. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა ანგარიშში მოყვანილ ზოგად შეფასებებს, დასმულ აქცენტებს და გამოყენებულ ფორმულირებებს, მათ შორის, დესტრუქციული ძალების თაობაზე, რომლებიც თითქოს ცდილობდნენ უკრაინის ომის თემის შიდა ვითარების გასამწვავებლად გამოყენებას, ქვეყნის ურთიერთობის დაძაბვას სტრატეგიულ პარტნიორებთან და რომ არ იყო გამორიცხული მათი შესაძლო კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ფორმულირებებს ხშირად მიმართავენ მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერები, გაჩნდა განცდა, რომ სუს–ი სწორედ პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰყავდა მხედველობაში. ამდენად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ანგარიში პარტიის პოლიტიკურ დოკუმენტს უფრო ჰგავს, ვიდრე საფრთხეების ადეკვატურ ანალიზს. მოგვიანებით სუს–ის წარმომადგენელმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, მხოლოდ ის თქვა, რომ ოპოზიცია არ იგულისხმებოდა და საუბარია ადამიანებზე, ჯგუფებზე, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებას გეგმავდნენ. ამდენად საკითხი კვლავ ბუნდოვანი დარჩა.

„ანგარიშში ნახავთ, რომ ყველაფერი კარგად არის. რეალურად კი ეს სამსახური უკვე რა ხანია, იქცა ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად და მოპოვებული მასალებით ხდება ოპონენტებზე ზეწოლა“,– თქვა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას დაკვირვებით, ვრცელი ანგარიშის მხოლოდ ერთი თავი აღწერს ადეკვატურად მოცემულობას.

„ამ ვრცელ ანგარიშში მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ თავშია ადეკვატურად ასახული ის ანექსიური პროცესები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს „პრაგმატული პოლიტიკის“ ფონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო 2012 წელს. ოკუპაციიდან ანექსიამდე მივედით და ამ მოცემულობაში არ გვაქვს დეოკუპაციის სტრატეგია. არათუ რამეს ვაკეთებთ, რომ დავუპირისპირდეთ ანექსიურ პროცესებს, გვაქვს „მეორე ფრონტის“ პროპაგანდა [ამაზე საუბრობს მმართველი გუნდი – რედ.]. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ეს დეზინფორმაცია კრემლის მხრიდან გამოყენებულია ანექსიური პროცესების გასაძლიერებლად. ეს ნაწილი ადეკვატურად ასახავს რეალობას, თუმცა მეორე ნაწილში არის პოლიტიკური შეფასებები – „რადიკალური ძალები“, რაც ხშირად გვესმის ქართული ოცნების მხრიდან“,– თქვა თემის კომენტირებისას დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

დეპუტატები ანგარიშის წარმდგენის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის პასუხებითაც უკმაყოფილონი დარჩნენ მათ მიერ დასმულ კითხვებზე „ზოგადი ხასიათის“ ან კომენტარზე უარის თქმის გამო. ამასთან, მათ ყურადღება მიაქციეს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც არსებულ მოცემულობაში აქტუალურია, განსაკუთრებით უსაფრთხოების კონტექსტში, თუმცა ანგარიშში ვერ მიაკვლიეს, ან თუ მოხვდა, შერბილებული ფორმით, ვიდრე ეს წინა ანგარიშების შემთხვევაში იყო. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საილუსტრაციოდ რამდენიმე თემა გამოყო:

  • „თუ ვსაუბრობთ რუსეთის „ჰიბრიდულ ომზე“ და იმ ბერკეტებზე, რომელთაც ის საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, არსადაა საუბარი ეკონომიკურ ბერკეტებზე, რუსეთის ეკონომიკაზე მიბმაზე, რაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვის თუ არა ჩვენ უნდა გვახსოვდეს 2006 წლის ეკონომიკური ემბარგო, რომელიც რუსეთმა საქართველოს დაუწესა და მნიშვნელოვანი გამოწვევა შექმნა ამით საქართველოში;
  • არსად არაა საუბარი ენერგომატარებლების ტრანზიტზე, სატრანზიტო დერეფნებზე. როდესაც არსებულ მოცემულობაში ეს თავი არ გვაქვს, ცხადია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა;
  • ანტიდასავლური კამპანია, რომელიც ყოველთვის ამ ფორმულირებით იყო მოხსენიებული ჰიბრიდული ომის თავში, გამქრალია და ტონალობა შერბილებულია;
  • ისევე როგორც სხვა საკითხები, იქნება ეს ეკონომიკური ექსპანსია, საზოგადოების შიგნით შუღლის გაღვივება და პოლარიზაცია – აბსოლუტურად შერბილებული ფონით არის წარმოდგენილი“.

„ეს არის პოლიტიკური შეფასებები და არა უსაფრთხოების ჭრილში გაკეთებული ადეკვატური ანალიზი“ – აჯამებს დეპუტატი.

მისი ხედვით, პოლიტიკურად სუს–ი არა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში, არამედ პარტიის მსახურებაშია და ამას მოწმობს არა მხოლოდ ანგარიშის პოლიტიკური ენა, არამედ მოცემულობა, როდესაც სავარაუდოდ, სუს–ის თანამშრომელია ჩართული კრიტიკული მედიის წარმომადგენელზე თავდასხმების ორგანიზებაში: „ეს სახიფათოა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოება ახლა ყველაზე მძიმე პერიოდშია შესული (გამომდინარე უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან, საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებიდან სავარაუდოდ ჯაშუშური საქმიანობით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ), ხოლო „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გუშაგი ჰყავს და არა ინსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი! ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის ქმნის გამოწვევებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ უსაფრთხოების კონტექსტში!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S