
Amsterdam & Partners LLP: გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია, ვაპირებთ, აგრესიულად ვიმოქმედოთ
07/07/2023 06:59:58 სამართალი
საერთაშორისო იურიდიული ფირმა "Amsterdam & Partners LLP" საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს გმობს და "დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის" ბრალდებას „პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.
ამის შესახებ Amsterdam & Partners LLP–ს განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც ფირმამ "აქცენტს" მიაწოდა.
"ჩვენს ფირმას აქვს პატივი იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველმა და ჩვენ ვაპირებთ აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უფლებების დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ბრალდებების სათავე არ ეფუძნება არცერთ ფაქტობრივ დასკვნას და არც სერიოზულ გამოძიებას, სამაგიეროდ, ბრალდებები, როგორც ჩანს, დევნის შედეგია. გიორგი ბაჩიაშვილი არის წარმოუდგენლად დიდი გამოცდილების მქონე მეწარმე უნაკლო რეპუტაციით, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ბრალდებები ქვეყნის სირცხვილია და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც ქვეყნის შიგნით – ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა Amsterdam & Partners LLP-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა რობერტ ამსტერდამმა.
ცნობისთვის: 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა".
მოგვიანებით, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021