
ბაჩიაშვილს 2,5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა
06/07/2023 16:52:02 სამართალი
„ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდება 3 მილიონ ლარს მოითხოვდა. ბრალდებულს გამოძიების დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
მან მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან. თქვა, რომ თავადაც გაოგნებულია ბრალდებით. ამასთან, აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამი კვირის წინ ჩამოვიდა და ქვეყნის დატოვება რომ სდომოდა, არც ჩამოვიდოდა.
„არ ვიცი, გაოგნებული ვარ. 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება დააბრალო“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა და დასძინა,"ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს“.
საქმე არ ეხება 2017 წლის ეპიზოდს. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურას ინვესტორის ვინაობა არ გაუმჟღანებია, მხოლოდ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებლნი არიან დაზარალებულთან და გაუგებარია, რატომ გახსენეს ეპიზოდი 8 წლის შემდეგ, მით უფრო, რომ მისი მტკიცებით, არსებობს "ბანკ ქართუს" სასესხო ხელშეკრულება და მისი დაფარვის მტკიცებულება.
საქმის პროკურორმა პროცესის შემდეგ თქვა, რომ გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021