Accentnews.ge
«კარასინი ზოგჯერ უბრალოდ «გვტროლავს»

«კარასინი ზოგჯერ უბრალოდ «გვტროლავს»

01/03/2019 15:12:56 თვალსაზრისი, ინტერვიუ

ინტერვიუ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან: 

გიორგი, 27 თებერვალს მუქარანარევი განცხადებები ერთბაშად ორი რუსი მაღალჩინოსნისგან – თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინისგან მოვისმინეთ. ორივე შემთხვევაში თბილისისადმი მთავარ პრეტენზიად, ტრადიციულად, NATO-სკენ სწრაფვა დასახელდა. თუმცა იმავე დღეს პრაღაში დაგეგმილი იყო გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, რომელზეც ამჯერად «ტვირთბრუნვის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ» რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზეც უნდა ემსჯელათ. როგორ ფიქრობთ, შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს დროში შოიგუსა და კარასინის განცხადებები, თუ ეს თბილისზე მორიგი ზეწოლის მცდელობა იყო? თუ კი, მაშინ რომელ თემასთან მიმართებაში და რა მიზნით?

- ზოგადად, შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა არც გასაოცარი მომხდარა რამე. გასაკვირი ის იქნებოდა, კარასინს რომ ეთქვა, „სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ ქართველებსო“, - ეს იქნებოდა გასაკვირი და, მეტსაც გეტყვით, საშიშიც: თუ ჩვენი დამოუკიდებლობის მეორედ აღდგენიდან დღემდე პერიოდს გადავხედავთ, რუსეთთან ურთიერთობები საქართველოსთვის მუდამ უსიამოვნო მოულოდნელობებით იყო სავსე.

რაც შეეხება საკუთრივ ნატო-სთან დაკავშირებულ მორიგ პრეტენზიებს, რუსული საგარეო პოლიტიკის ერთგვარი ხაზია, არ დაუშვას დასავლური კოალიციების მიახლოება მის საზღვრებთან. ამ კონტექსტში განიხილავს მოსკოვი საფრთხედ NATO–ს აქტიურობას აღმოსავლეთით და ეშინია, ეს ქვეყნები NATO–ს წევრები გახდნენ, ან განსაკუთრებული თანამშრომლობის რეჟიმი ჩამოაყალიბონ. აქედან გამომდინარე ახსენა კარასინმა რაღაც „უსიამოვნო მოულოდნელობები“ და მართალია, შემდეგ განაცხადა, „პირიქით, იმისკენ ვუბიძგებთ ქართველებს, რომ ჩვენს ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოსო“, მაგრამ ამგვარი ორაზროვნებაც ერთ-ერთი მახასიათებელია რუსული პოლიტიკის. მის მიღმა კი იკითხება შემდეგი გზავნილი: თუ საქართველო გააგრძელებს ურთიერთობების ინტენსიფიკაციას დასავლეთთან, რუსეთი მოახდენს სტატუს–ქვოს უფრო მეტად განმტკიცებას, არსებული არასასურველი ვითარების ხელშეწყობას.

თუმცა რუსეთი ხომ ამას ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს და ამის ისტორიული პრაქტიკა უკვე გვაქვს: 1994–1999 წლებში პრაქტიკულად მიტმასნულები ვიყავით რუსეთის ფედერაციის კალთას, მის პოლიტიკურ დღის წესრიგს ვატარებდით, საქართველოში ძალოვან მინისტრებს ნიშნავდნენ კრემლის რეკომენდაციით, მაგრამ ამას მოსკოვისგან საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პოზიტიური გზავნილი, დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, როგორც კი პირველი დამოუკიდებელი ეკონომიკური პროექტი - ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენი გაჩნდა, რუსეთმა საქართველოს პრეზიდენტს ტერაქტი მოუწყო; 1997 წელს რუსული მოდელით საქართველოს კონფედერაცია (რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ფაქტობრივ მოსპობას ნიშნავდა) რომ ვერ შედგა, მეორედ მოაწყვეს ტერაქტი; გალში მცირე ომი და უამრავი სხვა ნეგატიური სიურპრიზი გვქონდა.

დღეს რუსეთი აცნობიერებს, რომ რაც მეტად ითანამშრომლებს საქართველო დასავლეთთან, მეტად გაიზრდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ინტენსივობა. ეს მას აშფოთებს: დემოკრატიული ხელისუფლება გარედან რთულად მანიპულირებადია და მას გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის ეშინია. მეორეც, რაც უფრო მეტად მიებმება საქართველო დასავლეთს სამხედრო–პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მით მეტად დაშორდება რუსულ ორბიტას და მოსკოვს შეეზღუდება საქართველოსა და უკრაინაზე ზემოქმედების ბერკეტები.

კარასინმა საქართველოსადმი პრეტენზიის გამოთქმისას ისიც აღნიშნა, «საკმაოდ ხშირად იქ ნატო-მასშტაბური წვრთნები ტარდება და საქართველო ხელს უწყობს იმასრომ მასში რეგიონის სხვაქვეყნებმამაგალითად სომხეთმა მიიღოს მონაწილეობაო“. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

- ზოგადად, საქართველოსთვის არ არის კარგი, რომ რუსეთის მსგავსი მეზობელი სიტუაციას ასე უყურებს, თუმცა ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ რუსები გრძნობენ, როგორ კარგავენ თანდათანობით კონტროლს ვითარებაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

რეალურად, რაც სომხეთს დასალეთთან კომუნიკაციაში აქვს დაბრკოლებად, ეს არის მისი გეოპოლიტიკური ტყვეობა ყარაბაღში გამარჯვების შედეგად. ეს რომ არა, შესაძლოა, სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობაში ჩვენზე ბევრად წინ ყოფილიყო. დღეს მას ეს არ შეუძლია, რადგან იზოლირებულია, «ჩამოკიდებული» რუსეთზე და საგარეო პოლიტიკური არჩევანი გარკვეულწილად შეზღუდული აქვს. შესაბამისად, სომხეთის მცდელობა, გამოვიდეს იზოლაციიდან და თავისუფალ სამყაროსთან არხი გაიხსნას, ცხადია, მიუღებელია რუსეთისთვის. ის გრძნობს, რომ სომხეთის დეიზოლაცია რუსულ გავლენას მნიშვნელოვნად შეასუსტებს და მიზეზებს ეძებს. ერთ–ერთი მიზეზი კი ვართ ჩვენ, როგორც დასავლეთთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი ეძებს სომხეთისთვის, თორემ რეალურად, ჩვენი ურთიერთობები ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებს.

მეორეს მხრივ, პრობლემა თავად რუსეთშია: ქართულ–რუსული, ან სომხურ–რუსული ურთიერთობების მანძილზე თუნდაც ერთი დღე, თუნდაც ექსპერიმენტის სახით ეცადა და ყოფილიყო კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების მხარდამჭერი სუბიექტი, სულ მცირე, პატივი ეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, - შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებთან ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონოდა. როდესაც რუსეთი საქართველოსგან ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველების საერთაშორისოდ აღიარებული ეთნოწმენდის განმახორციელებელი სეპარატისტული რეჟიმების მართვის პირობებში, ეს ცინიკური და შეურაცხმყოფელია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვს სწორად არ აქვს გააზრებული არსებული კონტექსტი და ზოგადად, არც სომხეთს, არც საქართველოს რუსეთში სრულფასოვან სახელმწიფოებად არ თვლიან.   

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფაშინიანი [სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი] რუსეთისთვის მაინცდამაინც სასურველი კადრი არ არის, გაცილებით იოლი იყო ზემოქმედება სომხეთის წინამორბედ ხელისუფლებაზე: ის უფრო მეტად ავტორიტარული იყო, სარგებლობდა ნაკლები სახალხო მხარდაჭერით. ლიბერალურ დემოკრატიებში კი ხელისუფლება მეტწილად დამოკიდებულია მისი ელექტორატის კმაყოფილებაზე, შესაბამისად, მთავრობა ექვემდებარება მანიპულაციას საზოგადოების და არა გარე აქტორების მხრიდან.

კარასინის მიერ იმ განცხადებაში სომხეთის ხსენება პრობლემაზე მიუთითებს: ბოლო პერიოდში სომხეთსა და რუსეთს შორის იყო მომენტები, რომელიც შეიძლება, არ იწვევდეს სომხური მხარის კმაყოფილებას, - დაწყებული ირანთან ენერგეტიკული პროექტების ჩაშლით, დამთავრებული აზერბაიჯანთან სამხედრო–ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობით. ეს სომხებში სერიოზულ გულისწყრომას იწვევს. რუსეთი და სომხეთი ОДКБ–ს წევრები არიან და როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიძაბა ურთიერთობა,  რუსეთს ერთი ქმედითი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ დაიცავდა სომხეთის ინტერესს, როგორც NATO–ს წევრები აკეთებენ მათ პარტნიორებთან მიმართებაში. უბრალოდ რუსეთს ურჩევნია ამ ყველაფრის მობმა საქართველოზე, ვიდრე საკუთარი პოლიტიკის მცდარობაზე.

ისევ პრაღის შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ,  საინტერესო იყო კარასინის მიერ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კიდევ ორი ასეთი განცხადება: 1) „ვცდილობთვუბიძგოთსაქართველოს იმისკენრომ ჩვენს ურთიერთობებში არასასიამოვნო მოულოდნელობები არ იყოსო“; 2) „პრაღის შეხვედრის მთელი ტონალობა ერთ სავაზნეში იყო იმასთანრის შესახებაც ზურაბ აბაშიძემჩემთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა“. თავად ზურა აბაშიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილს პრაღის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მის რეზიდენციაში სტუმრობისას «მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა, როგორც მმართველი პარტიის ლიდერს» და რომ «ივანიშვილისგან კარასინთან პრაღაში არანაირი გზავნილი არ წაუღია». ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოსმმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთსა და აშშ–სურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს აძლევსმოსკოვმა კი ამით გვითხრარომ «კარგად იცისრაზევესაუბრებით ქართველები ამერიკელებსშეგვახსენარომ მათთან სხვა შეთანხმება გვაქვს და თუ ჩვენმას დავარღვევთმათი მხრიდან სიურპრიზები გველის“მსგავსი მოსაზრება აქვს ოპოზიციასაც: «პრაღის ფორმატი ივანიშვილისთვის რუსეთთან ვაჭრობის პლატფორმაა იმ «წითელ ხაზებზე»,რომელიც თბილისმადასავლეთთან ურთიერთობისას არ უნდა გადაკვეთოს». ზოგიერთები ამავეკონტექსტშიგანიხილავენ ანაკლიის პორტის საკითხსაცთქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ამ კითხვაზე  სრული პასუხი რომ გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და აბაშიძემ. თუმცა ჩემი აზრით, ეს კარასინის მხრიდან საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობა იყო არაფორმალურ მმართველობაზე მინიშნებით: აბაშიძე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელია და არა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, შესაბამისად, კარასინის მხრიდან აქცენტირება იმაზე, რომ ის ისმენდა არა საქართველოს მთავრობის, არამედ ივანიშვილის გზავნილებს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დისკრეტიტაციას თუნდაც ჩვენსავე თვალში, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო პარტნიორებზე.

ზოგადად, აბაშიძე–კარასინის შეხვედრების შემდეგ კარასინის კომენტარებზე მრჩება განცდა, ამ ადამიანმა კარგად იცის, რომ მის თითოეულ სიტყვას საქართველოში დიდი მედიაგამოხმაურება მოჰყვება და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ «გვტროლავს» კიდეც. მე მეტი ცინიზმი დავიჭირე, ვიდრე შინაარსობრივი საუბარი. მისი განცხადება საინტერესო იმდენად იყო, რამდენადაც მანამდე ამ თემაზე განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ამიტომ ვისაუბრე ამდენი, თორემ კარასინი ყოველი შეხვედრის შემდეგ ცდილობს ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციას.

კარასინმა საქართველოს პირველ პირებს ნატო-სკენ «დაჩქარებული» სწრაფვა, ასევე განცხადებების«სიხისტე» დაუწუნა და უკრაინული სცენარით დაგვემუქრა - «იქაც ასე იწყებოდა ყველაფერიო». რამდენად რეალურად გეჩვენებათ მსგავსი პერსპექტივა  და ხედავთ  თუ არა სადღეისოდ ამის რაიმე წინაპირობებს?

- გააჩნია, რას მოიაზრებს კარასინი „უკრაინულ სცენარში“. ულტრა–პრორუსული ხელისუფლება დაემხო, ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია განახორციელა, – ეს მოხდა უკრაინაში. აფხაზეთსა და ცხინვზალში ანექსიის ნიშნები უკვე არსებობს. 2014 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, იქ დამოუკიდებლად ფაქტობრივად არც არაფერი ხდება, ადგილზე რუსული სპეცსამსახური მართავს სიტუაციას. ეს ტერიტორიები იმართება ისე, როგორც რუსეთის განაპირა, ჩამორჩენილი და მოუვლელი ტერიტორიული...

რა რჩება მაშინ? რა შეიძლებოდა, ეგულისხმა კარასინს - მთელი ქვეყნის ოკუპაცია? ნაკლებ სავარაუდოა, მთელი ტერიტორიის ოკუპაციაზე იყოს საუბარი. ხოლო თუ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატისტული განწყობების გაღვივებაზე მიგვანიშნა, ამას რუსეთი ნებისმიერ შემხვევაში ეცდება, თუკი საშუალებას მივცემთ. ჯერ–ჯერობით საამისო ნიადაგი არ არის და თუ ძალიან არ მოინდომა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და რაღაც სისულელეები არ ჩაიდინეს, არც უნდა გაჩნდეს. ელემენტარულად, ნორმალური საინფორმაციო მუშაობაა საჭირო ამ ხალხთან და არა მხოლოდ. მნიშვნელოვანია დომინანტ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთან მუშაობაც.

საქართველოს ხელისუფლება რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - «აზერბაიჯანი გაზის მოწოდების კუთხით მონოპოლისტი არ უნდა იყოსო». აზერბაიჯანმა საქართველოში იურიდიულ პირებს გაზი გაუძვირა. გუშინ, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აკეთებდა განცხადებებს, სომხეთის პრემიერ–მინისტრი ირანში იმყოფებოდა და სხვა თემებთან ერთად, გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში საქართველოსთან ერთობლივი (სამმხრივი და ოთხმხრივი – რუსეთის ჩართვით) პროექტების პერსპექტივებზე მსჯელობდა. ამას წინ უძღოდა ცოტა ხნის წინ პრემიერების ნიკოლ ფაშინიანისა და მამუკა ბახტაძის მოულოდნელი არაფორმალური შეხვედრა საქართველოში და შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში.  ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს ჩამოთვლილ მოვლენებს შორის და თუ კი, რასთან გვაქვს აქ საქმე?

სომხეთ–ირან–საქართველოს სატრანზიტო ღერძი უკვე დიდი ხანია, განიხილება. ეს საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და შეიძლება, ითქვას, მნიშვნელოვანიც. უბრალოდ ერთი პრობლემაა და ეს პრობლემა ისევ და ისევ რუსეთშია, რომელმაც ერთი ასეთი ენერგოპროექტი უკვე ჩაუგდო სომხეთს. ეს ბევრად უფრო საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე რუსული გაზი, მაგრამ სომხეთის გავლით საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ გაზი რუსულ მილებში გაივლის: სომხეთში ხომ მილსადენი ინფრასტრუქტურა მთლიანად „გაზპრომის“ საკუთრებაშია. ამდენად, ეს, სულ მცირე, იმოქმედებს გაზის ფასზე და ეს ტრანზიტი გარკვეულწილად, მაინც რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

რომ შევაჯამოთ, ეს პროექტი უფრო სასურველი შესაძლებლობაა, ვიდრე უშუალოდ „გაზპრომისგან“ რუსული გაზის შესყიდვა, თუმცა საქართველო ყველა ვარიანტში უნდა იყოს დაინტერესებული არა მხოლოდ ირანიდან გაზის შესყიდვით, არამედ ბათუმი–ანდერაბასის, ინდოეთის ოკეანესა და შავი ზღვის შემაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება-გაძლიერებით, სადაც სომხეთის სატრანზიტო როლიც გამოიკვეთება. ეს გააღრმავებს ქართულ–სომხურ პარტნიორობასაც, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ–აზერბაიჯანული პარტნიორობა ისედაც არსებობს, საქართველოს წონა და როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუკი ქართველები და აზერბაიჯანელები "განწირულები ვართ" პარტნიორობისთვის, ანალოგიური მდგომარეობა არ გვაწყენს სომხეთთანაც, რადგან მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ძალიან კარგი ურთიერობა გვესაჭიროება.

-   ბუნებრივიაამ ეკონომიკურ პროექტებს გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვერ განვიხილავთდა ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორს რა ვუყოთ

ძალიან მარტივადაა საქმე: თუ ეს პროექტი ირანს ბევრ ფულს და ეკონომიკის დივერსიფიცირებას მოუტანს, ირანი მის წარმატებულ განხორციელებაში დაინტერესებული იქნება  და მისმა მჭიდრო ურთიერთობამ მოსკოვთან  პრობლემა არ უნდა შექმნას, ისევე, მაგალითად, როგორც არგვექმნება პრობლემა და მეტიც, სტრატეგიული პარტნიორებიც კი ვართ აზერბაიჯანთან, რომელიც  მოსკოვისგან ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ყიდულობს; სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია... ერთი სიტყვით, რთძულ რეგიონში  ვცხოვრობთ და უნდა შევძლოთ ამ პირობებში გადავრჩეთ.  ამიტომ ჩვენ ჩვენი პრაგმატული ინტერესიდან უნდა შევხედოთ საკითხს: ირანი ჩვენი მეზობელია, მასთან არანაირი სერიოზული უთანხმოებები არ გვაქვს (თუ არ ჩავთვლით მოქალაქეების შეშვება–არშეშვების ბოლოდროინდელ თემას), ამდენად, ვფიქრობ, რაიმე სერიოზული საფრთხე მასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებიდან, მაგალითად, ის, რომ ირანზე დამოკიდებულები გავხდეთ, ჩვენს წინაშე არ დგას.

  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S