
"ტაქტიკას ცვლის": რას შეცვლის პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება
16/06/2023 13:27:33 პოლიტიკა, კომენტარი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ენმ–ში აცხადებენ, რომ ექს–პრეზიდენტი გულგრილი ვერ დარჩებოდა, როდესაც ამჟამინდელს ხელისუფლებას ქვეყანა პროევროპული რელსებიდან გადაჰყავს; ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, სააკაშვილი ცდილობს, ენმ განადგურებისგან იხსნას მას შემდეგ, რაც პარტიაში განხეთქილებამ იფეთქა და წინასწარ ამბობს უარს მასთან თანამშრომლობაზე; ხოლო პოლიტიკის კომენტატორი, ხანგრძლივი პოლიტიკური მეხსიერების მქონე ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტი ტაქტიკას ცვლის.
იხილეთ ასევე: ხაბეიშვილი: "სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში"
ბევრი თანხმდება, რომ ამ გადაწყვეტილებით სწორედ რომ მმართველი გუნდი ისარგებლებს, შეეცდება რა საზოგადოებისთვის სააკაშვილის „მტრის ხატად“ შეთავაზების ძალისხმევის გაზრდას, თუმცა ეს თემა არც მანამდე ჰქონდა მოხსნილი დღის წესრიგიდან „ქართულ ოცნებას“. ძაბირაძეც მომდევნო თვეებში სანახაობრივ პროცესს უფრო ელის, ვიდრე პოლიტიკურს.
„წინა ნაბიჯმა, რომლითაც ცდილობდნენ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, არ გაამართლა. მთელი ეს შიმშილობა და აურზაური დასრულდა სასამართლო პროცესით, რომელმაც თქვა, „ყველაფერი მშვენივრად არისო“. ამის შემდეგ დაიკარგა შანსი, რომ ამ მიმართულებით სვლიდან რაიმე გამოსულიყო და ახალი ფორმატის ძიებას იწყებენ ხელისუფლებასთან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის. რადგან ავადმყოფობამ არ გაამართლა, არც ის ამართლებს, რომ პოლიტპატიმარია (ამაზე პარტნიორები მაინც და მაინც ვერ თანხმდებიან, ვერც მიშას მომხრეები), იმისთვის, რომ მხარდაჭერა არ დაკარგოს, ამბობს, რომ იწყებს აქტიურ ჩართვას, თუმცა რასაც აქამდე ერეოდა, იმაზე მეტი რა უნდა გააკეთოს?!აკეთებდა განცხადებებს და კვლავ განცხადებებს გააკეთებს“,– ამბობს ძაბირაძე „აქცენტთან“.
პოლიტოლოგი არც იმას ელის, რომ ექს–პრეზიდენტი ენმ–ში შეძლებს აშკარა პრობლემების მოგვარებას, რადგან მისი დაკვირვებით, იქ ყველაფერი „დალაგებულია“, „სააკაშვილი სჭირდებოდათ, როგორც დროშა, იდეა და არა განკარგულებების გამცემი. ამიტომ, პრობლემები დარჩება და პროცესი გაგრძელდება იმ ჭრილში, როგორც აქამდე მიდიოდა“:
„სააკაშვილმა ვერ მოზომა თავისი ქმედებები დაწყებული მისი ჩამოსვლიდან დღემდე. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად გადაამლაშა და იმდენადა, რომ ენმ–შიც კი (ვგულისხმობ ამომრჩეველს), ნელ–ნელა რეიტინგს კარგავს. მისი ეს გადაწყვეტილებაც მორიგი დარტყმა იქნება მისსავე რეპუტაციაზე: ცოტა დრო მაინც უნდა გასულიყო, რომ გამოკეთებულიყო – 2–3 თვე მაინც უნდა მოეცადა ძველ რეჟიმში და თანდათან შემოსულიყო პოლიტიკაში. შეცდომას შეცდომაზე უშვეს და არ მგონია, რომ ამან შედეგი თავად მას მოუტანოს. თავად ეცდება, „ქართული ოცნება“ დაარწმუნოს, რომ მათთვის საფრთხეა და სჯობს, გაუშვან სამკურნალოდ, მაგრამ ეს ეტაპი უკვე გავლილია: მას თუ რამე შეეძლო, ეს დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა“.
ძაბირაძე ელის, რომ მმართველი გუნდის პიარ–მენეჯერები „გამოჯანმრთელებული, თუ ავადმყოფობის მიუხედავად გააქტიურებულ სააკაშვილზე“ ისაუბრონ არა როგორც პოლიტიკოსზე, არამედ ქილიკის ობიექტი გახადონ, ხოლო ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ტემპერატურა შენარჩუნდება და მას ექს–პრეზიდენტი ვერც ხელს შეუწყობს და ვერც წინ აღუდგება: „სააკაშვილის რეიტინგი იმდენად დაცემულია, რომ გათავისუფლებული აქციების აგორებასაც ვეღარ შეძლებს. ამიტომ, რაიმე ცვლილებას ოპოზიციაში ვერ შეიტანს, დიდ ერთიანობაზე საუბარი კი ზედმეტია, მით უფრო, რომ სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციური ელექტორატის ლიდერი, ეს პერიოდი დასრულდა“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021