
წნელისის კრიზისის ტყვეობაში: ცხინვალი თბილისს “ახალგორელების საპროტესტო კამპანიას” უმზადებს
17/11/2019 10:03:11 კონფლიქტები, თვალსაზრისი, ანალიზი
ცხინვალი ცდილობს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წნელისის ქართულ საპოლიციო საგუშაგოსთან “ბრძოლაში” გამოიყენოს. ჩანაფიქრის მიხედვით, ადგილობრივებს მოტივაცია დე ფაქტო საზღვარზე ჯერ კიდევ 5 სექტემბერს შეწყვეტილი გადაადგილების აღდგენის დაპირებამ უნდა შეუქმნას. “გონებაგამჭრიახი” ინიციატორები უბიძგებენ მოსახლეობას, წნელისის საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით პეტიციას მოაწეროს ხელი. ამასობაში ოკუპირებულ რაიონში ხალხი ქართული პენსია-ხელფასების, პროდუქტის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე ნელ-ნელა წყდება...
წნელისის სიახლოვეს საგუშაგო აგვისტოს ბოლოს განთავსდა და მას შემდეგ ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ოსური მხარის მიერ დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების შეწყვეტის შემდეგ ფაქტობრივ ტყვეობაში აღმოჩენილ მოსახლეობას შეექმნა როგორც მეტ-ნაკლებად მისაღები ღირებულების საკვები პროდუქტების, ისე მედიკამენტების და პირველადი საჭიროების საქონლის პრობლემა; ვინც პენსიასა და ხელფასს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა, საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი; სტუდენტები სასწავლებლად ვეღარ გადმოდიან, დე ფაქტო საზრვარს აქეთ დასაქმებულები – სამუშაოდ. ხოლო იმ პირობებში, რომ ახალგორელებს თბილისისკენ სამკურნალოდ აღარ უშვებენ, წარმოიშვა სასწრაფო დახმარების მიღების აუცილებლობის მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის რეალური საფრთხეც და ამას უკვე მსხვერპლიც მოჰყვა.
ამჟამად ცნობილია ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მყოფი ერთი ასეთი პაციენტის გადმოყვანის აუცილებლობის თაობაზე: ასაკოვანი ქალბატონი, გვარად გიგაური, რომელიც ჭაში ჩავარდა, ცხინვალის კლინიკიდან სამედიცინო საბუთებში “დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის” დაფიქსირებით გაწერეს. არადა, რეალურად, არავითარი საჭირო დახმარება არ მიუღია და ახლა უმძიმეს მდგომარეობაში შინ რჩება. “აქცენტის” ინფორმაციით, ავადმყოფი დასიებულია და საუბარი უჭირს.
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ მის დასახმარებლად მიემგზავრებოდა ოკუპირებულ რეგიონში ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს დე ფაქტო საზღვარზე საქართველოს კიდევ სამ მოქალაქესთან ერთად დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის განჩინებით იზოლატორში გადაიყვანეს.
“[…] ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანი. ერთ მზიან შაბათს, 9 ნოემბერს იგი თბილისში საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, ჩაისვა კოლეგები, - გორში მივდივართ პაციენტთანო. საოკუპაციო ხაზთან მისვლისას მანქანის გასაღები დაუტოვა კოლეგებს, - თბილისში დაბრუნდითო. და დიახ, განზრახ დაარღვია ოკუპანტთა მიერ „საზღვრად“ წოდებული ხაზი და ფეხით გადავიდა რუსების მიერ კონტროლირებად მხარეს. რა თქმა უნდა, ვაჟამ კარგად იცოდა, რომ ახალგორის მხარეს მყოფ პაციენტთან მას არავინ მიუშვებდა. არც ის ახალგორელი პაციენტი ელოდა ვინმე ექიმს. ისიც კარგად ესმოდა, რომ ციხეში ამოყოფდა თავს. ჰა, რავარია, განზრახ ჩაჯდე ცხინვალის ციხეში? თან როცა ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევები არსებობს, - ვაჟას ჯვარი ეწეროს. ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია… მისი შემდგომი ქცევაც გმირობის ტოლფასია. ჯერ თარჯიმანი მოითხოვა - “ჩემს ქვეყანაში სამართალწარმოების ენა ქართულიაო”, შემდეგ უარი განაცხადა, ეღიარებინა ე.წ. ადგილობრივი კანონით ბრალდება „საზღვრის გადაკვეთის შესახებ“ - საზღვარი როკის გვირაბთანააო. ამიტომაც წინასწარი პატიმრობის 2 თვე მიუსაჯეს, თორემ აღიარების შემთხვევაში ის უკვე გათავისუფლებული იქნებოდა. ამ ქმედებით ვაჟამ ჩემი, შენი და ყველას საქმე გააკეთა. ის სიმამაცის, სამოქალაქო გამბედაობისა და ოკუპანტისადმი დაუმორჩილებლობის მაგალითს იძლევა შეგნებულად. პლუს, ნუგეშს აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ და ცდილობს, აიძულოს ყველა, ჰუმანურად მოექცნენ იქ პაციენტებს თუ დაზარალებულებს. ამის მისაღწევად ის გათვითცნობიერებულად საფრთხეში აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ პოტენციურად სიცოცხლესაც კი. აბა მეტი რა არის გმირობა?! მისმა მეგობრებმა ჩართეს საერთაშორისო სამთავრობო თუ პროფესიული არხები, მათ შორის - ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი, “წითელი ჯვარი” და ექიმთა ასოციაციები. ღმერთმა ქნას, ის მალე და საღ-სალამათი გათავისუფლდეს” - წერს სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილის ყოფილი პაციენტი, ყოფილი დიპლომატი მამუკა კუდავა.
უცხოელი პარტნიორების გარდა, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოწოდებით რამდენიმედღიანი დაგვიანებით გამოდიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება, მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან, - ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც - ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა” - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
თუმცა პასუხს კითხვაზე, რატომ არ ხმაურდებოდა ოკუპანტების მიერ საქართველოს 4 მოქალაქის, მათ შორის გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ იგი თავად ცხინვალმა არ გაავრცელა, არავინ იძლევა.
“სულ ამას ვიმეორებ, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებითაც: აქ [ახალგორის ოკუპირებულ რაიონში] დაცვის ყველაზე ეფექტური გზა და საშუალება ადვოკატია. ჩემს შემთხვევაში ეს მრავალგზის დადასტურდა. ბატონი ვაჟას შემთხვევაში ინფორმაცია მაინც იქნებოდა, აქ როგორ მოხვდა. არ გაგიკვირდეთ, მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლონ, რაც ვიდეოს ჩაწერს “საზღვრების” შესახებ, - ადვოკატი ამისგანაც დაიცავდა. [საქართველოს] ხელისუფლება არაფორმალურ კონტაქტებზე საუბრობს... ასეთი რომ ჰქონდეს, ციხიდან წერილი ექნებოდა გაფრინდაშვილისგან. ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლებაში კონფლიქტებს მართავს უუნარო, დემაგოგი ხალხი, რომელთათვისაც მთავარია, რამენაირად გამოძვრნენ სიტუაციიდან. დიახ, ასე მუშაობენ” - აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
მოწოდებებით გამოვიდნენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მაგრამ მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცვლელია: ქართველი ექიმი ციხეშია, მძიმე პაციენტი – დახმარების გარეშე, ახალგორის რაიონის მთელი მოსახლეობა – წნელისის კრიზისის ტყვეობაში; თბილისი წნელისის საგუშაგოს გაუქმებას არ აპირებს, ოსური მხარე კი - ამ მოთხოვნის მოხსნას, რის გამოც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული რიგით მე-7 შეხვედრაც, რომელზეც ეს კრიზისი განიხილებოდა, კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ცხინვალი არათუ უკან არ იხევს, როგორც ირკვევა, ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებზე ზეწოლასაც აძლიერებს: არსებული ინფორმაციით, ორიოდ დღის წინ რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციების უფროსებთან თათბირი ჩაატარა და გასცა დავალება, ‘დაამუშავონ” მოსახლეობა, რათა მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან წნელისის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრონ, რომ გზა საერთოდ აღარ გაიხსნება.
ამასთან, როგორც ყვებიან ადგილობრივები, რომლებიც მამიტოვთან მიღებაზე იყვნენ მისულები, მან ისინი არ მიიღო, მოსაცდელში თავად გავიდა და განუცხადა: “თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქეები ხართ? ჰოდა კითხვით, “როდის გაიხსნება გზა?”, საქართველოს ხელისუფლებას მიმართეთ – თქვენი ბედი მასზეა დამოკიდებული: თუ წნელისის საგუშაგოს გააუქმებს, გზა მაშინვე გაიხსნება, თუ არადა ნუ დაელოდებით მის გახსნას – გადაადგილება არც ერთი დღით, არც ერთი მიმართულებით არ აღდგება. თუ ამის მიღწევა არ შეგიძლიათ, მაშინ ზამთრისათვის თქვენს შეშაზე ან თავად იზრუნეთ, ან საქართველოს ხელისუფლებამო”.
“გასულ კვირას რაიონის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოხუცებს ეუბნებოდა თავის მისაღებში, რომ შეუძლია, ტელეფონზე ჩაწეროს მათი მოთხოვნა წნელისის საგუშაგოს გაუქმების შესახებ და მერე ჩანაწერი ინტერნეტში განათავსოს. მაშინ ეს ხუმრობად აღიქვეს, მაგრამ მამიტოვის ამასწინანდელი თათბირის შემდეგ აღარავის ეხუმრება. ვისაც ამ თემაზე ვესაუბრე, ამბობენ, რომ არანაირი პეტიციების ხელმოწერას არ აპირებენ. მათ ეშინიათ, საქართველოს ხელისუფლებას რამე მოსთხოვონ, თხოვნაც კი არ შეუძლიათ. თვლიან, რომ მსგავს მიმართვებზე საქართველოს ხელისუფლება უპასუხებთ, “იქ რატომ ცხოვრობთ, როცა წეროვანში კოტეჯები გაქვთ? რა გზა, რა წნელისი? თქვენ რა შუაში ხართო?». ამიტომაც ხალხს ხელი აქვს ჩაქნეული» - ყვება თამარ მეარაყიშვილი.
როგორ გაფორმდება ეს “საპროტესტო კამპანია” საბოლოოდ – ჯერ გაურკვეველია. რაიონში ხმები დადის გადამღები ჯგუფის შესახებაც, რომელიც ადგილობრივი ქართველების “საპროტესტო აქციების” გადასაღებად ადგილზე ჩავა. შესაძლოა, შეირჩეს სოცქსელებსა და მედიასაშუალებებში კოლექტიური მიმართვების განთავსების ფორმაც, რასაც მოსახლეობას მამიტოვი სთავაზობდა, ან სხვა რამ.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი თვლის, რომ თუ ასეთი მიმართვები ინტერნეტში ან მასმედიაში გამოჩნდება, მსგავსი სმარტმობის არავინ დაიჯერებს:
«ვინც არ უნდა იყოს ამ იდეის ინიციატორი, ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ მოიძებნება თუნდაც ერთი ჭკუათმყოველი ან ამ რაიონში, ან უცხოეთში, ვინც დაიჯერებს, რომ ეს ნებაყოფლობითი აქციაა. განურჩევლად იმისა, ვის მიერაა ეს ყველაფერი ინიცირებული – ხელმძღვანელობის თუ გარკვეული ადამიანების, რომელთაც ზემდგომების წინაშე თავის წარმოჩინება სურთ, ცხინვალში ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ კიდევ უფრო დაამძიმებს სურათს დახურული საკონტროლო-გამშვები პუნქტის ირგვლივ. ყველასთვის ნათელი გახდება, რომ იქაური ქართული მოსახლეობის პრობლემა არა მარტო პროდუქტებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენაში, არამედ ზეწოლაშიც მდგომარეობს, რათა რაღაც პოლიტიკური განცხადებების კეთება აიძულონ”.
“თუ ცხინვალში არიან ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რას იფიქრებენ მათზე უცხოეთში, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი მსგავსი ინიციატივების განხორციელებას გადაიფიქრებინებენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ზეწოლა ამ უბრალო ადამიანებზე, რომლებიც ახლა ისედაც საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ადგილობრივ ექსპერტებსაც ეეჭვებათ, ხელმძღვანელობამ ამ იდეის რეალიზება მოახდინოს – მეტისმეტად წამგებიანი ღონისძიებაა: ამ ფოცხს ჭკუათმყოფელთაგან არავინ დაახტება საკუთარი თავისთვის კოლოსალური სარეპუტაციო ზარალის მისაყენებლად. ხოლო თუ ეს არაშორსმჭვრეტელი ამხანაგების ინიციატივაა, რომლებსაც ამ გზით ხელმძღვანელობისთვის საკუთარი დამოუკიდებლობისა და “გამჭრიახობის” დემონსტრირება სურთ, მაშინ ალბათ, დროა, ისინი დააშოშმინონ” - წერს ამასთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლების” ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021