
აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
03/05/2023 14:48:02 პოლიტიკა, თავდაცვა
აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების არმონაწილეობის საკითხზე განაცხადა, რომ "თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021