
სიცილი, როგორც გადარჩენის გზა
24/04/2023 13:33:56 ეს საინტერესოა
„სიცილი პირადად ჩემთვის თვითგადარჩენის ინსტრუმენტია. შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირად, საკუთარ პრობლემებზე იუმორით ვსაუბრობ და შემდეგ, შემიძლია, მეგობართან ერთად ამაზე დიდხანს ვიცინო, ცრემლებამდეც კი. რატომ? აღმოვაჩინე, რომ როდესაც ნეგატიურ ემოციებს უფლებას ვაძლევ, შემიპყროს, ჩემს პარალიზებას ახდენენ, მიპყრობს პანიკა, ამ მდგომარეობაში კი გამოსავლის გზებზე ფიქრის უნარი მაქვს კი არა, სრულიად უფუნქციო ვხდები. ხოლო სიცილი, ირონიული დამოკიდებულება მეხმარება, გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს, განვეწყო ოპტიმისტურად და ვიფიქრო არა იმაზე, რა ცუდად ვარ, რა უსამართლობა ხდება ჩემს თავს, არამედ რისი გაკეთება შემიძლია ამ მომენტში. უბრალოდ ღიმილით ნათქვამ „დილა მშვიდობისასაც“ კი შეუძლია მთელი დღის განწყობის შექმნა“, – ღიმილით გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას ლეილი და აღიარებს იმასაც, რომ უხერხულ მდგომარეობაშიც ამოუყვია თავი, რადგან მისგან სოციუმი სერიოზულობას მოითხოვს: „ასეთ დროს, არაადეკვატურად რომ არ ჩამთვალონ, ვამბობ, „კი მეცინება, მაგრამ არაა სასაცილო“.
„სერიოზული ადამიანი უმიზეზოდ არ იცინის“ – ეს სტერეოტიპია, რომელსაც ბავშვობიდან ვეჩეხებით და გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე:
„ეს გადარჩენის ინსტინქტთან არის დაკავშირებული: მე არასერიოზულ ადამიანად ჩამთვლიან, სოციუმში ჩემი სტატუსი დაბლა დაიწევს – ამ ინფორმაციებს ფსიქიკა ამუშავებს. სინამდვილეში კი სერიოზულობა არ აჭკვიანებს ადამიანს – კვლევებით დასტურდება, რომ ტვინი ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, როდესაც ადამიანი იღიმის ან იცინის“,– ამბობს ფსიქოლოგი ლევან რამიშვილი.
როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, „სიცილის ტექნიკა დამყარებულია იმაზე, რომ ჩვენი დიაფრაგმა ხელოვნურადაა დაკეტილი, რადგან ბავშვობიდან გვასწავლიან, თითქოს ეს სერიოზულობასთან ასოცირდება: „ნუ იცინი სულელივით“. ეს ფსიქო–ფიზიკური მოვლენაა, ის გადადის ფიზიკაზე, იკეტება დიაფრაგმა და ადამიანი ვეღარ იცინის. სერიოზულობა რეალურად ფსიქოლოგიური არასიჯანსაღის გამოხატულებაა: ფსიქოლოგიურად კარგად მყოფი ადამიანი ძალიან ბევრს იცინის, იღიმის და ეს ბუნებრივია. ბავშვი მინიმუმ 300–ჯერ იცინის დღეში, ზრდასრული 10–15–ჯერ, მაგრამ არიან ადამიანები, საერთოდ ვერ იცინიან, იმდენად ჩაკეტილი აქვთ დიაფრაგმა“.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ჩვენი ფსიქიკა მჭიდრო კავშირშია ჩვენსავე სხეულთან, სწორედ ამიტომ, სიცილს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე: ის არა მხოლოდ ახალისებს, აჯანსაღებს ადამიანს, თავდაჯერებას მატებს, მეტად სოციალურს ხდის, უმარტივებს ურთიერთობებს, ამცირებს ტკივილს, ადუნებს კისრის და ზურგის კუნთებს, მცირდება ჰორმონალური დაძაბულობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა,ხდება ტოქსინების დაჩქარებული გამოსვლა ორგანიზმიდან, ძლიერდება იმუნიტეტი.
ამდენად, იმას, რასაც ლეილი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიამბობდა, მეცნიერული ახსნაც აქვს: სპეციალისტების განმარტებით, სიცილის დროს თავის ტვინი ჭარბად გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს (ენდორფინი), რაც ჩვენი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ამ ნივთიერების გამოყოფა ბუნებრივი გზით ვეღარ ხდება, როდესაც სხვა საშუალებებზე ვხდებით დამოკიდებული, იქნება ეს ალკოჰოლი თუ ნარკოტიკული საშუალებები.
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ სიცილი გვეხმარება, ჩვენი ნერვიული სისტემა გადავიდეს მშვიდ მდგომარეობაში, მოიხსნას სტრესი, მას გავუგზავნო სიგნალი, რომ „არაფერია საშიში, მოუგვარებელი“ და ნერვული სისტემა პოზიტიურ მოქმედებაში გადადის.
„სიცილის თერაპია არის ერთადერთი პრაქტიკა, რომელიც ადამიანს ხდის ბედნიერს აქ და ახლა“,– ამბობს რამიშვილი.
შესაბამისად, გვირჩევენ, გავიცინოთ მაშინაც კი, როცა არ გვეცინება, მაგრამ იმის გასახსენებლად, რაც დავივიწყეთ, ვარჯიში და ძალისხმევაა საჭირო, უპირველესად, უნდა გადავლახოთ სიცილის ძალით დაწყების ბარიერი. მაგალითად, დილით, მოწესრიგების დროს ჯერ გავუღიმოთ საკუთარ თავს, შემდეგ გავიცინოთ, გადავიხარხაროთ, ნუ შევიკავებთ თავს.