Accentnews.ge
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია – ფსიქიატრის რჩევები

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია – ფსიქიატრის რჩევები

19/04/2023 13:00:20 ეს საინტერესოა

„თითქოს სამყარო დაცარიელდა, დაკარგა ფერები, აღარაფერი იყო საინტერესო – არც მეგობრები, არც წიგნები, არც ფილმები, არც მოვლენები; მუდმივი დაღლილობა – თავს კბილების გახეხვასაც კი ვაიძულებდი; სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ არც სიცოცხლის მიმართ მქონდა ინტერესი და ეს განცდა არასდროს, არასდროს გტოვებს, თითქოს სხეულის ნაცვლად მძორს დავათრევდი. ბევრჯერ მითქვამს, „ნეტავ რაიმე მტკიოდეს, ვუმკურნალებდი მაინც და იმას რა მოვუხერხო, რასაც ვერც კი გადმოვცემ?!“. ვუმეორებდი საკუთარ თავს, „თავი ხელში აიყვანე, იფიქრე პოზიტიურად, წადი სამსახურში, გაერთე და ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება“, მაგრამ ეს ყველაფერი იმხელა ძალისხმევას მოითხოვდა...მრცხვენოდა, მძულდა საკუთარი თავი ამ მდგომარეობის გამო, რომელსაც თავს ვერ ვაღწევდი...ადამიანები ებრძვიან ტრაგედიებს, მძიმე დიაგნოზებს და მე რა მჭირს? ასეთი სუსტი ვარ?“,– ამგვარად აღწერდა საკუთარ მდგომარეობას კესანე. მას ფსიქიატრმა დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა, დაიწყო კომპლექსური მკურნალობის კურსი და ამბობს, რომ დაუსრულებელი ტანჯვისგან თავის დაღწევის გზა გამოჩნდა.

„მოგვისმენია, „მე ძლიერი ადამიანი ვარ არ დამემართება დეპრესია ან შფოთვაო“, პიროვნულ სიძლიერესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. შესაძლოა, გვქონდეს ძალიან ძლიერი დეპრესიული დაავადება, მაგრამ პიროვნულად ძლიერი ადამიანები ვიყოთ. სიძლიერე ალბათ უფრო ჩვენს ბრძოლისუნარიანობაში გამოიხატება, თუ რამდენად ვებრძვით პრობლემებს, ვცდილობთ მათ დაძლევას და არა იმაში, ჯანმრთელობის რა სახის პრობლემა გვაქვს: წნევა, დიაბეტი, დეპრესია თუ ა.შ.“,– განმარტავს ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპულ მიდგომასთან დაკავშირებით ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დეპრესია ფსიქიკურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია, მას არ აქვს ასაკი – მოზარდობის პერიოდში შესაძლოა, სრულფასოვანი ფორმით გამოვლინდეს. იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვლინდება, თუმცა გამოყოფენ რამდენიმე ძირითად სიმპტომს:

  • მუდმივი სევდის განცდა,
  • საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა,
  • უძილობა და გადაჭარბებული ძილიანობა,
  • მადის ან წონის საგრძნობი ცვლილება,
  • მუდმივი დაღლილობის განცდა, უენერგიობა,
  • მკაფიო ან სწრაფი აზროვნების უნარის დაქვეითება,
  • მუდმივი გაღიზიანება, პესიმისტური განწყობა,
  • ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის განცდა,
  • მუდმივი ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე.

„დეპრესია სხვა ფსიქიკური პრობლემებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის უაღრესად სუბიექტური აღქმა, ამიტომ, ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ გუნება–განწყობა დაქვეითებულია. ანუ ეს არ არის მხოლოდ ობიექტური ფენომენი, როდესაც შესაძლოა, რაღაც არსებობდეს და ჩვენ ვერ მივხვდეთ. ჩვენ რომ მოწყენილები ვართ, ინტერესები დაგვიქვეითდა, უიმედობა გვაქვს, წარსულზეც რომ ნეგატიურად ვფიქრობთ, ამას ყოველთვის ვგრძნობთ. ცხადია, მეორე საკითხია, რამდენად შეგვიძლია ეს რაღაც დაავადებასთან, ექიმის საჭიროებასთან ან მკურნალობასთან დავაკავშიროთ, მაგრამ ადამიანს პრობლემის აღქმის შეგრძნება აქვს“,– ამბობს სიხარულიძე.

სპეციალისტები დეპრესიას განიხილავენ როგორც ფენომენს და როგორც დაავადებას. ხშირად ადამიანები სევდიან განწყობას დეპრესიასთან აიგივებენ, მაგრამ ეს დიაგნოსტიკისთვის საკმარისი არ არის: აქ მნიშვნელოვანია სიმპტომების ერთობლიობა და ხანგრძლივობა – დაავადების („დიდი დეპრესია“ – კლინიკურად მკვეთრად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი) შემთხვევაში რამდენიმე სიმპტომის (მინიმუმ ხუთის) ერთობლიობა უნდა ფიქსირდებოდეს ყოველდღიურად ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

„თუ სტრესული მოვლენის გამო ორიოდ დღით მოიწყენთ, ეს არ ნიშნავს, რომ დეპრესია გაქვთ. შემდეგ ორგანიზმი ამუშავებს დამცველობით უნარს და მოწყენილობას გადალახავს, მაგრამ როდესაც ეს დამცველობითი უნარი ირღვევა, გუნება–განწყობის დაქვეითება კონკრეტული მიზეზით ან თუნდაც უმიზეზოდ, ხანგრძლივდება (ექიმების მიერ შემუშავებულია კომპრომისული ვადა – ორი კვირა), ითვლება, რომ მან მიიღო დაავადების მიმდინარეობა, ამ ვითარებაში აუცილებელია ჩარევა და დახმარება“,– ამბობს სიხარულიძე.

ე.წ. დიდი დეპრესიის გარდა, არსებობს გუნება–განწყობის მიზეზით თუ უმიზეზოდ დარღვევის სხვა ფორმებიც, რაც გაცილებით მცირე რეგისტრშია გამოხატული – არც არის მწვავე, მაგრამ დროშია გახანგრძლივებული (წლებიც კი). ამ შემთხვევაში არ არის აუცილებლობა ხუთი სიმპტომის ერთობლიობის იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ მდგომარეობას:

„ყველაზე მეტად გავრცელებულია დეპრესიული ეპიზოდი – მოსახლეობის 20%–ს გადააქვს ცხოვრების მანძილზე. ეს შეიძლება, იყოს ერთჯერადად გამოხატული, მაგრამ შესაძლოა, მიიღოს ციკლური სახეც. თუ ორჯერ, განსაკუთრებით, მესამედ განმეორდა, ითვლება, რომ ამ ადამიანს აქვს ციკლური დეპრესია, ანუ პერიოდულად აღმოცენებული დეპრესია – ეს ქრონიკული მიდრეკილებაა დეპრესიისკენ და ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაც რადიკალურად განსხვავებულია“.

ხშირად, ადამიანები, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან, ხსნას თრობაში, მედიკამენტებში ეძებენ, რაც სპეციალისტების თქმით, კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას და წარმოშობს დამატებით პრობლემებს, მათ შორის, დამოკიდებულებას:

„ზოგადად, ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულების წინაპირობა ყოველთვის არის მანამდე არსებული ფსიქოლოგიური პრობლემა, იქნება ეს დეპრესია, შფოთვითი პრობლემები თუ სხვა უფრო მძიმე დარღვევები, რადგან ხშირად ადამიანი ცდილობს მის „ჩახშობას“, გაქცევას: სხვადასხვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული საშუალების ან ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ადამიანი დროებით ხალისდება. ეს ეფექტი ხანმოკლეა და პერსპექტივაში მასზე დამოკიდებულების ალბათობა ძალიან იზრდება – ხუთი–ექვსი საათი თავს კარგად რომ გრძნობ, მაგრამ მეორე დღეს ცუდად ხარ, ადამიანი კვლავ ამ გზას მიმართავს და ეს სისტემატიური ხდება, რაც დამოკიდებულებას ზრდის“.

ამიტომ, სპეციალისტები ხაზგასმით გვირჩევენ, მსგავსი პრობლემის წარმოქმის შემთხვევაში, მივმართოთ სპეციალისტს და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობის გზას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S