
რუსეთი სამხედრო სპეცრაზმის გარეშე დარჩა: უკრაინაში მებრძოლების 95%-მდე დაიღუპა – WP
14/04/2023 11:50:04 ეს საინტერესოა
რუსი სამხედრო ლიდერები უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში ხშირად იყენებდნენ სპეცნაზის ბრიგადებს, როგორც ჩვეულებრივ ქვეითებს. შედეგად, ელიტური ქვედანაყოფები, რომელთა მომზადებას მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება, განადგურდნენ, – წერს The Washington Post (WP), რომელიც მოჰყავს აშშ-ის სამხედროებისა და ექსპერტების შეფასებები, ასევე სატელიტური ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გაჟონილ პენტაგონის დოკუმენტებში აღმოჩნდა.
ამან რუსეთის არმიას სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა ჩამოართვა, რაზეც ასეთი დანაყოფებია გათვლილი. პენტაგონის დოკუმენტები გვიჩვენებს, რომ რუსეთს შეიძლება, დაახლოებით ათი წელი დასჭირდეს, რათა რეალურად განაახლოს საბრძოლო მზადყოფნა. დოკუმენტებში საუბარია:
„რუსული სპეცდანიშნულების ხუთი ცალკეული ბრიგადადან, რომლებიც 2022 წლის ზაფხულის ბოლოს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებიდან დაბრუნდნენ, ერთის გარდა ყველამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“.
ასეთი დანაკარგების მასშტაბები მოწმობს, კერძოდ, 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის ნოემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები. პირველ ფოტოზე ჩ ანს, რომ როსტოვის ოლქში 22-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის პირველი საწვრთნელი მოედანი ფაქტიურად გადაჭედილია სამხედრო ტექნიკით. მეორეზე, რომელიც დამზადებულია უკრაინიდან დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, გაცილებით ნაკლებია – აშშ-ის სამხედროების მონაცემებით, ჯავშანტექნიკის რაოდენობა, რომლებსაც სპეცრაზმის ჯარისკაცები იყენებენ, განახევრებულია.
საერთო ჯამში, რუსულმა ჯარებმა დაკარგეს 151 "ვეფხვი" - ყოველ შემთხვევაში, ამ რაოდენობის მანქანების შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებები აქვთ Oryx-ის ექსპერტებს.
ამერიკული დაზვერვა თვალყურს ადევნებდა სპეცდანიშნულების ყველა რაზმის დაბრუნებას, გარდა 25-ე ცალკეული პოლკისა. სადაზვერვო სიგნალის არარსებობა სტავროპოლის ტერიტორიაზე – მისი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ შესაძლოა, აიხსნას დიდი დანაკარგებით ადამიანურ ძალასა და აღჭურვილობას შორის, – ნათქვამია დოკუმენტში.
2023 წლის 27 მარტს ვლადიმირ პუტინმა პოლკს მიანიჭა საპატიო წოდება „გვარდიელი“ „მასობრივი გმირობისა და გამბედაობისთვის“.
პენტაგონის დოკუმენტები არ შეიცავს შეფასებებს იმის შესახებ, თუ რამდენი სპეცრაზმელი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში, მაგრამ არსებობს მონაცემები ერთი ქვედანაყოფის შესახებ - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ГРУ–ს სპეცრაზმის 346 ცალკეული ბრიგადა: „მან თითქმის მთელი პერსონალი დაკარგა, [უკრაინაში] გაგზავნილი 900 ადამიანიდან, რიგებში მხოლოდ 125 დარჩა". (უკრაინის სამხედრო დაზვერვა 2016 წელს იტყობინებოდა, რომ 346-ე ბრიგადის მებრძოლები ჩართულნი იყვნენ სპეციალურ სადაზვერვო წვრთნებში დონეცკსა და ლუგანსკში და მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინული ძალების წინააღმდეგ.)
აშშ-ის სპეცსამსახურების ცნობით, დანაკარგებმა 22-ე და სპეცრაზმის ორ ცალკეულ ბრიგადაში 90-95% შეადგინა.
რობ ლიმ, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა და ექსპერტმა რუსეთის სამხედრო საკითხებში, აუხსნა WP-ს ელიტარულ ქვედანაყოფებს შორის ასეთი კატასტროფული მსხვერპლის მიზეზები:
"ვინაიდან მოტორიზებულ მსროლელთა ქვედანაყოფები უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა, სარდლობამ ფრონტზე სპეციალური ძალები, საჰაერო და საზღვაო მედესანტეები გაგზავნა. და თუ გოსტომელის „ანტონოვის“ აეროპორტში დაშვების მცდელობა, შემდგომში კიევის აღების მიზნით, მაინც შეიძლება ჩაითვალოს სპეცოპერაციად, უკვე ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ სექტორებში საუკეთესო ქვედანაყოფები უბრალოდ იღუპებოდნენ ფრონტის ხაზზე. ამდენად, რუსეთის არმიამ თავიდანვე დაკარგა პროფესიონალები, რომლებსაც შეეძლოთ დაზვერვის, დივერსიის და ფარული ოპერაციების განხორციელება", – ამბობს ლი.
მისი თქმით, ამან გავლენა მოახდინა ომის შემდგომ მიმდინარეობაზე. არსებული ცნობებით, თებერვალში სპეცდანიშნულების მე-14 ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი პოლიაკოვი მოკლეს უგლედართან. ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, თუ რა პრობლემები აქვს რუსეთის არმიას, – ამბობს ლი:
„თუ ასეთი მაღალი რანგის მეთაური ფრონტის ხაზზეა, როგორც ჩანს, რაღაც ისე არ ხდება – ან ამ დანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი, ან უწევს ისეთი რამის კეთება, რაც არ უნდა გაეკეთებინა“.