Accentnews.ge
რატომ ახსენეს კრემლის პროპაგანდისტის აფეთქების საქმეში საქართველო

რატომ ახსენეს კრემლის პროპაგანდისტის აფეთქების საქმეში საქართველო

03/04/2023 09:31:26 ანალიზი

“ყველას დავხოცავთ, ყველად გავძარცვავთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა“ – კრემლის მიერ უკრაინის რეგიონების საკუთარ ნაწილად გამოცხადების შემდეგ წარმოთქმული, მათ შორის, ამ სიტყვებით დაამახსოვრა თავი ადამიანებს პროპაგანდისტმა, სამხედრო ბლოგერმა ვლადლენ ტატარსკიმ (ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი), რომელიც 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში, რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის კაფეში ააფეთქეს. მოსკოვი ცდილობს, მომხდართან კიევი დააკავშიროს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე დაწერა, რომ ტატარსკის "პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა". მას მხარს უბამენ კრემლის პროპაგანდისტებიც. მაგალითად, თინა კანდელაკი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მოწოდებით გამოვიდა: „როდის დაიწყებს ქვეყანა რეაგირებას? ტერორისტებს აქვთ დენი, წყალი, რკინიგზა, რესტორნები, მუშაობს ინტერნეტი, მკვლელების ლიდერები ტელეკამერებთან ერთად მოგზაურობენ ქვეყანაში“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მკვლელობის მთავარ ვერსიად შიდა რუსულ დაპირისპირებას გვთავაზობს. როგორც ცნობილია, ტატარსკი ასოცირდებოდა „ვაგნერთან“, პრიგოჟინის კვალდაკვალ ღიად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბს და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოვიდა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლის მოწოდებით. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით მკვლელობა შეიძლება, იყოს გზავნილი (ან მინიშნება) პრიგოჟინისთვის სამხედროებისგან.

პროცესზე დამკვირვებლები კიდევ ერთ ვერსიად განიხილავენ რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას განიხილავენ,მაგრამ არა პრიგოჟინზე ზეწოლის, არამედ რუსეთში რეპრესიების ახალი ტალღის ან უკრაინაში უფრო მკაცრი სამხედრო ოპერაციების გამართლების მიზნით.

სპეცსამსახურების ვერსიის მხარდაჭერის საშუალებას აძლევს „გულაგუ. ნეტ“–ის დამფუძნებელ ვლადიმირ ოსეჩკინს საკუთარი წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციების ანალიზი:

„ვფიქრობ, „ბუმერანგი“ სწორედაც რომ დაბრუნდა – ბოროტება, რომელსაც პროპაგანდისტები, პრიგოჟინი, პუტინი პეტერბურგიდან, მოსკოვიდან გზავნიდნენ უკრაინაში, უკან ბრუნდება. ჩვენი წყაროები, რომელთაც კავშირი აქვთ სპეცსამსახურებიდან, გვაფრთხილებდნენ რუსეთში ტერაქტების სერიის შესახებ („უკრაინელების ხელით ჩადენას დაუშვებენ, ან თავად მოაწყობენო), რათა გააბოროტონ მოსახლეობა და როგორღაც გააღვივონ ომის „ნაკვერჩხალი“, რომელიც უქრებათ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სამხედროების 30%–მდე უარს ამბობს ომთან დაკავშირებული ბრძანების შესრულებაზე. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც საკუთარი ანტისაომარი პოზიცია დააფიქსირეს, ხოლო თუ ვისაუბრებთ მათზე, რომელთაც პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ, რუსი ძალოვანების შემადგენლობის ნახევარზე ავალთ. რუსეთის სპეცსამსახურებს, უპირველესად, ვლადიმირ პუტინს კი ძალიან სჭირდება, მუდმივ ტონუსში ჰყავდეს რუსები, გააღვივოს სიძულვილი. რაც შეეხება თავად ამ პერსონაჟს – ტატარსკის, ის ჩაება ამ სიძულვილში, დაადგა ძალიან სახიფათო, მოლიპულ გზას და რაც მის თავს მოხდა, ეს კანონზომიერებაა. არ შეიძლება, მოსკოვში თუ პეტერბურგში მყოფმა ისურვო სხვა ერის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება და თან ფიქრობდე, რომ ამის გამო არაფერი მოხდება. მწერენ, „ეს უკრაინელი სპეცსამსახურების გაკეთებულიაო“. არ ვფიქრობ, რომ ეფესბე არ აკონტროლებს, რა ხდება, მაგალითად, პრიგოჟინის კაფეში, არ კონტროლებს პროპაგანდისტებს. მაშ რატომ დაუშვეს მსგავსი რამ? არსებობს ძალიან სერიოზული დაპირისპირება პრიგოჟინსა და ეფესბე–ს; პრიგოჟინსა და პეტერბურგის გუბერნატორს შორის; არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც რუსეთს შიგნით „ცეცხლის“ კიდევ უფრო გაღვივება სურს და მათ ამგვარი ტერაქტი სჭირდებათ. რუსული ელიტა არაა მზად, შესწიროს პუტინის მილიარდერები, რომლებიც ბენეფიციარები არიან ამ საშინელი ომის და მორიგი მილიარდობით რუბლი გამოიმუშავეს. მაგრამ რაც შეეხებათ პროპაგანდისტებს, გავიხსენოთ დუგინის შვილი, ახლა ტატარსკი, ნათელია, ისინი არ ებრალებათ და სწირავენ, რომ საბრძოლო განწყობა აამაღლონ“.

ამასთან, მისი დაკვირვებით, დეტალურ ანალიზს საჭიროებს, იყო თუ არა ტერაქტი თავად „ვაგნერის“ მიერ ორგანიზებული:

„პრიგოჟინს წვდომა შეუწყვიტეს პატიმრებზე, რომელთაც უკრაინის ომისთვის იბირებდა, შეუკვეცეს დაფინანსება და საბრძოლო მასალა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში პრიგოჟინი თავისი „ბანქოს“ გათამაშებას შეეცდება, რათა მდგომარეობა გაიუმჯობესოს“.

მსჯელობენ სხვა ვერსიებზეც. მაგალითად, რუსი კომენტატორების ნაწილი ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს ომის და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი რადიკალების როლსაც, რომელიც საქმის მთავარი ეჭვმიტანილის დარია ტრეპოვას ვინაობის გათვალისწინებით, შეიძლება, მთავარი ოფიციალური ვერსია გახდეს: რუსული სააგენტოები სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული. როგორც იუწყებიან, ეს ახალგაზრდა ქალი 26 წლის დარია ტრეპოვაა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ის 3 აპრილს დააკავეს. პროპაგანდისტული რესურსები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა ქალი ანტისაომარ აქციებში მონაწილეობდა, ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და სავარაუდოდ, „მაშინ გადაიბირეს დასავლელმა სპეცსამსახურებმა“.

„თუმცა, წმინდა სპეკულაციურად უფრო რეალისტური ჩანს უკრაინული დივერსიის უმარტივესი ვერსია, შესაძლოა იმავე რუსი ომის საწინააღმდეგო აქტივისტების მონაწილეობით. დავუშვათ, რომ გოგონას სთხოვეს თათარსკისთვის ფიგურის მიცემა, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობით, და აღმოჩნდა, რომ ბომბი იყო ან მსგავსი რამ“,– ამბობს ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით კი, რუსეთში შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

უკრაინის ჩართულობისადმი ეჭვი გამოთქვა იმ დაწესებულების მფლობელმაც, სადაც აფეთქება მოხდა: „ამ ქმედებას კიევის რეჟიმს არ დავაბრალებ. ვფიქრობ, მოქმედებს რადიკალების ჯგუფი, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკავშირებული იყოს ხელისუფლებასთან",– თქვა პრიგოჟინმა.

უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ბილანიშვილის დაკვირვებით, ეს შემთხვევაც არის იმ ცნობების გაგრძელდება, რომ რუსეთს შიგნით გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობს. „მყარდებაშეფასებები, რომ ჯგუფებს შორის სერიოზული განხეთქილებაა. ეს შეიძლება ყოფილიყო ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ან თავდაცვის სამინისტრო. დიახ, პროპაგანდა მარწუხების ქვეშ ხორციელდება, მაგრამ ომის დროს და მით უფრო, როდესაც სამხედრო წარუმატებლობასთან გვაქვს საქმე, ხშირად სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ იმგვარ ინფორმაციებს, რომელიც მისაღები შესაძლოა, არც იყოს რუსეთის ხელისუფლებისთვის“.

ბილანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხსენება არაა შემთხვევითი: „რუსი საზოგადოების თვალში საქართველო მაინც დასავლეთთან არის დაკავშირებული. პროპაგანდის პირობებშიც სჭირდება ვერსიას დამაჯერებლობა, რომ იმუშაოს და შესაძლოა, ამ მიზეზითაც დასახელდა საქართველო. ესაა ერთი ვარიანტი, ხოლო მეორეზე ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს – ეს მცირე, მაიგრამ მაინც მაგალითი იმისა, რომ რუსეთთან კონსტრუქციულ პოლიტიკას ყოველთვის მოჰყვება მეტი და მეტი დესტრუქცია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S