Accentnews.ge
იქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანება?

იქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანება?

29/03/2023 10:59:30 ანალიზი

დაბრუნდება თუ არა საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი (2009–2012 წლებში) ნიკა გილაური აქტიურ პოლიტიკაში 11–წლიანი პაუზის შემდეგ უკვე საკუთარი პარტიით?– საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა ამ თემაზე „ფორმულას“ ეთერში.

მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახალ სატელიტურ პარტიას ქმნის, რომელსაც ნიკა გილაური უხელმძღვანელებს, ხოლო მის ირგვლივ ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ენმ–ის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ლიდერი ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან.

დეპუტატი ამბობს, რომ გილაურს ფინანსური კავშირები აქვს ივანიშვილთან:

„240 მილიონს რომ გაჩუქებენ, როდესაც სურთ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას... იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მისი თანხმობა ამ დროისთვის მგონი, უკვე არის. [...] ის კაცი [ბიძინა ივანიშვილი]არავის არაფერს ჩუქნის ისე – მისი სტილია, რომ ჯერ გაგაბას სქემაში და შემდეგ შენ ვალდებული ხარ, რომ პარტია გააკეთო და მისი მოსამსახურე გახდე“.

ნიკა გილაური პარტიის შექმნის თაობაზე ცნობას უარყოფს:

„ძვირფასო მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“.

ვწერ – აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული".

ბრალდების დანარჩენმა ადრესატებმა ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. კერძოდ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ დატოვა, ჩარკვიანის ინფორმაციას „ჭორაობა/ბოდვა“ უწოდა და დასძინა, რომ ესაა მისი ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე.

„კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“,– ამგვარია ნიკა მელიას კომენტარი, რომელსაც ამჟამინდელი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ დაუტოვებია.

თემის კომენტირებისას ენმ–ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გაიხსენა, რომ ნიკა გილაურის კანდიდატურას 2020 წლის არჩევნებისას განიხილავდა პარტია:

„ის წარმოადგენს საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნეს–ოჯახს – „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელ ოჯახს, ბუნებრივია, თავისი ფინანსური ინტერესები და წონაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკაში. მისი საქმეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას. მისი სახელი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით 2020 წელს გაჟღერდა – იხილებოდა საარჩევნო სიაში მისი კანდიდატად ჩართვის საკითხი. ეს საკითხი მოიხსნა მაშინ, როდესაც პრემიერ–მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა“.

ოპოზიციაში კონკრეტიკა უჭირთ, თუმცა „ქართული ოცნების“ „მაშველ რგოლად“ სატელიტი პარტიის შექმნის მცდელობა მოსალოდნელად მიაჩნიათ. ანალოგიური ხედვა აქვს პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილსაც. საქმე იმაშია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით უნდა გაიმართოს (მმართველი გუნდი გამოვიდა დაპირებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე არაა შესრულებული). ამ პირობებში კი თითოეულ მანდატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობის ფორმირების საკითხში. შესაბამისად, პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის ხედვით, მმართველი ძალა ფართო „ფრონტს“ გახსნის და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში შეეცდება საარჩევნო ხმების დაბევებას. ამ ლოგიკის მიხედვით, კერძოდ, ევროსკეპტიკოსების კონსოლიდაციას საპარლამენტო უმრავლესობის წიაღში შექმნილი „ხალხის ძალის“ ირგვლივ ცდილობს, მათ შორის ენმ–ის მოწინააღმდეგეების – „ქართული ოცნების“ ირგვლივ და სრულიად ბუნებრივია, ოპოზიციურ ველზე წარმოადგინოს სატელიტი პარტია ახალი პოლიტიკური მოთამაშეებით, მით უფრო, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები დიდი ხანია, ამომრჩეველთა მინიმუმ 60%–ის მხრიდან ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის „წყურვილზე“ და არსებული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ღრმა ნიჰილიზმზე მიუთითებს, რაც ქართულ სინამდვილეში, დიდწილად სახელისუფლებო პარტიების სასარგებლოდ მუშაობდა. მაგრამ ვინაიდან არავინ იცის, რა გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ამგვარ ამომრჩეველს ქვეყანაში შექმნილი მრავალმხრივი პრობლემები (დარჩება შინ, თუ წავა არჩევნებზე და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემს ხმას), პოლიტიკის კომენტატორთა ნაწილს ლოგიკურად მიაჩნია მმართველი პარტიის მხრიდან, ამ სეგმენტს შესთავაზოს ახალი პოლიტიკური ჯგუფი და ამგვარად სცადოს პროცესის მართვა.

პოლიტკის მიმომხილველ ირაკლი მელაშვილს კი აქვს მოლოდინი, რომ როგორც მმართველი ძალა, ისე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ირგვლივ თავმოყრილი პოლიტიკოსები შეუდგებიან ყველა შესაძლო ახალი პოლიტიკური ჯგუფის დისკრედიტაციას.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლანდელი ენმ-ის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსები პრევენციულად დაიწყებენ ყველა შესაძლო ახალი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციას მათი ბიძინა ივანიშვიის პროექტად გამოცხადებით. იგივეს იზამს "ოცნება" და ეცდება, ყველა ასეთი პროექტი "ნაციონალური მოძრაობისგან" მართულად წარმოაჩინოს. მიზანი ნათელია, არა ნაც-ქოცური პარტიის შესაძლო გაჩენა (დღეს ძალიან ჰიპოთეტური ვარიანტია, მაგრამ მაინც) სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური და მის ორბიტაზე მოტრიალე პარტიებისთვის. ამას საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა ადასტურებს. (65% ზოგი გამოკითხვით კი ამაზე მეტია ასეთი პოლტიკური ძალის პოტენციური ამომრჩეველი) ამიტომ ძალიან ეშინიათ და ამ საქმეში ენმ და "ოცნების" პროპაგანდისტები ერთად იქნებიან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S