Accentnews.ge
ცქიტიშვილი: „ხელის დაფარება არ გამოვა! მოუწევთ რეაგირება!“

ცქიტიშვილი: „ხელის დაფარება არ გამოვა! მოუწევთ რეაგირება!“

28/03/2023 12:18:42 კომენტარი

კოლაბორაციას ვხედავთ კონკრეტულ ტელევიზიას, ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებს შორის,– ამგვარად აფასებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი თათია სამხარაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, რამდენიმე ქალის მიერ „პოსტ ტვ“–ს ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას და მასზე სახელისუფლებო გუნდის რეაქციას, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობას.

მისი დაკვირვებით, სახელისუფლებო ტელევიზია და მმართველი გუნდი მძიმე ბრალდებების პოლიტიკურ, პარტიათაშორის დაპირისპირების ჭრილში გადატანას ცდილობს.

„სახეზე გვაქვს ბრალდება, საკმაოდ დასაბუთებული და ვხედავთ, რომ სახელისუფლებო შტოების ძირითადი ნაწილი ჩაბმულია კამპანიაში, არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ გადაარჩინოს კონკრეტული ადამიანის იმიჯი, რეპუტაცია თუ ა.შ. მეორეს მხრივ, ცდილობს, მოახდინოს დისკრედიტაცია ხალხის, რომლებიც ადამიანს კონკრეტულ დანაშაულს ედავებიან. თავად ვიყავი მონაწილე სექსუალური შევიწროების კანონის მიღების. მაშინ ამჟამინდელი უმრავლესობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი მას, მაგრამ რად გვინდა კანონი, თუ კონკრეტულ სიტუაციაში, მით უფრო, როდესაც გავლენიან ადამიანს ეხება საქმე, სახელმწიფო უუნაროა, ან მონაწილეობს მსხვერპლის დისკრედიტაციის მცდელობაში, რომ საზოგადოებში სხვაგვარი პოზიცია ჩამოყალიბდეს?! ეს დავინახეთ კონკრეტულად ნათია სამხარაძის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში. კოლაბორაციას ვხედავთ ტელევიზიას, ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებს შორის“,– ამბობს ცქიტიშვილი“.

რაც შეეხება ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის მოტივაციას, ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ „პოსტ ტვ“ „დაემსგავსა იმას, რა იდეასაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ ებრძოდა. ეს იყო „რეალ ტვ“, რომელიც წარმოუდგენელ მწვერვალებს აღწევდა და „პოსტ ტვც“ ამ მიმართულებით წავიდა“:

„გამოდის, რომ ხელისუფლება „აპრავებს“ თავის პროპაგანდისტულ სივრცეს და ცდილობს, დანაკარგების გარეშე გამოვიდეს [ვითარებიდან] – როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ეს დიდი დანაკარგი ღირებული იქნება და ცდილობს, კვლავ „ნაცებსა და ქოცებს შორის დაპირისპირებაში გადაიტანოს ეს ყველაფერი, თითქოს ეს შეთქმულებაა მათ წინააღმდეგ. ცდილობენ არაფერი დათმონ, სინამდვილეში კი ზიანდება სახელმწიფო, მათ მიერ მიღებული კანონები ხდება უფუნქციო, რაც მათაც აზიანებს: ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთ შემთხვევებზე, რომლებიც ძალიან თვალსაჩინოა, რეაქცია არაა. გამოძიება კი არა, განცხადების დონეზეც კი ვერავინ გაბედეს სოლიდარობის გამოცხადება. არადა, საფუძვლიან ბრალდებებთან გვაქვს საქმე. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გენდერული საბჭო, როგორც წესი, უნდა იდგნენ მსხვერპლის მხარეს, ხოლო უდანაშაულობის პრეზუმფცია სხვა სტრუქტურების ფუნქციაა. ამას ვერ ვხედავთ, როგორც ჩანს კონსოლიდირებული შიში აქვთ, რომ საზოგადოების ამგვარი ზეწოლით შესაძლოა, დაზიანდეს მათი პოლიტიკური ძალაუფლება. ვფიქრობ, ძალიან მძიმე გარემოებებში გადავდივართ. რთული დასანახია, როგორ შეიძლება გახადონ ასეთი საქმე თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნების საყრდენად. ხელის დაფარება არ გამოვა! ასეთი ბრალდებები უპასუხოდ არ დარჩება! დღეს იქნება თუ ხვალ, მოუწევთ პასუხის გაცმა, რადგან ძალიან თვალსაჩინოა! მით უფრო, როდესაც მტკიცებულებებიც არის წარმოდგენილი და ამაზე უბრალოდ არ რეაგირებენ შესაბამისი ინსტიტუტები, ეს უკვე დანაშაულია! ვერსად წაუვლენ, მოუწევთ რეაგირება! გადატანა, რომ „ნაციონალები“ გეგმავენ რაღაც კონსპირაციას, აღარ ჭრის, არ არის საკმარისი რომ ჩვენ თვალი დახუჭოთ ყველაფერზე“.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც.

სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში.

სამხარაძესა და სხვა ქალებს, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, მხარდაჭერა არ გამოუცხადა სახელმწიფოს არცერთმა შტომ, გარდა პრეზიდენტისა. მეტიც, შალვა რამიშვილის კრიტიკაზე საუბრისას გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ იგი „ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგია“ (შალვა რამიშვილი 2005 წელს გაასამართლეს), ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ პრეზიდენტის პოზიციონირების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის „გავრცელებულ ტენდენციასაა აყოლილი“.

27 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამართლების კუთხით. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და უნდა რცხვენოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S