![[ვიდეო] BBC პუტინის ჰოლოგრამის მონაწილეობით პროგრამას „ამაღამ პუტინთან“ იწყებს](https://new.accentnews.ge/storage/files/835.jpg)
[ვიდეო] BBC პუტინის ჰოლოგრამის მონაწილეობით პროგრამას „ამაღამ პუტინთან“ იწყებს
22/05/2019 13:54:31 სხვა, ეს საინტერესოა
ბრიტანულმა ტელეარხმა BBCTwo კომედიურ პროგრამა „ამაღამ პუტინთან“ წამოიწყო, რომლის წამყვანის როლში მაყურებელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამგანზომილებიან გამოსახულებას იხილავს.
„დათვებთან ბრძოლის ყველასთვის საყვარელი მსოფლიო ლიდერი, მეუფე ვლადიმირ პუტინი, ბოლოს და ბოლოს, აღწევს თავის საბოლოო მიზანს – ჩატს BBC–ს ეთერში. ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალი სამყაროს ლიდერ ვლადის გამარჯვების ნიშანი იქნება“, – ნათქვამია პროგრამის ანონსში, რომელიც არხის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის სამგანზომილებიანი გამოსახულება შეძლებს, ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გადაცემის სტუმრებს ინტერვიუ ჩამოართვას და გადასაღებ პავილიონში იმოძრავოს. მისი პირველი სტუმარი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრ ტონი ბლერის ყოფილი პრეს–მდივანი და მრჩეველი ალისტერ კემპბელი იქნება.
ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში კრემლში განაცხადეს, სახელმწიფო რუსეთში BBC–ს მუშაობას შეამოწმებს. იანვარში კი "როსკომნადზორმა" გამოაცხადა რომ BBC–ს რუსული სამსახური „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების იდეოლოგიურ ნარატივებს ტრანსლირებს“. მოგვიანებით, აპრილში იმავე უწყებაში განაცხადეს, რომ მაუწყებლის მუშაობაში დარღვევები აღმოაჩინეს, თუმცა სანქციები BBC–ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწესდებოდა, თუკი ბრიტანეთში მაუწყებლობის წესების დარღვევისთვის რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT (ყოფილი „რუსსია თუდეი) დაისჯებოდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021