
ბალკანური სკანდალი - როგორ მუშაობენ ბულგარეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები რუს ჯაშუშებთან ერთად
06/11/2019 07:07:56 თვალსაზრისი, ანალიზი
რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის საფარველ ქვეშ მოქმედი ჯაშუში გამოააშკარავა. ამ გრუ-ს ფარული ოფიცრის ვლადიმერ რუსიაევის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდა, რის შედეგადაც მისი ჯაშუშური საქმიანობის დეტალები დადგინდა. რუსი ჯაშუშის გამოაშკარავებას წინ უძღოდა ბულგარეთში მოქმედი მოძრაობა „რუსოფილის“ ხელმძღვანელის, ბულგარეთის მოქალაქის ნიკოლაი მალინოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. ამა წლის სექტემბერში, ის და ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დააკავეს კიდეც.
საინტერესოა, რატომ დაინტერესდნენ ბულგარეთის სამართალდამცველები კონკრეტულად ამ ორგანიზაციით? რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ რეალურად კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობის უკან პროპაგანდისტული და ჯაშუშური მანქანა მოქმედებს?
როგორც ირკვევა, ეროვნული მოძრაობა „რუსოფილი“ ბულგარეთში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებს შორის არის ბულგარეთსა და რუსეთს შორის არსებული სულიერი, მართლმადიდებლური და ისტორიული „მიჯაჭვულობის“ გაღრმავება და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. ასევე, „რუსოფილების“ აზრით, გლობალიზაციის პირობებში ბულგარეთსა და რუსეთს შორის კულტურული, რელიგიური, სპორტული და მეცნიერული ურთიერთობების გაღრმავება, ბულგარელ ერს გადაარჩენს. ანუ „რუსოფილების“ აზრით, ბულგარელები, რომლებიც უკვე წლებია ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ცხოვრობენ, მაინც ვერ გადარჩებიან, თუ რუსეთთან „მჭიდროდ“ არ ითანამშრომლობენ.
„სპუტნიკთან“ ინტერვიუში, ნიკოლაი მალინოვი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას "პოლიტიკურ ტერორად" აფასებს. საინტერესოა, რომ აცხადებს - ეს არის დიდი დარტყმა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც „რუსეთი უყვართ“. ასევე, აღიარებს, რომ ეს არის დარტყმა ორგანიზაციის მომავალი გეგმების მიმართ, რადგან მალინოვს სურდა საერთაშორისო რუსოფილური ორგანიზაცია შეექმნა, ახლა კი ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული.
ის, რომ „რუსოფილები“ მთელი ძალებით ცდილობენ ბულგარეთის დაჭერას რუსეთის ორბიტაზე, ამაზე მათი აქტივობები მეტყველებს. „რუსოფილები“ ძალიან აქტიურობენ კულტურულ-საგანმანათლებლო განხრით: ორგანიზებას უწევენ შემოქმედებით კონკურსებს, მუსიკალურ ღონისძიებებს, საბავშვო კონკურსებს, ასევე ატარებენ აქციებს, მიტინგებს. „ჩვენი საქმეა-ხიდების დაგება“ და არა ჯაშუშობა -ამბობს ეს ადამიანი. მისი აზრით, სწორედ ამის გამო ესხმიან თავს, რადგან ამ ფესტივალების და კონკურსების მეშვეობით ხალხს თავის იდეებს უზიარებენ. „როდესაც 16 წლის წინ ჩვენს საქმიანობას ვიწყებდით, ბულგარელების მხოლოდ 8-9 % თვლიდა რომ რუსოფილი იყო. ახლა კი ჩვენი დათვლით, ასეთი ბულგარეთში უკვე 82%“-ია, ამბიციურად აცხადებს იგი. ასევე, ამტკიცებს, რომ ნატოში ბულგარეთის გაწევრიანება დიდი შეცდომა იყო.
თუ რამდენად ძლიერი კავშირები აქვს მალინოვის ორგანიზაციას რუსეთთან და კრემლის მიერ მართულ ორგანიზაციებთან, ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს. მალინოვი პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ ორგანიზაციებთან „ორთავიანი არწივის საზოგადოება“ და „სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტი“. პირველი მათგანი ეკუთვნის ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს, ხოლო მეორეში „გრუ“-ს ყოფილი გენერალი ლეონიდ რეშეტნიკოვი მოღვაწეობს. ბულგარულ მედიაში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას, რომ სწორედ ამ პირებისგან იღებდა ფინანსებს და ინსტრუქციებს მართული ბულგარეთის მოქალაქე ნიკოლაი მალინოვი. რეშეტნიკოვსაც და მალოფეევსაც ბულგარეთის მიწაზე ფეხის შედგმა 10 წლით აეკრძალათ.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინ მალოფეევი რუსული იმპერიული იდეოლოგიის ერთ-ერთი რუპორი, ყირიმის ანექსიის პროპაგანდისტული პლატფორმის შემქმნელი და ევროპული სანქციების სიაში მოხვედრილი პირია. გავრცელებული ინფორმაციით, მალოფეევი უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას იდეებით, ფულით და კადრებითაც ახდენდა. რუსული პროპაგანდისტული ტელევიზია „ცარგრადის“ შემქმნელი მალოფეევი ამავე დროს მსოფლიო რუსული ეროვნული სობოროს ერთ-ერთი ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ მალოფეევის საქველმოქმედო ფონდები და ცენტრები გადაჯაჭვულია „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ რუსეთის წარმომადგენლობასთან.
რა თქმა უნდა, „რუსოფილების“ მავნებლური საქმიანობის გამოაშკარავებას, მალოფეევიც და რეშეტნიკოვიც ირონიულად გამოეხმაურნენ. აცხადებენ, რომ დასავლეთს სურს რუს და ბულგარელ ძმებს შორის უთანხმოება დათესოს. მალოფეევი იმასაც ამბობს, რომ ბულგარეთში სახეზეა პროვოკაცია, რომელიც წააგავს იმ რუსოფობიურ პროვოკაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში დაფიქსირდა. თუმცა, რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ სხვადასხვა ხალხების და რუსი „ძმების“ ურთიერთობების საჭიროებაზე, ფაქტია, რომ კრემლის ზრახვები კვლავ შიდა პოლიტიკური სივრცეების ასარევად არის მიმართული. ამისთვის ისინი კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო სფეროებს იყენებენ, რადგან სწორედ ასე მოქმედებს კარგად შენიღბული, მაგრამ მავნებლური რუსული „რბილი ძალა“.
სოფიო ტყაბლაძე
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021