
როგორ ანადგურებს უკრაინასთან ომი რუსულ სპეცსამსახურებს
22/02/2023 06:11:55 ანალიზი
ახლოვდება პუტინის რუსეთის მიერ მორიგ სუვერენულ დამოუკიდებელ მეზობელზე - უკრაინაზე თავდასხმის წლისთავი და მთელს მსოფლიოში განვლილი წლის შედეგებს აჯამებენ.
უკრაინა
დავიწყოთ უკრაინით, რომელმაც გასული წლის სექტემბრის კონტრშეტევის შედეგად პუტინის ჯარის მიერ ახლადოკუპირებული ტერიტორიების ნახევარზე მეტის განთავისუფლება შეძლო, ახლა კი მეორე მსხვილი კონტრშეტევისთვის ემზადება და ამ მიზნით მხოლოდ ერთს - დასავლელი პარტნიორებისგან კიდევ უფრო სერიოზული იარაღის მიწოდებას ელის, რომლის პირველი ნაწილი ბრძოლის ველზე უკვე მარტში გამოჩნდება:
- ქვეყნის მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელები, ყველა იმ საშინელების მიუხედავად, რომელიც მათ მიწაზე ტერორისტმა მეზობელმა დაატრიალა, არათუ დანებებას არ აპირებენ, დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში და მტრისგან ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე (ყირიმის ჩათვლით) აპირებენ ბრძოლას. შესაბამისად, უკრაინული მიწების სრულ დეოკუპაციაზეა ორიენტირებული პრეზიდენტი ზელენსკიც;
- კიევის დასავლელი პარტნიორები, პუტინის მოლოდინების საპირისპიროდ, ერთიანობას ინარჩუნებენ, აცხადებენ, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რომ კიევის დახმარებას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ დასჭირდება;
- საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის უკვე განსაზღვრული აქვს კოლოსალური თანხა, რომლის ნაწილს რუსეთის ანგარიშებზე გაყინული რესურსები წარმოადგენს;
- უკრაინული ჯარი სულ უფრო მეტად იწრთობა თანამედროვე ომის წარმოებაში და ომის დასრულების შემდეგ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს არმიად ჩამოყალიბდება;
- უკრაინამ მიიღო და სამომავლოდ კიდევ მიიღებს იარაღსა და შეიარაღებას, რომლის მსგავსი ომამდე არასდროს ჰქონია;
- უკრაინის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და როგორც ანალიტიკოსები თანხმდებიან, ევროპის ეს უმსხვილესი ქვეყანა ომის დასრულების შემდეგ კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფოდაც ჩამოყალიბდება;
- პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის რეიტინგი ომამდე უკრაინაში არცთუ მაღალი იყო, რუსეთი კი ცდილობდა, “მასხარად” წარმოეჩინა, სადღეისოდ გმირი და ავტორიტეტული ლიდერია როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მსოფლიო არენაზე.
რუსეთი
თავის მხრივ, პუტინმა მორიგ მეზობელ სახელმწიფოზე ვერაგული თავდასხმით დასახული მიზნების საწინააღმდეგო შედეგებს მიაღწია და ყოველდღიურად მხოლოდ ამძიმებს რუსეთის უკვე ისედაც ძალზე არასახარბიელო მომავალს:
-
- მას სურდა, რუსეთი “დიად დერჟავად” წარმოეჩინა, მაგრამ ამის ნაცვლად მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განკვეთილ, ყოველდღიურად სულ უფრო სუსტ, სამარცხვინო, ტერორისტულ სახელმწიფოდ აქცია;
- პუტინი ირწმუნებოდა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოების არდაშვების მიზნით განახორციელა, მაგრამ მიაღწია იმას, რომ ოდითგანვე ნეიტრალური ფინეთი და შვედეთი ახლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრიანდებიან და რუსეთს ნატო-სთან 1300-კილომეტრიანი უშუალო საზღვარი ექნება;
- პუტინი “გახრწნილი კოლექტიური დასავლეთის მავნე ზემოქმედებისგან მსოფლიოს დახსნას” აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად აიძულა მსოფლიო, ამჟამინდელი რუსეთის პოლიტიკის ყოვლად დესტრუქციულ არსზე აეხილა თვალი და დასავლეთის ქვეყნები გააერთიანა ისე, როგორც “ცივი ომის” დროსაც კი არ ყოფილან შეკრულები;
- იღწვოდა რა, მეზობელი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო მიეერთებინა, პუტინმა მინიმუმ, რამდენიმე ათწლეულით მაქსიმალურად დააშორა უკრაინა რუსეთს;
- ცივილიზებული მსოფლიოს რუსული არმიით შეშინების ნაცვლად, პუტინმა “მსოფლიოს №2 ჯარის” შესახებ მითი ყველას თვალწინ გააცამტვერა; რუსული არმიის არაერთი ელიტური ქვედანაყოფი განადგურებულია; უმნიშვნელოვანესი დანაკარგები განიცადა ფლოტმა; დაღუპულია არაერთი წამყვანი სამხედრო მაღალჩინოსანი; რუსეთმა კვალიფიციური სამხედრო ხელმძღვანელების მთელი თაობა დაკარგა; კატასტროფულადაა შემცირებული იარაღისა და შეიარაღების მარაგებიც, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა;
- “დერჟავის მუხლებიდან წამოყენების” დეკლარირებული მიზნის ნაცვლად, პუტინმა თავისი ქვეყანა ქაოსში გადაჩეხა და დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა; რუსეთი უკვე მილიონამდე მოქალაქემ დატოვა და კიდევ ტოვებს; ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივა ჩამოიშალა, - თანხმდებიან მსოფლიო ეკონომისტები; ქვეყნის განვითარება მრავალი ათწლეულით შეფერხდა; რამდენიმე რეგიონი უკვე აცხადებს სურვილს, ფედერაციას გამოეყოს;
- თავად პუტინი ავტორიტეტული მსოფლიო ლიდერიდან იქცა განკვეთილ პერსონად, რომელთან ურთიერთობაც ცუდ ტონად ითვლება. მისგან ნელ-ნელა ტრადიციული პარტიორებიც კი დისტანცირდებიან, არ სურთ რა პრობლემები მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან და საკუთარი ავტორიტეტის შელახვა;
- სამშობლოში კი პუტინის ბედი ბეწვზეა ჩამოკიდებული: ხედავდა რა ფრონტზე მოვლენების რუსეთისთვის არასახარბიელოდ განვითარებას, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იგი დაჟინებით ითხოვდა მოლაპარაკებებს, რათა კონფლიქტი იმ დროისთვის მიღწეულ მცირე შედეგზე მაინც “გაეყინა” და ეს რუსი ხალხის წინაშე “დიდ გამარჯვებად” გაესაღებინა, თუმცა ამაოდ; ამაო აღმოჩნდა უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების ბირთვული იარაღით დაშინების მცდელობებიც; ახლა, განცდილი უდიდესი დანაკარგების გათვალისწინებით, პუტინს სხვა გზა აღარ აქვს, თუ არა გააგრძელოს წამგებიანი ომი, რომელსაც ყოველდღიურად უკვე 500-დან 1000-მდე თანამოქალაქეს სწირავს, მაგრამ მთელი უკრაინიდან დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე შეკვეცილ მიზანსაც კი ვერ აღწევს, რაც მას საკუთარი გარემოცვის მიერ ლინჩის წესით გასამართლების საფრთხის წინაშე აყენებს.
აი, ასეთია ამ დროისთვის რუსეთის ავტორიტარი ტერორისტი მმართველის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს წამოწყებული მორიგი იმპერიალისტური ავანტიურის ძირითადი შედეგები. მაგრამ ეს არასრული ჩამონათვალია ზიანისა, რომელიც ჩვენს ჩრდილოელ ოკუპანტ მეზობელს ამ ომით მიადგა და დღეს ყურადღება მინდა, დავუთმო კიდევ ერთ – უხილავ ფრონტს, რომელზეც რუსეთი აგებს.
რუსული სპეცსამსახურებისთვის მსოფლიო შეიცვალა
ირკვევა, რომ საკუთარი მოქმედებით КГБ-ს თანამშრომელმა პუტინმა, რომელიც ამ რანგში თავის დროზე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსახურობდა, დამაგრეველი დარტყმა მიაყენა უცხოეთში რუსეთის სპეცსამსახურებსაც. განვლილი წლის განმავლობაში მათ გაცილებით უფრო დიდი ზიანი განიცადეს, ვიდრე “ცივი ომიდან” გასული მთელი პერიოდის განმავლობაში, - წერს “The Washington Post” დასავლური სპეცსამსახურებისა და მთავრობების მთელ რიგ თანამშრომლებთან საუბრებზე დაყრდნობით.
ამ უკანასკნელთა თქმით, დანაკარგების მასშტაბი მოულოდნელი აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურებისთვის და მნიშვნელოვნად შეარყია მათი უნარი, ევროპაში გავლენის ოპერაციები აწარმოონ, აგენტურასთან დაამყარონ კავშირები, პრინციპში შეინარჩუნონ აგენტურული ქსელები და კრემლი მნიშვნელოვანი ინფორმაციით ამარაგონ, იმის ჩათვლით, რამდენად მზად არიან დასავლელი ლიდერები, განაგრძონ უკრაინის სამხედრო დახმარება.
“რუსული სპეცსამსახურებისთვის მსოფლიო ძალიან შეიცვალა”, – ამბობს ფინეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ანტი პელტარი:
“მათი შესაძლებლობები სერიოზულადაა შერყეული ჯაშუშების მასობრივი გაძევებით, მათ შორის – მათი, ვინც დიპლომატიურ საფარქვეშ მუშაობდა, ასევე აგენტების დაკავებითა და მთლიანობაში ევროპაში უფრო მტრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებით”.
გარდა ამისა, საქმეს დაეხმარა ევროპისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაც, - უამბეს გამოცემას ოფიციალურმა პირებმა.
ასე, მაგალითად, ომის დაწყებამდე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა გერმანიას რუსული საფრთხისადმი არასაკმარისად სერიოზული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდა, ახლა კი ვითარება შეცვლილია: გასული წლის ბოლოს გერმანელებმა დაზვერვის ფედერალურ სამსახურში “ვირთხის” გამოსავლენად ოპერაცია ჩაატარეს და მაღალი რანგის ოფიცერი დააკავეს, მიმდინარე წლის იანვარში კი აშშ დაეხმარა გერმანიას, დაეკავებინა ხსენებულ ოფიცერთან კონტაქტში მყოფი გერმანელი, რომელიც საიდუმლო მონაცემებს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს აწვდიდა.
იხილეს რა, რაოდენ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ რუსული სპეცსამსახურები, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გადაწყვიტეს, მომენტით ესარგებლათ და ევროპელი კოლეგებისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება გაეაქტიურებინათ, - ყვებიან გამოცემის წყაროები.
შვედეთმა, ნორვეგიამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების დაკავებასა და აგენტურულ ქსელებთან ბრძოლაში აშშ-ის პროდუქტიული დახმარების შესახებ უკვე განაცხადეს.
გარდა ამისა, რუსეთის უშიშროების სამსახური და სადაზვერვო სამმართველო ამჟამად დიდწილად კონცენტრირებულები არიან უკრაინულ ფრონტზე არსებულ პრობლემებზე, რომლებიც, მათ შორის, სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მზადებისას მათი კატასტროფული შეცდომებითაა გამოწვეული.
დასავლური სპეცსამსახურების მაღალი რანგის წარმომადენლების განცხადებით, ამჟამად რუსეთი ცდილობს, ხელახლა დააკომპლექტოს ევროპაში თავისი საელჩოები ჯაშუშებით.
ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურ МИ-5-ის დირექტორმა კენ მაკკოლუმმა გასულ წელს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარყო დიპლომატიურ ვიზებზე რუსეთიდან მიღებული 100-ზე მეტი განაცხადი. მანამდე ლონდონმა სერგეი სკრიპალის მოწამლვის საპასუხოდ ქვეყნიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 23 რუსი გააძევა.
ცდილობენ რა სადაზვერვო ქსელების აღდგენას, რუსეთის სპეცსამსახურები ამჟამად იძულებულები არიან, გადადგან ნაბიჯები, რომლის მსგავსისთვის, თანამშრომელთა გამოვლენის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ადრე არ მიუმართავთ.
“მათი მხრიდან რისკზე წასვლის მზადყოფნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რიგ შემთხვევებში – იმდენად, რომ ეს, პირდაპირ ვთქვათ, სასოწარკვეთის ნიშანია”, – განუცხადა გამოცემას ამერიკული კონტრდაზვერვის თანამშრომელმა. ამის მაგალითად მას ერთი ევროპული ქვეყნიდან გაძევებული აგენტების მეორეში შეგზავნის მცდელობები მოჰყავს.
“არ გვაქვს ილუზია, რომ რუსები ევროპაში საკუთარი აგენტურული ქსელების ახლიდან ჩამოყალიბების მცდელობებს შეწყვეტენ, მაგრამ ჩემი ქვეყანაც და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც ამჟამად გაცილებით უფრო აქტიურად თანამშრომლობენ ინფორმაციის გაცვლის კუთხით და ბოლო პერიოდში არ მახსენდება არც ერთი წარმატებული შემთხვევა, რუსეთს თავისი ჯაშუშისთვის სამოქმედო ქვეყნის შეცვლისთვის მიეღწიოს” – განუცხადა გამოცემას დასავლური დაზვერვის კიდევ ერთმა ჩინოსანმა.
ლტოლვილთა დიდი ნაკადების ფონზე მოსკოვი სხვადასხვა ქვეყნებში სპეცსამსახურების ახალ-ახალი თანამშრომლების შეგზავნასაც ცდილობს, მაგრამ მათ არ აქვთ ევროპაში იმგვარი დაცულობა და პრივილეგიები, როგორიც დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე ჯაშუშებს და ამასთანავე, აშკარად აკლიათ გამოცდილება, მომზადების დონე და ინფორმაციის წყაროები, უკვე დეპორტირებულ ჯაშუშებთან შედარებით, - ამბობენ დასავლელი ჩინოსნები.
ცნობილია ასევე ევროპულ სტრუქტურებში სხვა ქვეყნებიდან “არალეგალების” შეღწევის მცდელობების შესახებ. საუბარია რუსეთის აგენტებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში წლობით ეწეოდნენ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას. ასე, მაგალითად, გასულ წელს ამსტერდამის აეროპორტში შეჩერებული ბრაზილიური პასპორტის მქონე მგზავრი აცხადებდა, რომ სტაჟორად მოეწყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. თუმცა გაირკვა, რომ ეს იყო რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი სერგეი ჩერკასოვი, რომელიც ბრაზილიაში ჯერ კიდევ ათი წლის წინ მიავლინეს. იქ ჩერკასოვი მთელი ეს წლები ყალბი საბუთებით ცხოვრობდა და ამ პირობებში მაინც შეძლო დუბლინის თრინითი-კოლეჯსა და ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლაში სწავლა. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლაც მოეწყო სტაჟორად ჰააგის სასამართლოში, რომელიც, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებს იძიებს. ნიდერლანდებმა ჩერკასოვი ბრაზილიაში გააძევა, სადაც იგი ამჟამად სასჯელს იხდის რამდენიმე, მათ შორის საბუთების გაყალბების ბრალდებით.
რა ვითარებაა ამ ფონზე საქართველოში
ახლა ვნახოთ, რა ხდება ზემოაღნიშნულის ფონზე ჩვენს ქვეყანაში:
- თუ აქამდე საქართველოს ოკუპანტის, მტრისა და მთავარ საფრთხედ ოფიციალურად აღიარებული რუსეთის სასარგებლოდ ანტიდასავლურ პროპგანდას სხვადასხვა პრორუსული ჯგუფები და ცალკეული პერსონები აწარმოებდნენ, ბოლო დროს მასში უკვე ღიად ჩაერთო მმართველი ძალა მისგან ფორმალურად გამიჯნული “ხალხის ძალითურთ”.
- პარალელურად, უკრაინის ომის ფონზე რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში საქართველოში რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის ათასობით მოქალაქეა შემოსული. კერძოდ, როგორც 21 თებერვალს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, 2023 წელს, 1 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში რუსეთის დაახლოებით 137 000 მოქალაქე შემოვიდა, 150 913 გავიდა, 2022 წელს შემოვიდა 869 874 და გავიდა 809 873. მისივე თქმით, მართალია, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა 2020–2021 წლებთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა 2018-2019 წლებთან შედარებით – შემცირებული და “უბედურება ნამდვილად არ ხდება”. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, „ბევრი მათგანი ტაქსაობს და შეიძლება, დღეში 3-5-ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს რუსეთიდან”.
- პარალელურად, საქართველოში რეგისტრირებული 22 400-მდე რუსული კომპანიიდან 66% (15 000-მდე ახალი ბიზნესი) 2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაფუძნდა, - იუწყება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI). ირკვევა, რომ საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ, საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.
TI მიიჩნევს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს ტრადიციულად იყენებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია.
საფრთხეებსა და რისკებზე ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ბესო ალადაშვილიც.
„საინფომაციო ველი გადაიფარა სხვა საკითხებით და რეალური პრობლემები არ ჩანს. მაგალითად, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება, რა ხდება ეკონომიკაში - რამდენად არის შემოსული რუსული რესურსები. ამასთან, ყოველთვის ვამბობდი, რომ სახალხო დიპლომატია კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, პუტინის რეჟიმი ამ რესურსს სათავისოდ იყენებს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსი და ბელარუსი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი IT-სპეციალისტია. ამ ფონზე მივიღე პასუხები, რომ სადღეისოდ ისინი “ენებს ასწავლიან”, რომ “ფინანსურ სექტორში საქმიანობენ” და ა.შ. ვართ კი დაზღვეულები, რომ საქართველოში არ მივიღებთ ჰაკერულ დაჯგუფებებს, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიან ჩვენც და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსაც? ამაზე ცხადია, უნდა იმუშავოს სუს–მა“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ალადაშვილი და იქვე დასძენს, რომ ბოლო დროს მმართველი გუნდის ჩართულობით გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანიის ფონზე ამის იმედი ნაკლებია:
“ხდება სტრატეგიული არჩევანის ნიველირება: რა გზავნილები ისმის, მაგალითად, პარლამენტიდან? - ერთ „დაფაზეა“ ამერიკაც და რუსეთიც! თუ ამ დრომდე ვერ გავარკვიეთ, ვინ არის მტერი, ვინ – სტრატეგიული პარტნიორი, ეს კატასტროფაა! ვფიქრობ, ან სტრატეგიული ხედვა არაა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ან ხდება პროდასავლური კურსის რევიზია, მათ შორის - სპეცსამსახურების დონეზეც: როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, ეს როგორ იმოქმედებს სუს–ის რიგით შემადგენლობაზე? თუ #1 მტრის და #1 პარტნიორის ცნებები აირია, წარმოიდგინეთ, რომ სპეცსამსახურებშიც, თავდაცვის სამინისტროშიც – ყველა ძალოვან უწყებაში მინიმუმ, ქაოსი იქნება; ოპერატიული შემადგენლობა ვის ებრძოლოს – აშშ–ის საელჩოს, თუ რუსეთის აგენტურას?!”.
ამასთან დაკავშირებით იგი 1990–იანი წლების ისტორიას იხსენებს:
“ჯერ იგორ გიორგაძე იყო უშიშროების მინისტრი, შემდეგ შოთა კვირაია გახდა. უწყებას ფული არ ჰქონდა და ამერიკელებმა უშიშროების ერთ–ერთ სამსახურს უყიდეს ახალი ავტომობილები, ძირითადად 07–ები. შემდგომში კი ამერიკის საელჩო გაგიჟებული იყო, „მანქანები გიყიდეთ და ისევ ჩვენ გვითვალთვალებთო?!”, - ამერიკლეებს დასდევდნენ გიორგაძის და კვირაიას ხალხი - და გასაგებია ხომ, ვისი დავალებითაც? არ არის გამორიცხული, ამჟამადაც იგივე ვითარება იყოს და ფაქტობრივად, იმ ტოტს ვჭრიდეთ, რომელზეც ვზივართ“.
როგორც ალადაშვილი აღნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორს სოლიდური რესურსი აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის ძალოვანი უწყებების, მათ შორის დაზვერვის სამსახურის უნარების განვითარებაში, რომელიც, მისი შეფასებით, სადღეისოდ “კონტექსტიდანაა ამოვარდნილი”. ანალიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული სპეცსამსახურები, 1990-იანი წლების მსგავსად, ამ რესურსებს საქართველოს პარტნიორების წინააღმდეგ არ იყენებენ.