Accentnews.ge
„სერბეთიზაცია“: რაში სჭირდება „ოცნებას“ „აგენტების“ კანონი

„სერბეთიზაცია“: რაში სჭირდება „ოცნებას“ „აგენტების“ კანონი

21/02/2023 16:33:25 ანალიზი

როგორც დაანონსდა, „ქართული ოცნება“ გეგმავს, მხარი დაუჭიროს ე.წ. „განდგომილების“ მიერ შემოთავაზებულ პროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა, აქტუალობა დაუკარგოს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 წინაპირობას და საფრთხე შეუქმნას უკვე მიღწეულ პროგრესს. საქმე იმაშია, რომ პროექტის მიხედვით, ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“. სწორედ ამგვარი კანონი გამოიყენა რუსეთში პუტინის რეჟიმმა ინსტრუმენტად, ჩაეხშო ოპოზიციური აზრი – კრიტიკოსთა ნაწილი ამჟამად ციხეში ზის, ნაწილი ემიგრაციაშია, ხოლო ნაწილი აიძულეს, დუმილის რეჟიმში გადასულიყო.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა შეახსენა მმართველ გუნდს, რომ „სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია“ და რომ „ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია“. ასევე შეახსენა, რომ „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცეს, დაიცვას და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი პირობა სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის“.

გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ მორიგ გაფრთხილებას, რომელიც დრამატული სისწრაფით დებს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ახალ–ახალ ნაღმებს, ამ მიმართულებით კომენტატორთა მოლოდინი არც თუ ოპტიმისტურია, ხედავენ რა პროექტისადმი მმართველი გუნდის სტრატეგიულ ინტერესს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერის, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, „ქართული ოცნება“, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, „დიდი ხანია, გადასულია წინასაარჩევნო რეჟიმში, ცდილობს, ყველა საშუალებით გაიმარჯვოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კიდევ უფრო განამტკიცოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ხოლო ვინც ამ გზაზე ეღობება, ყველას მარგინალიზაცია მოახდინოს.

„შეიძლება, ითქვას, რომ მათ უკვე ეფექტურად შეძლეს კრიტიკული ოპოზიციის მარგინალიზაცია: ვხედავთ, რა ხდება ქართულ პარტიულ პოლიტიკაში და როგორ მიმდინარეობს ოპოზიციური ფლანგის ფრაგმენტაცია. ამდენად, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ მათ ნაწილობრივ უკვე მიაღწიეს წარმატებას. შემდეგი აქტორი, რომელსაც პროცესების გამოწვევა შეუძლია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და მედია (გვახსოვს, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს [ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში] გარკვეული მუხლის შემოტანა, დიდი რაოდენობის ადამიანის გარეთ გამოყვანა). თუ მათი მარგინალიზებაც მოახერხეს, ჩათვალეთ, რომ რჩება ერთადერთი აქტორი – ეკლესია, რომელიც მმართველი გუნდის მხარესაა. ამდენად, არჩევნების წინ მათთვის ბარიერის შემქმნელი აღარავინ იქნება. ამიტომ, ისინი ამ ორი მნიშვნელოვანი აქტორის მარგინალიზაციას ცდილობენ, როგორც ეს მოხდა რუსეთში, უნგრეთში. ამის შემდეგ მათ უკვე ხელი ბოლომდე ეხსნებათ, მოახდინონ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. თუ აქამდე საქართველოში იყო ავტორიტარიზმის ტენდენციები, ამის შემდეგ ფაქტობრივად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი იქნება თავისი შედეგებით როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით“.

კაკაჩია რეპრესიების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს:

„დასუსტდება სამოქალაქო საზოგადოება: ზოგი თავს დაანებებს აქტივობას, ნაწილი გაწევს წინააღმდეგობას და მათ მიმართ არ არის რეპრესიები გამორიცხული. საწყის ეტაპზე იქნება ჯარიმები... სრულად ისეთი ვითარება შესაძლოა არ მივიღოთ, როგორც რუსეთშია, მაგრამ სერბეთი კარგი მაგალითია: ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ, ეკოლოგიურ საკითხებზე, მათ არ ექმნებათ პრობლემები. სამოქალაქო საზოგადოებას უბიძგებენ, კონცენტრაცია ამ მიმართულებით მოახდინონ და ჩაეხსნან პოლიტიკურ საკითხებს. ამდენად, ვერ იტყვით, რომ იქ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს, მაგრამ რეალურად მათი როლი უაღრესად შემცირებულია“,– ამბობს კაკაჩია და დასძენს, „ამდენად, მიზანია, პოლიტიკურად აქტიური ნაწილი ჩამოშორდეს პროცესს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S