Accentnews.ge
ოსტინი - საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

ოსტინი - საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

10/02/2023 05:40:23 პოლიტიკა, თავდაცვა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამის შესახებ მან საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ალიანსის მისიაში“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება:

„დიდად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება".

მან აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილია:

"საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ", - აღნიშნა ოსტინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს:

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S