Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილის გეგმა: რას შეცვლის უკვე ნაცადი გზა

ოპოზიციის ნაწილის გეგმა: რას შეცვლის უკვე ნაცადი გზა

07/02/2023 10:21:41 ანალიზი

დეპოლარიზაციის თაობაზე ევროკავშირის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა თუ აქამდეც სერიოზულ გამოწვევებს აწყდებოდა, ამჟამინდელ მოცემულობაში სრულიად უპერსპექტივო ჩანს. ამ კუთხით შესაძლოა, წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა ერთგვარი შუალედური რგოლის გამოყენებით, რაც „ქართულ ოცნებას“ მოუხსნიდა უხერხულობას სააკაშვილის მოწინააღმდეგე საკუთარ ამომრჩეველთან, ხოლო პარტნიორებთან, რომლებიც აშკარად გულგრილად არ ადევნებენ თვალს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, ჰუმანურ სახეს შეუნარჩუნებდა და გახსნიდა იგივე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ირგვლივ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის თანამშრომლობის გზას, თუმცა სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილებამ ეს გამოსავლები, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, ამოქოლა. და ნაკლებ სავარაუდოა, „ქართული ოცნება“, რომელიც ძლიერად გრძნობს თავს, საკუთარი ნებით წავიდეს მსგავს ნაბიჯზე, მაგრამ ზეწოლის რა მექანიზმები რჩება? მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ სათათბირო ოთახში გაუსვლელად არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, შესაბამისად, სააკაშვილი არც სასჯელისგან გაათავისუფლა და არც გადაუვადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგი აქტივობები დაანონსდა: „ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან და გარედან“. კერძოდ, პარტია დროებით წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას, განიხილება მანდატების დატოვებაც, საკრებულოებთან დაკავშირებით იგივე ზომების მიღებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, აანონსებს აქციებს და ქვეყნის პარტნიორებთან კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას. კეთდება აქცენტი ოპოზიციურ ერთობაზე, აქ კი პოზიციები არაერთგვაროვანია: ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონის და სამართლის" ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გადადიან ბოიკოტის რეჟიმში და კოორდინაციაში იქნებიან ენმ–სთან სამომავლო გეგმების ირგვლივ.

„დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, თავი რომ არ შეგვერცხვინა. ვეცდები, ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს, ვიწყებთ ბრძოლას, სამწუხაროდ, მინუსიდან“,– თქვა ენმ–ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 6 თებერვლის საღამოს. მას სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ის არც საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას იზიარებს, მიიჩნევს რა, რომ ამით კომფორტი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას შეექმნება:

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“.

გადაწყვეტილებას უშედეგოდ მიიჩნევს ენმ–ის ყოფილი წევრი, ამჟამად პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილიც და ფიქრობს, რომ პრობლემა საერთაშორისო წნეხის შედეგად გადაიჭრება:

„ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა, არ უწყობს ხელს არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას, არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას და საბოლოო ჯამში აზიანებს იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართულნი“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ამ მოცემულობაში მმართველი გუნდი „არაფრის დამთმობი არაა“:

"ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო ბოიკოტი ორი წლის განმავლობაში ჰქონდა, გვესმოდა საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებები და შედეგი არც ერთმა გამოიღო. გარდა ამისა, გუშინ, როდესაც სასამართლოში სხდომა მიმდინარეობდა, ვნახეთ, რა რაოდენობის ხალხი იყო მისული შენობასთან. აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ აქციებს მასობრივი ხასიათი ვერ ექნება და ამინდს ვერ შექმნის. არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც მთელ ოპოზიციას არ აქვს მასშტაბური აქციების პოტენციალი. ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა, შეუძლებელია ახლა აქციებით რაიმეს მიღწევა“,– ფიქრობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ "ქართული ოცნება" ექს–პრეზიდენტს გაათავისუფლებს მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ ლეტალური შედეგი გარდაუვალია.

ის ამ ეტაპზე გამოსავლად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვას განიხილავს:

„პერმანენტული აქციები ხელს არ უშლის სტრასბურგში გასაჩივრებას, მაგრამ ზოგადადაა ხელის შემშლელი: თუ არ იქნება მასობრივი აქციები, ეს საპროტესტო ელექტორატზე უარყოფითად იმოქმედებს, გამოიწვევს გულგატეხილობას ზოგადად, ოპოზიციური სპექტრის მიმართ. მათდამი უნდობლობა ისედაც მაღალია და თუ ამას ხელს შეუწყობენ, გამოდის, რომ არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არამედ "ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ“.

სტრასბურგისადმი მიმართვის განზრახვა 6 თებერვლის საღამოსვე ახსენეს სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა – შეწყალების მექანიზმი. ამ მიმართულებით საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას მაქსიმალურად არიდებდა თავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არგუმენტით, „პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელსო“, თუმცა შეიცვალა თუ არა მისი მიდგომა ბოლო პერიოდში, ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S