
WSJ: ჩინეთი და თურქეთი რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდიან
05/02/2023 09:30:58 ანალიზი
ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარება. მისი სახელმწიფო და კერძო კომპანიები სანქცირებულ რუსულ საწარმოებს სანავიგაციო აღჭურვილობას, სარადარო ტექნოლოგიებს, გამანადგურებლების დეტალებსა და იმ მიკროსქემებს აწვდიან, რომლებიც შეიძლება, სამხედრო ტექნიკაში გამოიყენებოდეს. გარდა ამისა, გასულ წელს თურქული კომპანიები ყიდიდნენ აღჭურვილობას, ელექტრონიკას, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საქონელს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ესაჭიროებათ, მათ შორის - ამერიკულ პროდუქციას, რომლის რუსეთში მიწოდება აკრძალულია, - წერს "The Wall Street Journal" საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით.
ჩინეთი
ჩინეთის შემთხვევაში WSJ-მ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ბაზიდან 84 000-ზე მეტი მიწოდება გააანალიზა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამერიკული სანქციების შემოღებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.
მონაცემები შეიცავს ინფორმაციას თარიღების, მიმწოდებლების, მყიდველების, მისამართების თაობაზე, ასევე პროდუქციის აღწერას.
ეს ყველაფერი გამოცემას ვაშინგტონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია C4ADS-მა მიაწოდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების გამოვლენითაა დაკავებული.
ორმაგი დანიშნულების საქონლის უმრავლესობა ჩინეთიდან იყო.
ასე, მაგალითად:
- 2022 წლის 31 აგვისტოს ჩინურმა სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპანია Poly Technologies-მა სანქცირებულ "Рособоронэкспорт"-ს Ми-17 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებისთვის სანავიგაციო აღჭურვილობა მიაწოდა;
- მანამდე, იმავე თვეში Fujian Nanan Baofeng Electronic Co-მ "Рособоронэкспорт"-ს უზბეკური სამხედრო-სამრეწველო კომპანიის შუამავლობით ტელესკოპური ანტენა მიაწოდა რადიოკავშირის ჩამხშობი რადიოლოკაციური სისტემა РБ-531БЕ-სთვის;
- 24 ოქტომბერს ჩინურმა სახელმწიფო კომპანია AVIC International Holding Corp-მა რუსულ КРЭТ-ს (კონცერნს "რადიოელექტრონული ტექნოლოგიები", რომელიც სანქცირებული "Ростех"-ის შემადგენლობაშია) Су-35 გამანადგურებლებისთვის $1,2 მლნ-ის ღირებულების დეტალები მიაწოდა;
- მანამდე, 4 ოქტომბერს, China Taly Aviation Technologies Corp-მა (ჩინეთის შეიარაღებული ძალებისთვის შესყიდვებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების ქვედანაყოფმა) სანქცირებულ რუსულ კონცერნ "Алмаз-Антей"-ს (აწარმოებს შეიარაღებას ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის) რადიოლოკატორ 96L6E-სთვის დეტალები მიაწოდა. ეს უკანასკნელი კი მუშაობს სარაკეტო კომპლექსებთან С-300 და С-400, რომელთაც რუსეთი უკრაინის ომში იყენებს;
- ორმაგი დანიშნულების საქონლის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ექსპორტიორმა - კერძო კომპანია Sinno Electronics-მა, რომელსაც აშშ-მა გასულ წელს უკვე დაუწესა სანქციები რუსი სამხედროებისთვის აკრძალული პროდუქციის მიწოდების გამო, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით 1300-ზე მეტი ახალი მიწოდება განახორციელა. მათი ჯამური ღირებულება $2 მლნ-ს აღემატებოდა. მყიდველებს შორის ფიქსირდებოდა КРЭТ და სხვა კომპანიები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვისა და სხვა რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობენ;
- რუსეთს ასევე მეწოდება კვადროკოპტერები DJI, რომლებიც, სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინული ნაწილების თვალთვალისა და საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის გამოიყენება. ზოგიერთ მათგანს ჩინური რითეილერი პირდაპირ ყიდის, სხვები კი რუსეთს არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით მიეწოდება.
C4ADS-ის ანალიტიკოსი ნაომი გარსია ამბობს:
"სავაჭრო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპანიები აგრძელებენ სანქციებული რუსული უწყებებისა და კომპანიებისთვის იმ დეტალების მიწოდებას, რომელთა გამოყენებაც შეიარაღებაშია შესაძლებელი. არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ომში, რომელსაც უკრაინაში რუსეთი აწარმოებს, სწორედ ეს დეტალები გამოიყენება".
რუსეთის მიერ ჩიპებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის შეძენები თავდაპირველად განახევრდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთისთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაზე სანქციები დააწესეს. თუმცა შემდგომში იმპორტმა სწრაფად დაიწყო აღდგენა და ოქტომბერში $32,83 მლნ შეადგინა (მათ შორის $24,5 მლნ – ჩინეთიდან). არადა, 2014 წლიდან, როცა აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინული ყირიმის ანექსიის გამო პირველი სანქციები დააწესა და 2021 წლის ჩათვლით, საშუალო თვიური შესყიდვები $35 მლნ-ს უტოლდებოდა, - წერს WSJ რუსული საბაჟოსა და Comtrade-ის მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
თურქეთი
თურქეთის შემთხვევაში WSJ რუსეთში ექსპორტის შესახებ მონაცემებს გაეცნო და დაადგინა, რომ მოსკოვს მიეწოდა აღჭურვილობა, ელექტრონიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა პროდუქცია შეიარაღებული ძალებისთვის.
არანაკლებ 13 თურქულ კომპანიას განხორციელებული აქვს ჯამში $18,5 ლნ ღირებულების იმ პროდუქციის ექსპორტი, რომელიც ტანკების, გემების, ჯავშანჟილეტებისა და ა.შ. წარმოებაში შეიძლება, გამოიყენებოდეს. გამოვლინდა ასევე არანაკლებ 10 სანქცირებული რუსული კომპანიისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების ფაქტები. ამასთან, სულ მცირე სამ შემთხვევაში რუსეთს აშშ-ში წარმოებული პროდუქცია მიეწოდა.
გარდა ამისა, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსეთს სანქციების გვერდის ავლით მიეწოდა ამერიკული წარმოების კონვეიერები და ლიფტები, ელექტროგენერატორები და სხვა პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულება $15 მლნ-ს აჭარბებდა.
თურქეთიდან აკრძალული საქონლის მიმღებ კომპანიებს შორის იყო "Тактическое ракетное вооружение" (სხვადასხვა სახის რაკეტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი) და "Промтехнология", რომელიც სანქციებს რუსული ჯარისთვის სასროლი იარაღის წარმოების გამო დაექვემდებარა.
სანქციები უნდა გამკაცრდეს
აშშ მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს, რათა სანქციებს იცავდნენ ის ქვეყნებიც, რომლებიც მათ არ შეერთებიან. მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის, თურქეთთან. მიმდინარე კვირას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია კვლავ ეწვია ამ ქვეყანას (ხოლო შემდეგ - არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ომანს ამ რეგიონის გავლით რუსეთისთვის აკრძალული საქონლის მიწოდების აღკვეთაზე შესათანხმებლად).
მანამდე თურქულმა ბანკებმა აშშ-ის ზეწოლით უარი თქვეს რუსულ ბარათ "Мир"-ის მომსახურებაზე. გასული წლის ბოლოს კი ამერიკელმა ჩინოსნებმა გააფრთხილეს თურქი კოლეგები, რომ მათ პატიმრობა და ჯარიმები შეიძლება, დაემუქროთ, ხოლო თურქულ ეკონომიკას — საექსპორტო პრივილეგიების დაკარგვა, თუ რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილებისა და მათ გასამართად საჭირო საქონლის მიწოდებები გაგრძელდება.
რაც შეეხება ჩინეთს, ვარაუდობდნენ, რომ მის მიერ რუსეთის დახმარების საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პეკინში ვიზიტის დროს იქნებოდა განხილული, რომელიც ამ უქმეებისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა პარასკევს გაირკვა, რომ ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქვეყნის ტერიტორიის თავზე ჩინური ჯაშუშური საჰაერო ბურთი აღმოაჩინა.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ამასთანავე, გააქტიურდეს ბრძოლა "რუხ" იმპორტთან, მათ შორის - ჩიპებისა", - განაცხადა ამასწინათ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა კენეტ როგოფმა. - "შესაძლებელია ზოგიერთი მიკროსქემის ამოღება საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, ასევე ბიზნეს-აღჭურვილობიდან შემდგოში სამხედრო ტექნიკაში გამოსაყენებლად. ამდენად, მსგავსი საქონლის მიწოდებებიც სანქციებს უნდა დაექვემდებაროს. ამასთანავე, მეორადი სანქციები (მათ მიმართ, ვინც რუსეთისთვის აკრძალული პროდუქციის მიწოდებას უწყობს ხელს) წინასწარ უნდა მომზადდეს, რათა რუსეთის მიერ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში მათ შემოსაღებად რამდენიმე თვე არ გახდეს საჭირო".