
გერმანია ჩეჩნებს აძევებს
30/10/2019 13:40:20 კავკასია, სხვა, მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლება თანახმაა, რუსეთმა ამ ქვეყნიდან რაც შეიძლება, მეტი ლტოლვილი წაიყვანოს. გერმანიიდან რუსეთში დეპორტირებული ჩეჩნების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა,- იუწყება ადგილობრივი გამოცემა Tagesspiegel.
კერძოდ, გერმანიის შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს რუსეთში 184 ჩეჩენი იქნა დეპორტირებული, 2018-ში - 422, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში - უკვე 277 და დეპორტირებულთა საერთო რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, დაწყებული რეჟიმის კრიტიკოსთა გატაცებებით (დამთავრებული წამებითა და სასამართლოს განაჩენის გარეშე სიკვდილით დასჯით) აღიარებს, იმ ჩეჩნების წილი, რომლებიც ფაქტობრივად თავშესაფრის მიღების ან სხვა მიზეზით გერმანიაში დარჩენის უფლების მქონედ არიან აღიარებულები, ძალზედ მწირია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სააგენტომ თავშესაფრის მაძიებელ ჩეჩნების 2613 განაცხადი განიხილა, მათგან ლტოლვილებად მხოლოდ 99-ის ავტორი აღიარეს და შესაბამისად, დამატებითი დაცვა ან დეპორტაციის აკრძალვა მიანიჭეს. წარმოშობით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინის ერთ-ერთ პარკში საჯარო მკვლელობას, როგორც ჩანს, დიდად არ შეუცვლია გერმანიის ხელისუფლების პოზიცია დევნილი ჩეჩნების გარკვეული ნაწილისთვის რეალურად არსებული საფრთხის შესახებ. თუკი დევნილმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის დედაქალაქში ვერ მოახერხა უსაფრთხოდ ცხოვრება, მაშ დაცულობის რა შესაძლებლობებზე საუბრობენ გერმანიის შსს-ს წარმომადგენლები, აცხადებენ რა, რომ საკმარისია ჩეჩენმა დაცვა ჰპოვოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
"BAMF ვარაუდობს, რომ ჩეჩენი ერვნების მოქალაქეთათვის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში შიდა დაცულობა პრინციპულად შესაძლებელია",- წერს გერმანიის შსს-ზე დაყრდნობით გამოცემა.
გერმანიის შსს-ს აღნიშნული განცხადება ცხადყოფს არა მარტო საკუთრივ ჩეჩნების, არამედ მთლიანად რუსეთის ფედეატიული მოწყობის საკითხის სრულ უცოდინარობას და ამას ზოგიერთები თავად გერმანიაშიც არ ეთანხმებიან. მაგალითად, "მემარცხენე პარტიის" პრეს-მდივანი ულა იელპკე კატეგორიულად არ ეთანხმება გერმანიის შსს-ს მსგავს განცხადებას და თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ იდევნებიან, არც რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიაზე არიან დაცული.
ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ფრანკ შვაბეც, რომელმაც მორიგი მოხსენების მომზადების მიზნით 2019 წლის სექტემბერში ჩეჩნეთი მოინახულა. შვაბე დარწმუნებულია, რომ გერმანიამ ჩეჩნეთში არსებული ვითარების შეფასებას უნდა გადახედოს და ესაჭიროება უკეთ გარკვევა იმაში, რა წესებით ცხოვრობს იქ საზოგადოება. ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გერმანიას გააჩნია ჰუმანიტარული ვალდებულება, არ გააძევოს ადამიანები, რომელთაც დევნით ან სიკვდილით ემუქრებიან.
სადღეისოდ ღიად რჩება ცნობილ ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის ძმის მუჰამადის დეპორტაციის საკითხი. რჩება განცდა, რომ გერმანიის შსს ვერ ხედავს ყველაფერ იმას, რაც მისი ძმის ირგვლივ ხდება: ანგარიშსწორების დაუფარავ მუქარებს, გროზნოს ოფიციალური პირების წყევლას, ჩინოსნების მოთხოვნას, "დაბრუნდეს და დაელაპარაკოს", თავად ბლოგერისა და მისი ოჯახის წევრთა ძებნასა და დევნას.
"ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ გერმანია მოხარული იქნებოდა, თავი გაეთავისუფლებინა ყველა "პრობლემური" ჩეჩნისაგან და მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით გააკეთებს ამას - რუსეთისთვის გადაცემის, თ რუსი "ქილერების" მიერ მკვლელობის",- განუცხადა "კავკაზრეალიის" მიუნხენის ჩეჩნური დიასპორის აქტივისტმა ახმედ კ.-მ.
სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში სადღეისოდ 50-დან 67 000-მდე ჩეჩენი ლტოლვილია. მთლიანობაში ევროპის მასშტაბით კი 200 000-ის ფარგლებში მერყეობს.