Accentnews.ge
საქართველოს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი ეწვევიან

საქართველოს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი ეწვევიან

13/01/2023 10:38:57 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი ეწვევიან. როგორც "აქცენტს" EBRD--დან აცნობეს, მარკ ბოუმენის და მატეო პატრონეს ოთხდღიანი ვიზიტი კავკასიის რეგიონში ორშაბათს, 16 იანვარს დაიწყება.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე 16-დან 19 იანვრის ჩათვლით კავკასიას ეწვევიან. თავდაპირველად ისინი სომხეთს ეწვევიან, შემდეგ - საქართველოს, და ვიზიტს აზერბაიჯანში დაასრულებენ" - აცხადებენ EBRD-ში.

მათივე ცნობით:

• დელეგაცია შეხვდება მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, პარტნიორებსა და კლიენტებს

• აქცენტი გაკეთდება განახლებად ენერგიაზე, მდგრად ინფრასტრუქტურაზე, რეფორმებსა და ფინანსური სისტემის მდგრადობაზე

• 1992 წლიდან ბანკმა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონში 650-ზემეტი პროექტის ფარგლებში.

"ამ ვიზიტს წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს ვიზიტი კავკასიაში, რომელიც სექტემბერში შედგა. აღნიშნული ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. დღის წესრიგში აგრეთვე დგას ფინანსური სისტემის მედეგობის, პოლიტიკური რეფორმების განხილვა და ბანკის ახალი სამომავლო სტრატეგიებისთვის მომზადება.

დელეგაცია ჯერ ერევანში გაემგზავრება, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან, ბიზნეს საზოგადოების ლიდერებთან და ბანკის არსებულ პარტნიორებთან. დელეგაციის წევრები ასევე სომხეთის ცენტრალურ ბანკს ეწვევიან, სადაც შეხვდებიან მმართველს და მის მოადგილეს" - აცხადებენ EBRD-ში.

მათივე ცნობით, საქართველოში დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. EBRD-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებს და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს.

"თბილისში ყოფნისას, ბ-ნი ბოუმენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ხელს მოაწერს სუვერენული სესხის შესახებ ხელშეკრულებას დედაქალაქში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების მიზნით" - დასძინეს "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

დელეგაცია ვიზიტს ბაქოში დაასრულებს, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდებიან. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან და ბანკის არსებულ ბიზნეს კლიენტებთან. დელეგაცია ასევე ეწვევა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს.

1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 650-ზე მეტი პროექტის ფარგლებში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა კერძო სექტორშია განხორციელებული.

კავკასიაში სამომავლო საინვესტიციო პროექტების დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S