Accentnews.ge
"ქართულ ოცნებაში" კასიანოვის განცხადება "ბუკებისა" და "ჯაველინების" თაობაზე "ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობად" შეაფასეს

"ქართულ ოცნებაში" კასიანოვის განცხადება "ბუკებისა" და "ჯაველინების" თაობაზე "ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობად" შეაფასეს

09/01/2023 09:53:37 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება "ბუკებისა" და "ჯაველინების" თაობაზე "ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობად" შეაფასეს.

შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

"ეს შეიძლება, იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, მიქანაძე დასძენს, რომ რამდენადაც მან იცის, "ეს სისტემები იყო შესყიდული, რაც ნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს საკუთრება".

"კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში, რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას", - ასე ეხმინება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას.

კითხვაზე გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, ვოლსკი პასუხობს, რომ მას გულისხმობს.

"კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება - გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. როცა ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ ვამბობთ და სწორედაც ვამბობთ, რომ ჯერ ერთი, არავის არაფერი უჩუქებია, მეორეც იქ რა გარიგებები მოხდა ეს კიდევ საკითხავია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ ძალიან საეჭვოდ, მაგრამ გადავიხადეთ ამაში ფული. მნიშვნელოვანი ის არის, რომ იარაღის გადაცემა ან მოხალისეების გაგზავნა არის ომში ჩართვის ტოლფასი", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "საქართველომ "ბუკი" უკრაინისგან იყიდა და დასამადლებელი არაფერი გვჭირს“

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ დახმარებას არ აღმოუჩენს. ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნისა, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, — თქვა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

„რაც შეეხება ბუკის სარაკეტო კომპლექსს, საქართველომ უკრაინისგან ის შეიძინა, ამაში ფულია გადახდილი და ცხადია, ჩვენ არავისგან დასამადლებელი არაფერი არ გვჭირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც კასიანოვი აღნიშნავს, უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა, მათ შორის აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ აშშ-სთან შეთანხმება, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთსთან ომში ჩათრევის მცდელობაზე“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S