
ბრაიზა: "საქართველო სანდო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, შავი ზღვის კაბელის პროექტით ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება"
19/12/2022 09:05:45 პოლიტიკა, ეკონომიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველოს, როგორც სანდო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაიზრდება.
ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
"შავი ზღვის კაბელის პროექტის დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია, ამიტომ ძნელი სათქმელია, რა შეიძლება, იყოს მისი ეკონომიკური სარგებელი, მათ შორის საქართველოსთვის. ზოგადად, ცხადია, რომ აზერბაიჯანი გეგმავს მსხვილ ინვესტიციებს განახლებად ენერგეტიკაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქარისა და მზის ძლიერი და თანმიმდევრული მარაგების გამოყენებით. შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელი უზრუნველყოფს მომგებიან ევროპულ ბაზრებზე აზერბაიჯანის წვდომას. საქართველო ასევე ისარგებლებს ელექტროენერგიის ამ ახალი მიწოდებით და მის ტერიტორიაზე მოძრავი ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურით. საქართველო რამდენიმე წელია, არის სანდო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო სახელმწიფო ნავთობის, ბუნებრივი აირის, საგზაო და სარკინიგზო ტვირთებისთვის, რომლებიც დიდ კასპიის რეგიონს შორის გადაადგილდებიან და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი კაბელის პროექტით", – განუცხადა ბრაიზამ "აქცენტს".
ცნობისთვის: 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.
დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.
მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.
იხილეთ ასევე: ისტორიული შეთანხმება - საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021