Accentnews.ge
რატომ ვერ თავისუფლდება სომხეთი რუსული კაპიტალის მარწუხებისგან

რატომ ვერ თავისუფლდება სომხეთი რუსული კაპიტალის მარწუხებისგან

25/10/2019 06:04:57 თვალსაზრისი, ანალიზი

სომხეთში, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გამოთქმულმა პრეტენზიებმა მკვეთრად მზარდი ხასიათი მიიღო და არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლო პერიოდში, ხმაურიანი დაპირისპირების მთავარი თემა სომხეთის სარკინიგზო კომპანია - „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზა“ გახდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სს „რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას, სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მფლობელობაში და მართვაში ჯერ კიდევ 2008 წელს-30 წლით გადაეცა. 

რა გახდა სომხეთის უკმაყოფილების მიზეზი

პირველ რიგში, გადასახადების დამალვა. 2018 წლის 15 აგვისტოს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თანამშრომლებმა, სპეცდანიშნულების დანაყოფთან ერთად, კომპანია „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგად ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს. საქმე აღიძრა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვის ფაქტზე. ასევე, კომპანიის გენერალურ დირექტორს სერგეი ვალკოს ბრალად წაუყენეს ფინანსური სახსრების დატაცება და მათი არამიზნობრივი ფლანგვა.

ასევე, უკმაყოფილების მიზეზთა შორისაა საინვესტიციო პირობების დარღვევა. მთლიანობაში კომპანია „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საინვესტიციო ვალდებულება 572 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება პირველი 5 წლის მანძილზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ეს კაპიტალდაბანდება დღემდე არსად არ ჩანს.  

სომხეთის კიდევ ერთი და საკმაოდ წონიანი პრეტენზია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობას ეხება. სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 11-წლიანი არსებობის მანძილზე „სამხრეთ-კავკასიურ რკინიგზას“ სომხეთის ტერიტორიაზე არცერთი ახალი სარკინიგზო მონაკვეთი არ აუშენებია. ამ მხრივ გამოსაყოფია ვანაძორ-ფიოლეტოვოს დაპირებული სარკინიგზო  31 კმ-იანი ხაზი, რომელსაც სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.  ფიოლეტოვსთან ვანაძორის დაკავშირება ერევნიდან თბილისამდე მანძილს 112 კმ-ით შეამცირებდა, რაც სომხეთის რკინიგზის გადაზიდვების თვითღირებულებაზე და გამტარუნარიანობაზე დადებითად აისახებოდა. თავდაპირველად, აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება 100 მლნ. აშშ დოლარად შეფასდა, რაც სომხეთს და „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზას“ თანაბრად უნდა გაეღოთ, თუმცა მოგვიანებით, რუსულმა მონოპოლისტმა კომპანიამ პროექტის ღირებულება 200-250 აშშ დოლარამდე გაზარდა. პროექტი არარენტაბელურად მიიჩნიეს და მისი რეალიზაცია შეჩერდა. 


სომხური რკინიგზის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად  სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი გზა სახელდება, თუმცა რუსი სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ასტრონომიულ თანხად - 3.2 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. სომხეთში მიიჩნევენ, რომ მშენებლობის გაჩერებას სწორედ პროექტების ბიუჯეტის მიზანმიმართული გაბერვა იწვევს.  ევროპასთან და ჩინეთთან შედარებით, რუსეთში რკინიგზის დაგება 3-4-ჯერ ძვირი ჯდება.  სომხეთში კი ციფრები შეიძლება 10-მაგათაც „გაბერონ“, რადგან რეალურად, არაკეთილსინდისიერი კომპანიის მესვეურების გაუმაძღრობას, საზღვარი არა აქვს.   

„ყოველივე უკავშირდება რუსეთის ეკონომიკის სპეციფიკას. რუსეთის ეკონომიკა ვითარდება არა ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნით და კერძო კაპიტალის მოზიდვით, არამედ სახელმწიფო ფულის გაფლანგვით, რომლის მხოლოდ დაუთვლელად დატაცებაა  მიღებული“ - წერს გამოცემა „Еркрамас“-ი. აქედან გამომდინარე, სომხეთში მოხვედრილი რუსული მენეჯმენტი ისევე მოქმედებს, როგორც  რუსეთშია მიჩვეული და ხშირად კორუფციის უფრო დიდ მასშტაბებზეც კი გადის.   

პროპაგანდა, შანტაჟი და მოსყიდვა რუსულად 

აშკარაა, რომ „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სომხეთის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. იგი მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკის, ადგილობრივი მუშების და იმ საზოგადოების დაცვას, რომელიც აღნიშნული რკინიგზის სერვისებით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ამ დროისათვის გამოძიება შეჩერებულია.

სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანისა და რ/ფ-ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი მომხრე იყო „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ წინააღმდეგ გამოძიების ბოლომდე მიყვანის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ანტიკორუფციული გამოძიების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე მხოლოდ ფასადურად ისაუბრა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ, რამაც რუსეთის უდიდესი გაღიზიანება გამოიწვია, რუსული თუ ადგილობრივი მედია საშუალებებით, სომხეთის ხელისუფლებაზე და მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად, მასირებული პროპაგანდისტული შეტევა დაიწყო. რუსული ნარატივი მდგომარეობდა შემდეგში: „სომხეთის რკინიგზა წამგებიანი კომპანიაა და რუსული კაპიტალის გასვლა გაურკვეველი ვადით შეაფერხებდა ხელფასების გაცემას“; „რუსეთის რკინიგზას“ გადაწყვეტილი აქვს სომხეთის ხელისუფლებასთან კონტრაქტის ვადამდე ადრე გაწყვეტა, რაც სომხეთის რკინიგზის სრულ კოლაფსს გამოიწვევს“; „სომხეთი რუსეთის სახით შეუცვლელ სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს“; „რუსეთი სომხურ მხარეს მალე გაზის გაძვირების უსიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს“;  „გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთი სომხეთს დამატებით ინვესტიციებს დაპირდა“ და ა.შ.

პროპაგანდისტული მედია შეტევის გარდა, სომხეთში სხვა სახის „მძლავრი არტილერიის“ გადასროლაც დაიწყო. ბუნებრივია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, სომხეთის რკინიგზა მუდმივი ყურადღების ცენტრში ისედაც ჰყავდა, მაგრამ წელს მთლად ოდიოზური სვლა გააკეთეს- მარტის თვეში „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების ხაზით, არმენ დარბინიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი ადგილი რუსეთის მოქალაქემ, ФСБ-ს თანამშრომელმა დავით ვარდანიანმა დაიკავა. როგორც მედიაში წერენ, ის რუსებმა სომხების „პრესინგის“ გასაძლიერებლად გააგზავნეს. თანაც, კომპანიაში განხორციელებული ცვლილება ემთხვევა პერიოდს, როცა რუსული სპეცსამსახური უფრო აქტიურად ჩაერთო სომხეთის მთავრობის დაშანტაჟებისა და მოსყიდვის საქმეში, რასაც საბოლოოდ „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ და მისი ხელმძღვანელის სერგეი ვალკოს წინააღმდეგ გამოძიების შეჩერება მოჰყვა. უდავოა, რომ რუსეთი თავის სპეცსამსახურს ყოველთვის იქ იყენებს, სადაც სუსტი წერტილები ჩნდება, შედეგს ვერ იღებს და „სუფთად“ საქმის მოგვარება არ ძალუძს-მათ შორის დემოკრატიული სახელმწიფოების ტერიტორიებზეც. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ამ სახელმწიფოს მავნებლურ და ავადმყოფურ ბუნებაზე კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს. 

როგორც სიტუაციის ანალიზიდან იკვეთება,  რუსული კომპანიის „დიდი თაღლითობის“ და მთავრობის მოქრთამვის შესახებ ინფორმირებული იყო ნიკოლ ფაშინიანი, თუმცა დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება გაურკვეველი ვადით მაინც თაროზე შემოიდო. ცოტა ხნის წინ, სომხეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რუსულ კომპანიასთან არსებული შეთანხმების შეწყვეტაზე ლაპარაკიც არ არის. შეძლებს კი სომხეთი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, თუ  საბოლოოდ სერიოზულ დათმობებზე წავა, ამას ალბათ სულ მალე გავიგებთ. 

გიორგი თოფურია

გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს "აქცენტის" რედაქციის პოზიციას 


 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S