
სახ.დეპი: "ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც "შუა დერეფანში" ქვეყნის როლს განავითარებს"
12/12/2022 07:22:20 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში იმედს გამოთქვამენ, რომ "საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც "შუა დერეფანში" ქვეყნის როლს განავითარებს". ამის შესახებ "აქცენტს" შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.
იგი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ "არ არსებობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იმაზე დიდი მხარდამჭერი, ვიდრე შეერთებული შტატებია".
"ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ და საქართველო გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ერთად მუშაობენ საქართველოს საერთო ხედვის თაობაზე – ქვეყანა სრულად ინტეგრირებული იყოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ვაღიარებთ შესაძლებლობებს საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის "შუა დერეფნის" კონცეფციის მხარდასაჭერად. კერძოდ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას წარმოადგენს საქართველოს განვითარებისთვის. ეს იქნება უდიდესი წვლილი, რადგან საქართველო განავითარებს თავის როლს "შუა დერეფანში" ცენტრალური აზიიდან ევროპაში საქონლის შეტანით. ამასთან, პორტის განვითარება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს საქართველოსა და რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერის მიმართულებით. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ მხარი დაუჭირა ფოთის საზღვაო ნავსადგურში "პეის ტერმინალის" გაფართოებას 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით. ტერმინალის გაფართოებამ, რომელიც გაიხსნა 2022 წლის იანვარში, გააორმაგა ტერმინალის ტვირთის გამტარუნარიანობა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აახლოებს საქართველოს მიზანს, გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი", –– აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ "შუა დერეფანი" ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე.
"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი" (შუა დერეფანი") ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. გეოგრაფიულად, ეს არის უმოკლესი გზა დასავლეთ ჩინეთსა და ევროპას შორის. 2022 წლის 31 მარტს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას რეგიონის გავლით სატრანსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების შესახებ.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმწყლოვანი პორტის აშენებას, პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ 2019 წლიდან დგას. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება შეუწყვიტა და ოფიციალურ მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კონსორციუმი, რომელმაც პროექტს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაახარჯა, მუდმივად აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტს ხელოვნური პრობლემები შეუქმნა.
2022 წლის 9 დეკემბერს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს:
"შეგვიძლია პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და ეს პირდაპირ დაიწყოს კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები მაღალ დონეზე მომზადდეს. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამინისტროს საშუალება მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021