
საკამათო გაცვლა: რა დგას კადრს მიღმა
09/12/2022 10:39:46 ანალიზი
იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის ვინმეზე შესაძლო გაცვლის საკითხი, რომელიც ამერიკულ ციხეში იხდიდა 25–წლიან სასჯელს, ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა აქტუალური, თუმცა საქმე გადაწყვეტილებამდე არ მისულა. მორიგი ცნობები იმის შესახებ რომ ბუტი შესაძლოა, ამერიკის რუსეთის მიერ დაკავებულ ორ მოქალაქეში – კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრინერისა და ყოფილი საზღვაო ქვეით პოლ უელანში გაეცვალათ, ზაფხულში გავრცელდა.
31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. კალათბურთელმა განმარტა, რომ კანაფის ზეთი ექიმის მიერ იყო გამოწერილი სამედიცინო დანიშნულებისთვის, თუმცა რუსულმა სასამართლომ 9–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა (როგორც წესი უცხოელებს რუსეთში მსგავსი დანაშაულისთვის 3 წელს უსჯიან). ამერიკული საზოგადოება განიცდიდა მის ბედს, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთში ლგბტქ თემის წინააღმდეგ რიგი კანონები მიიღეს, ბაიდენის ადმინისტრაციაზე ზეწოლა, გამოეხსნათ ადამიანი, რომელიც ამ თემს წარმოადგენს, გაიზარდა, შიშობდნენ რა, რომ გრინერის ყოფა მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა.
რაც შეეხება პოლ უელანს, რომელიც ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა, რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 2020 წელს მიუსაჯეს 16–წლიანი პატიმრობა. ის ავტონაწილებით მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა დაკავებისას. უელანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
მისი ოჯახის წევრები დიდ იმედს ამყარებდნენ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, თუმცა როგორც 8 დეკემბერს გახდა ცნობილი, ამ ჯერზე რუსულ ციხეს მხოლოდ გრინერმა დააღწია თავი, ხოლო უელანის თაობაზე, როგორც ბაიდენმა განაცხადა, მუშაობა გაგრძელდება. ყოფილი სამხედრო ქვეითის ოჯახს არ დაუმალავს თავისი იმედგაცრუება.
„ნათელია, რომ აშშ–ის ხელისუფლება უფრო დაჟინებული უნდა იყოს. თუ რუსეთის ცუდი ხელისუფლება იჭერს უდანაშაულო ამერიკელებს, აშშ–მა უნდა უპასუხოს სწრაფად და ენერგიულად. ადრეული გაფრთხილება ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი ოჯახი ფსიქოლოგიურად მომზადებულიყო იმისთვის, რაც ახლა ჩვენი საჯარო იმედგაცრუების მიზეზი გახდა და კატასტროფა პოლისთვის. არ ვიცი, არის თუ არა ის საქმის კურსში, მაგრამ ნამდვილად გაიგებს რუსული მედიისგან“,– თქვა პატიმრის ძმამ დევიდ უელანმა.
აშშ–ში გამოითქვა სხვა პრეტენზიებიც. მაგალითად, რიგმა კომენტატორებმა არათანაბარი უწოდეს გაცვლას. მეტიც, ომის პერიოდში იარაღით მოვაჭრის გათავისუფლება ამერიკის კაპიტულაციად შეაფასა უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა.
ამერიკელი კრიტიკოსებს არ ეთანხმება რუსეთის ФСБ–ს ყოფილი თანამშრომელი, ანალიტიკოსო გენადი გუტკოვი:
„ეს ჰუმანიტარული აქტი იყო. ვფიქრობ მათ არგუმენტს ანგრევს ბუტის 15 წელი ციხეში – ეს სერიოზული სასჯელია და ვფიქრობ, ამერიკა კმაყოფილი უნდა იყოს: მათ დასაჯეს ადამიანი, რომელიც „სიკვდილით ვაჭრობდა“ ცხელ წერტილებში და გაცვალეს დიდებულ სპორტსმენში. სულაც არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ბრძოლაში ამერიკელებმა წააგეს. მათი მოტივაცია გასაგებია: რატომ არ უნდა გამოიხსნა ველური ქვეყნიდან მსოფლიო დონის სპორტსმენი, თუნდაც ბუტის სანაცვლოდ, თუ ის ასე სურს პუტინს?!“.
მეტი „სიკვდილით მოვაჭრის“ შესახებ
ვიქტორ ბუტი (მეტსახელად „სიკვდილით მოვაჭრე“) თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ იარაღით მოვაჭრედ იქცა. ის საქონელს ჰყიდდა კორუმპირებულ მთავრობებზე, მეამბოხე ჯგუფებზე და აფრიკის, აზიის და სამხრეთ ამერიკის სისხლიან სამხედრო რეჟიმებზე. 2005 წელს ჰოლივუდმა ის პროტოტიპად გამოიყენა ფილმში „ომის მეფე“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი ასრულებს.
ბუტი 1967 წელს დუშანბეში დაიბადა. სამხედრო თარჯიმნად მუშაობდა, მათ შორის ანგოლაში, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიზნესისთვის ცენტრალური ადგილი დაიკავა. საუბრობდა ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, არაბულ და სპარსულ ენებზე.
მისი ბიზნესის ბაზა სპარსეთის ყურის საემირო შარჯაჰში იყო განლაგებულიდა მუდამ ირწმუნებოდა, რომ კანონიერი მეწარმე იყო და პატივსაცემ კლიენტებს ემსახურებოდა. თუმცა მის კლიენტებს შორის იყვნენ ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი, რომელიც მკვლელობის, გაუპატიურების და ტერორიზმის გამო 50 წლიან სასჯელს იხდის; კონგოს სხვადასხვა დაჯგუფებები და ფილიპინების ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფი „აბუ საიაფი“.
ბუტი 2008 წელს ბანგკოკში, რთული საგამოძიებო ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. ამერიკელმა აგენტებმა, რომლებმაც თავი კოლუმბიის მემარცხენე დაჯგუფების „ფარკის“ წარმომადგენლებად გაასაღეს, ბუტისგან მიიღეს თანხმობა 100 „მიწა-ჰაერი“ რაკეტის მიყიდვაზე, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების მოსაკლავად უნდა გამოეყენებინათ.
„ფარკთან“ დაკავშირებული ბრალით, რომელიც ბუტმა არ აღიარა, 2012 წელს მას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ, რუსეთის სახელმწიფოს მისი უკან დაბრუნება სურდა.
რაში სჭირდება ბუტი რუსეთს
ბევრი ექსპერტების აზრით, ბუტის მიმართ რუსეთის სახელმწიფოს უწყვეტი ინტერესი და ამასთან, მისი უნარები, იარაღის საერთაშორისო ბაზარზე ჩამოყალიბებული კონტაქტები, რუსეთის დაზვერვასთან მის კავშირზე მიანიშნებს. ბუტმა ინტერვიუების დროს თქვა, რომ უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც სამხედრო დაზვერვის ოფიცრების სასწავლო ბაზაა. ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას გენადი გუტკოვიც:
„ჩვენთან არსებობს უცხო ენების ინსტიტუტი, რომელიც რეალურად არა იმდენად სამხედრო თარჯიმნებს ამზადებს, რამდენადაც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის კადრებს. ვფიქრობ, ბუტი Гру–ს [რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველო – რედ] ოფიცერი იყო და Гру–ს მხარდაჭერით იყო შექმნილი მისი მთელი ეს ბიზნესიც – კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მსგავსი, თუმცა მხოლოდ სპეციალური ოპერაციებისთვის იარაღით ვაჭრობის მიზნით. შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბუტის ეს მიღწევები სწორედ დაზვერვასთან თანამშრომლობას უკავშირდება. დიახ, ეს ბიზნესია, დიდი ფული და მინიმუმ, ის თანამფლობელი იყო, მაგრამ როგორც ვხვდები და უკვე ვთქვი, ეს კომპანია შეიქმნა სხვადასხვა ქვეყნებში იარაღის დელიკატური მიწოდებისთვის ამერიკელების წინააღმდეგ, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მთავარი პოლიტიკაა, ავნონ ამერიკელებს სადაც და როგორც შეძლებენ. ამდენად, ვფიქრობ, რომ ბუტი რუსული სახელმწიფოს დავალებას ასრულებდა, იყო დაკავებული არალეგალური, საიდუმლო მიწოდებით ბოლო წლების განმავლობაში, რაც შემდეგ იარაღით ვაჭრობაში გადაიზარდა პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილებში, სადაც მიმდინარეობდა ომები ტერორისტული მეთოდების გამოყენებით. ასევე ვფიქრობ, რომ ის იყო განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი. მან მართლაც გამოიჩინა პიროვნული სიმტკიცე – ვვარაუდობ, რომ არ გასცა სერიოზული მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია. და ვინაიდან არავინ გასცა, დაიმსახურა განსაკუთრებული დამოკიდებულება. ამიტომ, ალბათ დააჯილდოებენ კიდეც– მისცემენ რუსეთის ეროვნული გმირის სტატუსს. სწორედ ეს ყველაფერი დგას კადრებს მიღმა“.
გუტკოვი ფიქრობს, რომ ბუტი სპეცსამსახურებმა შესაძლოა, გამოიყენონ კონსულტანტად, რიგი კავშირების აღსადგენად, კონტაქტის დასამყარებლად, დერეფნების გასაჭრელად, მაგრამ თავად ოპერაციებში მონაწიელეობას ვეღარ მიიღებს:
„თავად უკვე ტოქსიკურია და მსგავს ოპერაციებში მისი მონაწილეობა უკვე შეუძლებელია: ჯერ ერთი, რომ მას მაშინვე დააკავებენ (რამდენიმე ქვეყანა ცდილობდა წარსულში მის დაკავებას და ეს მხოლოდ ამერიკელებს გამოუვიდათ – 2 წლის განმავლობაში აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რამაც მათ ექსტრადიციის შესაძლებლობა მისცა), მეორე – მსგავსი ოპერაციები ძალიან გასაიდუმლოებულია და ძალიან რთულია, მოძებნო კვალი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ნაკლებად ვფიქრობ, რომ ის ამ მიზნით, ან ინფორმაციის გაცემის შიშით გაათავისუფლეს. 15 წელი დუმდა და კიდევ 10–იც გაჩუმდებოდა. უფრო ალბათ, დუმილი დაუფასეს და დაჯილდოების მიზნით დააბრუნეს“.