Accentnews.ge
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: რატომ მოლდოვა და არა საქართველო?

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: რატომ მოლდოვა და არა საქართველო?

07/12/2022 06:52:34 ანალიზი

აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი არაერთგვაროვან ფაქტებზეა დამოკიდებული და მისი გადაწყვეტა მოკლე ვადებში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა წარსულისა და დღემდე რუსული გავლენების მქონე საზოგადოებებში ვერ მოხერხდება. ამდენად, იგი მრავალ რეფორმასა თუ ცვლილებას მოითხოვს, რის შესახებაც ჩვენში არახალი, ბევრჯერ ნათქვამი და უკვე გაანალიზებულია.

თუმცა სახელმწიფოს ამჟამინდელი სტრატეგიულ-პოლიტიკური მიმართულებები ამისგან სრულიად განსხვავებულზე მეტყველებს. ევროინტეგრაციის გამოკვეთილი სურვილი გარკვეულწილად უხილავი/ბუნდოვანია და მეტიც, პირდაპირაც კი გამოვლინდა მის ხელის შემშლელ გარემოებათა მაგალითები.

დღეის მდგომარეობით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის პირობებში საქართველოს პოზიციონირება მშვიდობის შენარჩუნების შესახებ, რუსეთის არგაღიზიანების იმ პოლიტიკის მარტივი გაგრძელებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, როგორც ჩანს, ჩვენს სტრატეგიულ არჩევანს წარმოადგენს და რომელიც, სამწუხაროდ უკვე გადაიქცა დასავლელი და პირდაპირი სტრატეგიული მოკავშირეების დაკარგვის/ მათთან დაცილების პოლიტიკად. უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, თითქოს შესაძლებელიცაა ამჟამინდელ მიდგომებს გამართლება მოვუნახოთ, რადგან ყველანი ვაცნობიერებთ, კრემლის დამნაშავე მესვეურების სახით რამდენად საშიშ, არაპროგნოზირებად რეჟიმთან გვაქვს საქმე. ამდენად ერთის მხრივ, ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება თითქოს გასაგები უნდა იყოს, თუმცა მეორეს მხრივ, ისინი წარმოადგენს გლობალური ძვრებიდან გამომდინარე შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წინაპირობას. ეს იმიტომ, რომ დღევანდელი დასავლური პოლიტიკა, პრაგმატულ და რაციონალურთან ერთად უკვე დაეფუძნა სენსიტიურ და ემოციურ განწყობებსაც. უკრიანაში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოების დამოკიდებულებები შეფასდება და ფასდება კიდეც იმის მიხედვით, თუ რა პოზიციას დავიჭერთ მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ამდენად, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, იმ ომში, სადაც ცივილიზაციის ერთი მხარე სრულიად განცალკევებით დგას მეორე, როგორც ჩანს საკმაოდ დეგრადირებული და ტრიბალური ნაწილის წინაშე, დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ფლანგის სასარგებლოდ გავაკეთებთ არჩევანს.

უნდა ითქვას, რომ ისეთი მოვლენებიც, როგორებიც იყო პრეზიდენტ ზელენკის საქართველოს უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში არჩართვა, სანქციებისთვის არმიერთება და ამის ქართველი ხალხისა თუ ეკონომიკის გადარჩენით გამართლება, შემდგომში, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფო აღიარების რეზოლუციისთვის არშეერთება, სწორედ მეორე, დეგრადირებულ და ტრიბალურ ნაწილთან აფილირების წინაპირობებია. დამატებით, ყოველივე ეს ამჟამინდელი მმართველი პარტიის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების ერთგვარი მცდელობის გამოხატულებაცაა, რამდენადაც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის იდეა დაფუძნებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების თავიდან არიდებას, რადგან მათი ხედვით, ეს უკანასკნელი ფუნდამენტურად ბოროტებაა, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკური საქმეების გათვალისწინებით, რაც ვარდების რევოლუციიდან 2012 წლამდე გაკეთდა. ამდენად, თუკი ისინი გაერთიანდებიან ისეთ ძალასთან, რომელიც წლებია აფილირებულია უკრაინის მხარდამჭერ და მოკავშირე ჯგუფად, ამით მათი განსხვავებულობა და „ნაციონალებთან“ წინააღმდეგობა ერთგვარად აზრსაც დაკარგავს, რამაც შეიძლება დააბნიოს კიდეც მათი ამომრჩეველი. თუმცა, თავისთავად სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ სახელისუფლებო წრეებმა არც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გამოიყენეს საერთო კონსოლიდაციის თუ ქვეყანაში აზრთა ერთიანობის განმაპირობებელ საფუძვლად.

ვფიქრობ, საინტერესოა უფრო ჩავუღრმავდეთ „ქართული ოცნების“ შეხედულებას, რომ სანქციებში ჩაბმა ნეგატიურად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არსებითად, ეს აბსოლუტურად სწორია, რადგან სანქციები არათუ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის მძლავრი ეკონომიკებისთვისაც არ ყოფილა მარტივი. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის ბაზარზე მიბმული ქართული ეკონომიკა, რომელიც ქართული ექსპორტის 15%-ს შეადგენს (მისი წილი განსაკუთრებით მზარდია 2013 წლის შემდგომ) დაასუსტებს და გავლენას მოახდენს როგორც ქართველ ფერმერზე ასევე მეწარმეებზე, ამასთან გაზრდის ინფლაციას საწვავის ფასების ზრდიდან გამომდინარე. თუმცა, ამ შემთხვევაში ცივილიზებული სამყარო იმყოფება ერთგვარ ცივილიზაციურ ომში, რასაც თავისთავად ცხადია ნეგატიური ეკონომიკური შედეგები თან მოჰყვება კიდეც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად ხელოვნურად მოხდა სანქციების მიერთების საკითხის აქტუალიზაცია, რომელსაც, დასავლელი პარტნიორები ჩვენგან არც ერთი განცხადებით არც კი ითხოვნდნენ. აქედან გამომდინარე, საკითხის აქტუალიზაციაც იმავე ძალაუფლების შენარჩუნებასა და ელექტორატზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა მიზნად, რომელთაც ამჟამინდელი მმართველი წრეები მსხნელის სახით უნდა მოევლინონ ომში არჩართვისა და რუსეთთან სტაბილური სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების კონტექსტში.

რაც შეეხება საქართველოს ომში ჩართვის რიტორიკას. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს ნარატივი წარმოადგენს ერთგარ აბსურდულ უტოპიას, რომელშიც სამწუხაროდ მმართველი ელიტა ადანაშაულებს როგორც ამერიკას და მთლიანად დასავლეთს, ასევე უკრაინასაც. ჩემი აზრით, რეგიონში, ამ შემთხვევაში კავკასიაში, კიდევ ერთი კონფლიქტი დამატებით არათუ ხელს აძლევს დასავლეთს, არამედ სრულიად ეწინააღმდეგება მათ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებსა და მიმართებებს. მეტიც, რუსეთის მიერ საქართველოში ომის ამჟამად დაწყება სრული კრახი იქნება თითოეული დასავლური ქვეყნის მთავრობისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი დამატებით ვერც ახალი საომარი კერის გაჩენას შეუშლიან ხელს და ვერც მშვიდობიანი მსოფლიოს შენარჩუნებას. ეს განსაკუთრებით თვალნათელია იმ შემთხვევაში, როდესაც დასავლეთის სპეცსამსახურებს კარგად მოეხსენებათ თუ რამდენად დაკნინებულია ამ დროისთვის საქართველოს საომარი შესაძლებლობები, და რამდენად არ შესწევს მას ძალა რუსეთისთვის გასამკლავებლად. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ომში ჩართვაზე აპელირება ხდება იმის გამო, რომ გამართლდეს უუნარო საგარეო პოზიციონირება და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, რადგან მხოლოდ ამითაა ქართველი ხალხის დარწმუნება შესაძლებელი, რომ ისინი უკრაინას საფუძვლიანი მიზეზით არ დაეხმარნენ.

ახლა განვიხილოთ, რა პოზიცია უჭირავს მოლდოვას:

როგორც მოგეხსენებათ, მოლდოვას რომელიც კონსტიტუციურად ნეიტრალური ქვეყანაა და საკმაოდ ჩამორჩენილია როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუციურად, ჩვენგან განსხვავებით, მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე დღეისთვის ევროპული პოლიტიკა საკმაოდ გადაეწყო ემოციურ და სენსიტიურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ომიდან გამომდინარე წარმოიქმნა. ამდენად, მოლდოვის მკვეთრმა უკრაინის მხარდამჭერმა პოზიციამ, რომელიც ჟღერდება ქვეყნის საკმაოდ პროევროპული და ევროპული ელიტისთვის კარგად ცნობილი სამთავრობო ფიგურების მიერ, გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სტატუსის მიღებაზე.

ამასთან, მიუხედავად ზემოთაღნიშნული ეკონომიკური და ინსტიტუციური პრობლემებისა, მოლდოვა ხასიათდება ნაკლები პოლარიზაციით და რეგიონულ დონეებზე ძალაუფლების სხვა პარტიებსა თუ დამოუკიდებელ მერებზე გადანაწილებით. სხვა საკითხია მათი ეფექტიანობა, თუმცა, ძალაუფლების იმ ფორმით ცენტრალიზაციას, როგორც საქართველოს რეგიონების შემთხვევაში ვხვდებით, იქ ნამდვილად არ აქვს ადგილი.

ყოველივე ამან, სწორედ მოლდოვის სასარგებლოდ გადაწონა. ჩვენს შემთხვევაში, დემოკრატიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის უსაფრთხოების, პარტიული პლურალიზმის ნიშნულები როგორც ჩანს, ძალიან დაბალ დონეზეა და არ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მინდა, ვთქვა, რომ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულიად ვეთანხმები მოლდოვის შესახებ ევროკომიის რეკომენდაციას და მივიჩნევ, რომ როგორც პოლიტიკური ნების, ისე ზოგადი მზაობის თვალსაზრისით, მოლდოვის მმართველი ელიტა, კანდიდატის სტატუსისთვის არამხოლოდ უფრო მეტად იყო მზად, ასევე, მათ ამის უფრო მეტი სურვილიც ჰქონდათ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხი კითხვაზე - თუ რატომ მოლდოვა და არა საქართველო, უნდა ვეძებოთ ჩვენ მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ საჯაროდ დაფიქსირებულ მოსაზრებებში და არა იმ ნაწილში, ვჯობივართ თუ არა რომელიმე სხვა ქვეყანას ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ეს კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი არც ჩვენთან იმყოფება საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში და სიღარიბისა თუ ინფრასტრუქტურული განვითარების პრობლემები ცალსახად თვალშისაცემი და ადვილად ხილვადია.

გიორგი ლაბაძე - ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, თსუ, “საქართველო - 3 ზღვის ინიციატივა”

ნინა ჩუტკერაშვილი - სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი, თსუ

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S