
ფილიპ რიკერი – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ: "პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა"
01/12/2022 06:37:37 პოლიტიკა
აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ელჩი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვია. იგი მისი ვიზიტის მიზანზე, აშშ– საქართველოს ურთიერთობებსა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ვიდეოგზავნილში საუბრობს, რომელსაც საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
"მოხარული ვარ, კვლავ შევხვდე პრემიერ–მინისტრს და განვიხილო რეგიონული საკითხები. ოქტომბერში ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ვიზიტის დროს განვიხილავ, როგორ განვაგრძოთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლია აშშ-სა და საქართველოს, ხელი შეუწყონ საქართველოში რუსული ოკუპაციის მშვიდობიან მოგვარებას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", –აცხადებს რიკერი.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხადაა, თბილისს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში დაეხმაროს:
"აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ამაყი ვართ საქართველოს გვერდით დგომით, რამდენადაც თქვენ მიისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ განაგრძობს იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს".
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის მედიაციაში.
"მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონალური მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა ტყვეების გაცვლასა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას".
მიმართვის დასასრულს ფილიპ რიკერმა მადლობა გადაუხადა "საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობისთვის":
"როგორც ქართველები ამბობენ, სტუმარი ღვთისაა და თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021