
საქარველომ საგარეო ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანი მონაპოვარი შესაძლოა, დაკარგოს?
17/11/2022 12:41:40 ანალიზი
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთვის შემაშფოთებელმა გზავნილებმა გაიჟღერა. ეს არ მოიცავდა მხოლოდ კრიტიკულ შენიშვნებს, საუბარია ქვეყნის საგარეო ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანი მონაპოვრის შესაძლო დაკარგვაზე. კერძოდ, სენატორმა ჯინ შაჰინმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით:
„რეალობა შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდს.
დონფრიდმა უპასუხა, რომ, აშშ-მა გამოხტა შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მოქმედებებსა და განცხადებებზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს:
„ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან უფრო დეტალურად განვიხილო. თქვენთვის ცნობილია მიზეზები, რატომაც გვინდა, არსებული კურსი შევინარჩუნოთ. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებასა და მოქმედებაზე. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის [აზრს]“.
თავის მხრივ, შაჰინმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღების დაპირებაზე. ამასთან, მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა მთავრობას „მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“:
„გეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ახლანდელმა მთავრობამ საზოგადოებას განუცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი უმთავრესი დაპირებაა. მთავრობამ ეს ასევე უთხრა აშშ-სა და ევროპულ საზოგადოებას. ნათელია, რომ მათ უკან დაიხიეს ამ დაპირებაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ვარიანტებზე და ვცადოთ, მათი პასუხისმგებლობა დავაყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები აქვს და ზოგი შედეგი შეიძლება ეხებოდეს დახმარებას. სრულიად გეთანხმებით, რომ დამნაშავე არა ქართველი ხალხი, არამედ მთავრობაა. თუმცა, რაღაც მომენტში, [ხალხმა] მთავრობას მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“.
დონფრიდი ასევე შეეხო საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას. მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა, „ძირი გამოუთხაროს“ ორი ქვეყნის თანამშრომლობას:
„ელჩი ფანტასტიკურად წარმოადგენს აშშ-ს. ჩვენ ვესაუბრეთ ამაზე [საქართველოს] მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. მართალია, ჯგუფები [რომლებიც აკრიტიკებენ დეგნანს], არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგი ჯგუფი, რომელიც [ელჩს] აკრიტიკებს, დაკავშირებულია მთავრობასთან. ნათლად ვთქვით, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის პარტნიორობას“.
ამავე სხდომაზე სენატორმა ბენ კარდინმა, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლის არსებობას გაუსვა ხაზი, დაასახელა, თუ რა უნდა გააკეთოს თბილისმა ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად:
„ხაზს გავუსვამ – საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, თუმცა აშშ აკრიტიკებს საქართველოს. ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ [საჭიროა] დემონსტრირებადი პროგრესი დემოკრატიულ მიზნებში. საქართველო უნდა იყოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებისთვის“.
„ქართული ოცნების“ რეაქცია
მმართველი გუნდის წარმომადგენელთა საჯარო რიტორიკაში მდგომარეობის შემსუბუქების მცდელობა სულაც არ იგრძნობა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეუდგა მტკიცებას, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება:
„ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი არ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ხოლო ამავე გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კონსპირაციული თეორია შემოგვთავაზა, დაუკავშირა რა სენატორის განცხადებები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილებს და დაასკვნა, რომ ჯინ შაჰინი საქართველოს „ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანას“ ცდილობს.
იხილეთ ასევე: რა (არ) თქვა ვარჰეიმ
მისი ლოგიკის მიხედვით, შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა განცხადება არ გაუკეთებია და მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გასული ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მიმართ პოზიტიური გზავნილები გაჟღერა:
„გუშინ ვარჰეიმ, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, გააკეთა აბსოლუტურად განსხვავებული, საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილები და ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, რომ ამის თქმა მიწევს, დღეს ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მყისიერი რეაქცია რამდენიმე საათში მოჰყვა ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და დღეს ჩვენი პარტნიორი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა, აბსოლუტურად გნსხვავებული და აცდენილი, რაც ვარჰეიმ მოცემულ მდგომარეობაში სწორად შეაფასა, არის ძალიან სამწუხარო.
ამის იქით არაფერს ვიტყვი. ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირ რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ. გუშინ და გუშინწინ ევროკომისრის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ამას, სამწუხაროდ, დღეს მოჰყვა მცდელობა, ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ ჩვენი ქვეყანა. ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა თუ რას მიაბამდა ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვეების განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს ქალბატონ შაჰინს საქართველოზე – არც კარგი, არც ცუდი- და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროკომისარმა პოზიტიური განცხადებები [გააკეთა] საქართველოსთან დაკავშირებით“.
აშშ–ის დახმარება
ბოლო 30 წელიწადში, აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო.
მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს მიღებული აქვს 445 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მხოლოდ 2022 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი.
როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილის აღნიშვნისას განაცხადა, ამერიკა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, შექმნას ძლიერი და უსაფრთხო დემოკრატია.
„ამერიკამ დახმარებისთვის $6 მილიარდი აშშ. დოლარი გამოუყო საქართველოს, გადაამზადა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 6000-ზე მეტი ადამიანი ამერიკაში იმყოფებოდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. ასევე, ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას და სხვა მრავალ ინიციატივას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე კელი დეგნანი ვრცლად საუბრობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუშიც და აღნიშნავს, რომ .საელჩოში 30 სააგენტოა წარმოდგენილი, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ ქართველებთან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, გაცვლითი პროგრამები თუ სხვა.
„ასევე გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის, რაც ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, დავეხმაროთ საქართველოს შესაძლებლობების გაზრდაში ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდაცვის, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის მიმართულებით. ახლა, ცხადია, საქართველოს დახმარებას ვუწევთ კოვიდის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. USAID-ს ძალიან ძლიერი პროგრამები აქვს ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოსანახად.
დავამატებ, რომ საქართველოს მიზნები ჩვენი მიზნებია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმას ემსახურება, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის აშენებაში. და, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს“, – საუბრობს ელჩი „ამერიკის ხმასთან“.
იხილეთ ასევე:
- რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა
- სამწუხაროდ, ზოგიერთი შესაძლებლობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს - ინტერვიუ აშშ–ის თავდაცვის ატაშესთან
პირველად, 30 წლის განმავლობაში
იმაზე, რომ აშშ–ში ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა საგანგაშო კითხვები, „აქცენტს“ ამერიკაში ვიზიტისა და იქ გამართული შეხვედრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერი, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩიაც ესაუბრა:
„მაგალითად, აშშ–ში ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს საკითხით, სვამენ კითხვებს, „რა ხდება საქართველოში?“, „როგორ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო–ამერიკის ურთიერთობების სტაბილურობა?“. ასე საკითხი ამ 30 წლის განმავლობაში არასდროს დამდგარა! ძალიან შეწუხებულია ეს ხალხი და აინტერესებთ, დროებითია ეს ამბები თუ მის უკან რაღაც სტრატეგიული მიდგომა იმალება? აი, რა უნდა გაკეთდეს, აქ მოსაზრებები განსხვავებულია: ნაწილი მომხრეა, რომ თუ ამგვარი პოლიტიკა გაგრძელდება, უნდა გადაიხედოს ამერიკა–საქართველოს ურთიერთობები; ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, „მოდით, ვაცადოთ. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯების გადადგმა არ იქნება სწორი, რადგან თავადაც ამას ელის და ამის გამო იგივე ქართული საზოგადოება არ უნდა დაიჩაგროს“. როგორც ჩანს, ჯერ–ჯერობით, ეს მეორე ჯგუფი აბალანსებს სიტუაციას. გარკვეული განცხადებები კი კეთდება, მაგრამ არა ისეთი, რომ მთლიანად შეცვალონ პოლიტიკა. მთავარია, ყველას ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომები შიდა პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ასე რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის – ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს ეს განწყობები. წარმოიდგინეთ საქართველო, რომელსაც აშშ–ის მხარდაჭერა არ აქვს და პირიქით, ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგაა, რას ნიშნავს ეს არაღიარების, ეკონომიკურ–სოციალური, ევროინტეგრაციის და ა.შ. თვალსაზრისით?! უბრალოდ, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა! ჩანს, რომ ხელისუფლებას აშშ–ში ბოლო წლებში დაკარგული აქვს პოზიციები. პრინციპში, გარდა ლობისტებში დახარჯული თანხისა, არაფერი გაუკეთებია სერიოზული მხარდაჭერისთვის. ორპარტიულ მხარდაჭერას ჯერ–ჯერობით ვინარჩუნებთ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. საქართველო ჰგავს ქვეყანას, რომელმაც კომპასი დაკარგა – ამგვარია შთაბეჭდილება“.
იხილეთ ასევე: რა განწყობა აქვთ საქართველოს მიმართ დასავლეთში - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს სიცრუეში ამხელს:
„სამწუხარო ის არის, რომ ამ განცხადებებით კიდევ უფრო ამძიმებენ [მმართველი გუნდის წარმომადგენლები – რედ.] მდგომარეობას. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკული დახმარების უზარმაზარი ნაწილი მოდის საქართველოს სახელმწიფოსთვის დახმარებაზე, იქნება ეს თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სფეროები. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ის, რაც სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებას ხმარდება და ამ მიდგომაში საქართველო არაა გამონაკლისი: როგორც წესი, ამერიკის ხელისუფლება ეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას პოლიტიკურად, ფინანსურად, ექსპერტიზით და მხოლოდ მცირე კომპონენტი ეხება არასამთავრობო სექტორს“.
ის შიშობს, რომ საფრთხე ექმნება უპირობო, უსაზღვროდ დიდ მხარდაჭერას ვაშინგტონიდან, რომელიც ქვეყანას ამ 30 წლის განმავლობაში ჰქონდა:
„რიტორიკა ემსახურება იმას, რაზეც გვესაუბრებიან კოლექტიური სოზარ სუბარები, რომლებიც ვითომ გაემიჯნნენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ცხადია, ამის არავის სჯერა. ყველამ კარგად ვიცით რომ ისინი სწორედ „ქართული ოცნების“ განწყობებს ახმოვანებენ. ყოველი გზავნილი, რომელიც კობახიძისგან, „ქართული ოცნების“ სამთავრობო თუ საპარლამენტო წარმომადგენლებისგან გვესმის, მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს სკეპტიციზმს, ნეგატივს, რომლის დათესვასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ ცდილობენ ე.წ. განდგომილი ჯგუფის წევრები. გვახსოვს მათი გზავნილები, განსაკუთრებით, ბოლო წერილებიდან, რომ თურმე აშშ ქვეყანას კი არ ეხმარება, საქართველოს დაუძლურებაზე ზრუნავს და მის ინსტიტუტებს უქმნის საფრთხეს ამ თავისი დაფინანსებებით. ამ კონტექსტში სურდათ, ეთქვათ, რომ ისინი მათდამი კრიტიკულად განწყობილ მედიას და არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ. დღეს კობახიძის ეს განცხადება სწორედ ამ გზავნილის მატარებელი იყო. მაგრამ ამ მთელს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ დღითი დღე ვკარგავთ ყველაზე მთავარს, რაც საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში ჰქონდა – უპირობო, უსაზღვროდ დიდ მხარდაჭერას ვაშინგტონიდან, რისთვისაც სახელმწიფოები იბრძვიან, ყველაფერს აკეთებენ, უზარმაზარ ფულს ხარჯავენ ლობისტების საშუალებით, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაფლანგოს ეს მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული დაბევებული ჰქონდა ნატოსთან, მსოფლიო ბანკთან, იგივე ევროკავშირთან (რომლის წევრიც არ არის აშშ, მაგრამ მისი გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია), ჩვენს პარტნიორთან ორმხრივ ურთიერთობაში! ყოველთვის, როდესაც გვიჭირდა, სწორედ ამერიკის ხელისუფლება იყო, ვინც გვერდში გვედგა!“.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საქართველო–აშშ–ის ურთიერთობების გაუარესება მხოლოდ კრემლის ინტერესში შედის. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს რომ ამ შემთხვევაში აშშ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება და მას რეალური ქმედება არ მოჰყვება.