
ერდოღანი მშვიდობის ძიებაში
23/10/2022 09:45:14 პოლიტიკა, ანალიზი
უკრაინაში პუტინის მიერ ომის დაწყების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუდმივად ცდილობს მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებას და ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს კიდეც. თურქეთის ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. უფრო მეტიც, ერდოღანი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღრმავებს, რასაც მისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებით ხსნის. ამ დრომდე, თურქეთი ერთადერთი აქტორია, ვინც დაპირისპირებულ მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელი გახადა, თუმცა ვითარების ცვლილებასთან ერთად ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის მისაღწევად წარმატებული შუამავლობა, ერდოღანისთვის მნიშვნელოვნად რთულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
18 ოქტომბერს, ასტანაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორიგ ჯერზე დაადასტურა მზადყოფნა შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დასადებად.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ომის დაწყებიდან მოკლე დროში, მხარეებს შორის ბელარუსში ჩატარებული უშედეგო შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკებების მთავარ მოედნად თურქეთი იქცა. 10 მარტს, ანტალიის დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით, პირისპირ შეხვედრა გაიმართა დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის. ამ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე ცდილობდა მიეღწია შეთანხმებისთვის ცეცხლის 24 საათით შეწყვეტის თაობაზე, რომლის მიზანი უსაფრთხო ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზება და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იქნებოდა. ლავროვსა და კულებას შორის ორსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. რუსეთს მარიუპოლის დაბომბვა არ შეუწყვეტია.
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 14-17 მარტს კვლავ თურქეთის შუამავლობით და მევლუთ ჩავუშოღლუს მოდერაციით გაიმართა. მოლაპარაკებების პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა რომ მის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები ჰქონდა. თუმცა მალევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული შეთანხმების მიღწევით და მხოლოდ სამშვიდობო პროცესის იმიტაციას ახდენდა. განსხვავებული იყო მევლუთ ჩავუშოღლუს შეფასება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა გარკვეული პროგრესს მიაღწიეს.
თურქეთის ხელისუფლებას მშვიდობის მიღწევის მცდელობა მარტის მიწურულსაც ჰქონდა. 29-30 მარტს რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრა უშალოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. მოლაპარაკებების ეს რაუნდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის მიმართაც ოპტიმისტური მოლოდინი არსებობდა, როგორც კიევსა და ანკარაში, ისე სხვა ევროპულ დედაქალაქებში. მასზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა იყო, სანაცვლოდ კიევს უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მიეღო.
სტამბოლის შეხვედრიდან მოკლე დროში რუსულმა ჯარებმა დატოვეს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები. თუმცა ეს ნაკლებად იყო დაკავშირებული ამ მოლაპარაკების შედეგებთან და უფრო მეტად სამხედრო აუცილებლობებით იყო განპირობებული. პარალელურად, გათავისუფლებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გამოვლინდა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. მათ შორის ყველაზე გახმაურებული ბუჩას შემთხვევა იყო. ამ მოვლენამ თურქეთის შუამავლობით მიღწეული ყველა შეთანხმების პრაქტიკაში იმპლემენტაცია შეუძლებელი გახადა.
ფრონტზე უკრაინული არმიის წარმატებების პარალელურად, ოფიციალური კიევის ტონი გამკაცრდა და რუსეთთან დიდ დათმობებზე წასვლის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდა. ამის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებას აქტიური მოქმედებები არ შეუწყვეტია. თუ ომის საწყის ეტაპზე ერდოღანი სრული მშვიდობის მიღწევას ცდილობდა, ვითარების ცვლილებასთან ერთად, მისი მიდგომებიც შეიცვალა და უფრო მეტად თემატურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევით შემოიფარგლა.
22 ივლისს, თურქეთის აქტიური ჩართულობით მოხერხდა შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე. მისი ხელმოწერიდან მეორე დღესვე რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, საიდანაც მარცვლეულით დატვირთული გემები უნდა გასულიყვნენ. ამ ნაბიჯით რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ მსგავსი ოპერაციებისთვის უკრაინული პორტები უსაფრთხო არ არის, თუმცა 1 აგვისტოს გემებმა პორტის დატოვება მაინც შეძლეს. ომის დაწყების შემდეგ, ეს იყო მხარეებს შორის მიღწეული ყველაზე დიდი შეთანხმება, რომელიც შესაძლებელი ერდოღანის ძალისხმევამ გახადა.
ასტანაში პუტინთან შეხვედრა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოიყენა სამშვიდობო პროცესში საკუთარი თავის, როგორც მთავარი მომლაპარაკებლის წარმოსაჩენად. აღსანიშნავია ისიც, რომ შერბილებული იყო თავად პუტინის ტონიც.
ომის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის სრულ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას ითხოვდა. ერდოღანთან შეხვედრამდე ორი კვირით ადრე კრემლის გეორგიევსკის დარბაზში გამართულ ცერემონიაზე (რომელზეც ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქები რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა) თავის 37 წუთიან გამოსვლაში მუქარის შემცველი გზავნილები არ დაიშურა არც უკრაინის ხელისუფლებისა და არც დასავლეთის მიმართ. ასეთ მოკლე დროში, პუტინის მხრიდან რიტორიკის შეცვლა ბევრისთვის შეიძლება უცნაურიც იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც უკრაინული მიწების ფორმალურმა ანექსიამ, არც „ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ“ და არც ბირთვულმა შანტაჟმა მისთვის სასურველი შედეგები არ მოიტანა, ლოგიკურია ახლა თავად იყოს ახალი სამშვიდობო პროცესის იმიტაციის გულმხურვალე მხარდამჭერი.
ასტანაში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნებისმიერი საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და დაამატა ისიც, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში პუტინის შერბილებულ რიტორიკაზე საინტერესო ერდოღანის მოქმედებებია - ის, თუ რა ურთიერთობა აქვს მოსკოვთან და კიევთან და რის მიღწევას ცდილობს მთავარი მომლაპარაკებლისა და მშვიდობისმყოფელის როლის მორგებით.
თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ რთულია და არაერთი ასპექტისგან შედგება. ანკარა ეწინააღმდეგება კრემლის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. არ აღიარებს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და არც ანექსირებული ტერიტორიებს ცნობს რუსეთის ნაწილად. მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ სირიის საკითხზე და მეტოქეები არიან შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ თურქეთი უკრაინას აქტიურად აწვდის შეიარაღებას. თურქეთის პოლიტიკური თანამდებობის პირებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ ოფიციალური პოზიცია, რომ რუსეთმა უკრაინას ყველა მიტაცებული ტერიტორია უნდა დაუბრუნოს. ანკარამ მკაცრად დაგმო 2014 წელს ყირიმის ანექსიაც, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არც მაშინ შეერთებია.
მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, თურქეთი და რუსეთი არაერთ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც არ შეცვლილა. თურქეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რასაც საკუთარი ეროვნული, პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესებით ხსნის. ამ გზაზე ერდოღანის ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა და თანხმობა განაცხადა რუსეთიდან მიღებული ენერგორესურსების ღირებულების ნაწილი რუსულ რუბლში გადაიხადოს, რითაც უკრაინისა და დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია.
მძიმე ეკონომიკური კრიზისის, 80 პროცენტიანი ინფლაციისა და თურქული ლირას რეკორდული გაუფასურების ფონზე (1 ლირა მხოლოდ 0.054 აშშ დოლარი ღირს), ანკარაში რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, ამიტომ ვერც უკრაინისა და ვერც დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თურქეთს პოზიციების გადახედვას ვერ აიძულებს.
რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერდოღანი დასავლეთს უკრაინის ომის დაწყებამდეც დაუპირისპირდა, როდესაც 2016 წელს ხელახლა დაუბრუნდა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის საკითხს, რომელიც 2020 წელს ოფიციალურად გაიხსნა. გაზსადენის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უკრაინის გვერდის ავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება.
ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს თურქეთის მერსინის რეგიონში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსების 93 პროცენტს როსატომი უზრუნველყოფს.
დასავლეთის, განსაკუთრებით ნატოს წევრი სახელმწიფოების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400-ის შეძენამაც.
თურქული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში უკრაინას რუსეთზე გაცილებით მოკრძალებული ადგილი უკავია. ამის მიუხედავად, კიევთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება ანკარასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ომის დაწყების შემდეგ თურქეთი უკრაინას აწვდის Bayraktar TB2 ტიპის საბრძოლო დრონებს. აქტიურად განიხილება უკრაინაში დრონების მწარმოებელი ქარხნის გახსნის საკითხიც. თებერვალ-მარტში ასევე განიხილებოდა კიევისთვის თურქეთის მიერ შეძენილი С-400 სისტემების გადაცემაც. სანაცვლოდ ანკარა ამერიკის მხრიდან დაპირებული პატრიოტის სისტემებისა და ავიაგამანადგურებელ F-35-ების გადაცემას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.
სამხედრო დახმარების გარდა თურქეთი უკრაინას მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღიარებს ქვეყნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის ოთხ რეგიონში. უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება იყო 18 აგვისტოს ერდოღანის ლვივში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაც.
ანკარა კიევს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს ყირიმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურობის შესანარჩუნებლად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ყირიმელი თათრების მიმართ თურქეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული დამოკიდებულებაა.
თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინელი სამხედრო ტყვეების, განსაკუთრებით აზოვსტალის მცველების გათავისუფლების საქმეში და ომის დასრულებამდე ბატალიონ აზოვის მეთაურების მფარველობის ვალდებულებაც აიღო. ის ასევე საკვანძო როლს თამაშობს შავ ზღვაში უკრაინული გემებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თურქეთის საჯარო იმიჯი გარკვეულწილად დაზიანდა კიდეც. ეს პირველ რიგში ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმამ გამოიწვია. უკრაინელების უკმაყოფილების დამატებით მიზეზებად, ანალიტიკოსები ასახლებენ მოსკოვთან რუსულ რუბლში ნაწილობრივ ანგარიშსწორებაზე შეთანხმებასა და ნატოს გაფართოების საკითხის გაჭიანურების მცდელობას. თუმცა ამ უკანასკნელ საკითხზე ნატოს მადრიდის სამიტზე ფინეთმა და შვედეთმა თურქეთთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნატოს წევრი 30 სახელმწიფოდან 28-ის პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. შეთანხმების რატიფიკაცია მხოლოდ თურქეთისა და უნგრეთის პარლამენტებს არ მოუხდენიათ.
თურქეთისგან, როგორც სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინის ხელისუფლება მეტ მხარდაჭერას ელოდა. ომის დაწყების შემდეგ კიევის მხრიდან ორი დიპლომატიური დემარში ვიხილეთ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი ორჯერ დაიბარეს. პირველი დაბარება თურქეთის მიერ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გაშვებას უკავშირდებოდა. ამ ამბავთან დაკავშირებით ანკარაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ქურდობის თანამონაწილე იყო. თურქეთის ელჩის საგარეო უწყებაში მეორე დაბარება სირიიდან თურქეთის გავლით სარაკეტო სისტემა С-300-ების უკრაინაში მოხვედრას მოჰყვა.
ომის დაწყების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კიევში თურქეთის საგარეო პოლიტიკის უფრო რეალისტურ გააზრებას შეუწყო ხელი. დღეს უკრაინისთვის ანკარა მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება, რასაც ხაზს უსვამს ზელენსკის მიერ პირადად ერდოღანისთვის გადახდილი არაერთი მადლობაც. თუმცა ანკარასთან პარტნიორობა დასავლეთთან დაახლოების ჭრილში აღარ განიხილება. არსებულ მოცემულობაში, კიევისთვის დასავლეთისკენ მიმავალი გზის არცერთი განშტოება ანკარაზე აღარ გადის, თან ამის საჭიროებაც აღარ არსებობს და ბევრად მოკლე, პირდაპირი გზაა გაჭრილი.
თავის მხრივ, თურქეთი აგრძელებს დასავლეთთან დაშორებას და ცდილობს ბოლომდე დამოუკიდებელ რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსიც ამ პარადიგმის ნაწილია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექვს თვეში თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. 2023 წლის 18 ივნისის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ისე ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაში. მისი შედეგები ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და განსაზღვრავს თურქეთის მომავალს შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.
არჩევნებს ერდოღანი რთული მოცემულობით ხვდება. ელექტორატის განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. თურქეთის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები მცირდება, რაც ერდოღანსა და მის გუნდს გამოსავლის მოძებნის აუცილებლობის წინაშე აყენებს.
ერთ-ერთ ასეთ გამოსავლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და რუსული ფინანსური რესურსების მოზიდვა განიხილება. ერდოღანისთვის კრემლთან დაახლოების აუცილებლობა დასავლეთთან წლების მანძილზე მიმდინარე კონფრონტაციამაც განაპირობა. ტრადიციულ მოკავშირეებთან მწვავე დაპირისპირებაში მყოფი თურქეთის ხელისუფლება იძულებულია ხსნა სხვაგან ეძებოს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აქტიური ჩართულობა თურქეთისთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. ერდოღანის ხელისუფლება (რუსეთისა და ირანის მსგავსად) იზიარებს ხედვას, რომ რეგიონული პრობლემები მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ჩართულობით უნდა მოგვარდეს და გარე აქტორების მონაწილეობა პროცესს მხოლოდ აზიანებს. არსებულ კონტექსტში (ისევე როგორც ზოგადად) ეს ხედვა მისაღებია რუსეთისთვის, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინისთვის.
დასავლეთთან დაპირისპირებული და რუსეთთან დაახლოების გზაზე მყოფი ერდოღანი უკრაინის კონტექსტში ახალი ფუნქციის შეძენასაც ცდილობს. მას სურს იყოს ხიდი არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორისაც. ამ მისიის შესრულებაში მას ერთი მხრივ მისი ფორმალური სტატუსი (ნატოს წევრობა), მეორე მხრივ კი კრემლთან მჭიდრო კავშირები უნდა დაეხმაროს.
დიდი ძალისხმევისა და სურვილის მიუხედავად, ძნელი სავარაუდოა, ერდოღანმა რომელიმე მიზანს მიაღწიოს. მას კვლავ შეუძლია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში პოზიტიური როლის თამაში, თუმცა ამას ისევ თემატური დატვირთვა ექნება. ანკარას არ შესწევს ძალა მიაღწიოს მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას. ამ მისიის შესრულებას ერდოღანს პირველ რიგში თავად პუტინი ურთულებს, რომელიც რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუძლებელს ხდის.
უკრაინის ოთხი რეგიონის ფორმალური ანექსიის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებები არ იქნება მანამ, სანამ კრემლში პუტინი ზის. ზელენსკი მანამდეც ხაზგასმით აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები შეიძლებოდა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის (მათ შორის ყირიმის) აღიარების პირობებში. ფრონტზე კატასტროფული მდგომარეობის მიუხედავად, ასეთ დათმობაზე წასვლა მოსკოვს არ შეუძლია. პუტინისთვის წარმოუდგენელია ახლახან ანექსირებული ოთხი რეგიონის დათმობაზე საუბარიც კი, მითუმეტეს მათზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.
თურქეთი ერთადერთი აქტორია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება მეტ-ნაკლებად წარმატებით შეძლო. ამის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია ერდოღანმა პროგრამა მაქსიმუმი შეასრულოს და ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიოს. ერდოღანის მისიას ართულებს ისიც, რომ დღეს უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებით ნაკლებად არის დაინტერესებული. კიევი ძლიერის პოზიციიდან საუბრობს და მიზნების რეალიზება დასავლური შეიარაღების დახმარებით ფრონტზე შეუძლია.
ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ, რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მასირებულმა დაბომბვამ ერდოღანის შეუსრულებელი მისია კიდევ უფრო რთულად შესასრულებელი გახადა. დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მსგავსი შინაარსის რეზოლუცია უკვე მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის ხუთმა დელეგატმა. ერდოღანის პარტიის სამივე წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის იყო ერთი ოპოზიციონერი დელეგატიც, ერთმა კი თავი შეიკავა.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ აღარც უკრაინა აღიარებს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა და ის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნო.
სავარაუდოა, რომ სამშვიდობო ინიციატივით თურქეთი მომავალშიც გამოვა და ეცდება ხელშესახებ შედეგსაც მიაღწიოს, რათა განიმტკიცოს ძლიერი რეგიონული მოთამაშის იმიჯი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით. ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სატელეფონო კონსულტაციები გამართოს, როგორც ზელენსკისთან, ისე პუტინთან. საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკის მსგავსად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თურქეთის მოსახლეობის ელექტორალურ განწყობებზე და გლობალურ პოლიტიკურ თამაშებში წარმატება, ერდოღანს ხელისუფლების შესანარჩუნებლადაც სჭირდება.
ამ ვითარებაში, ერდოღანს შეუძლია გააგრძელოს ცდა მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, თუმცა მაქსიმუმი, რის მიღწევასაც შეძლებს კონკრეტულ საკითხებზე შუამავლის როლის თამაში იქნება. შესაძლოა, მისი ტაქტიკაც ამას ითვალისწინებს და გრძელვადიანი მშვიდობის მოთხოვნით, მინიმუმ მისთვის მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხების გადაჭრას ცდილობს.
დავით ბრაგვაძე
„აქცენტისთვის“