
„არჩევანის გაკეთება გვიწევს“: რა განაპირობებს ისრაელის პოზიციონირებას უკრაინის ომში
20/10/2022 11:32:20 ანალიზი
შოკში ვარ! არ მესმის! ისრაელმა არაფერი მოგვცა!.. მესმის, რომ მათ საკუთარი მიწა უნდა დაიცვან, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში ისრაელისთვის დახმარების თხოვნით არაერთგზის მიმართვის შემდეგ. მაშინ უკრაინის თავზე ირანული დრონები, რომელთა რუსეთისთვის მიწოდებასაც თეირანი ამ დრომდე უარყოფს, ჯერ კიდევ არ დაფრინავდა, არ ანადგურებდა ქვეყნის ინფრასტრუქტურას, არ კლავდა უკრაინელებს. ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ ირანული იარაღის გამოყენება მტკიცებულებებით დადასტურდა, ამასთან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებასაც გეგმავს, დაახმარს ინსტრუქტორებსაც, კიევმა თელ–ავივზე მორალური წნეხი გაზარდა.
"ჩვენ დიდი ხანია, ვთხოვთ ისრაელს, ღია იყოს უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის. თუ ისრაელის პოლიტიკა ირანის დესტრუქციულ ქმედებებზე წინააღმდეგობის გაწევაა, მაშინ დროა, ისრაელი უკრაინას გვერდით დაუდგეს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა აუცილებლად გამოიწვევს უკრაინის გამარჯვებას და შეაჩერებს ბოროტ ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია და ყველას, ვინც ამ ქვეყანას ეხმარება. ახლა ირანი რეალურად ეხმარება რუსეთის ფედერაციას გარკვეული იარაღით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დღეს ისრაელი იმავე "დრონების" სამიზნეა, რომლებიც ანადგურებენ უკრაინას. ვფიქრობ, [ეს] საკმარისი ნათქვამია. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ისრაელის პოლიტიკის განვითარებისთვის“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ, რასაც წინ უძღოდა ისრაელის მინისტრის დიასპორის საკითხებში ნახმან შაის განცხადება, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ ისრაელი, რომელიც პოლიტიკურ–ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, სამხედრო დახმარების კუთხითაც შეცვლიდა პოზიციას:
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. აღარ არის ეჭვი, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ მიიღოს ისეთივე სამხედრო დახმარება, როგორსაც აშშ და ნატო–ს ქვეყნები აწვდიან”.
არ დააყოვნა მუქარამ მოსკოვიდანაც: „ძალიან უგუნური ნაბიჯი იქნება. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ყველა დონეზე გაანადგურებს", – თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს–პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
რამდენიმედღიან მოლოდინებსა და დისკუსიას ერთგვარად წერტილი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ევროპელ ელჩებთან შეხვედრისას დაუსვა.
"ისრაელი მხარს უჭერს და დგას უკრაინის, ნატო–სა და დასავლეთის გვერდით. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ მიაწოდებს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა მიზეზების გამო. თუმცა გავაგრძელებთ კიევის დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში", – თქვა მინისტრმა და დასძინა:„ჩვენ თვალს ვადევნებთ ირანის ჩართულობას უკრაინის ომში“.
მაინც რა განაპირობებს ისრაელის პოზიციონირებას?
ისრაელის „მე–9“ არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორი დიმიტრი დუბოვი განმარტავს, რომ დღეს ქვეყანას არჩევანის გაკეთება რეპუტაციასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას შორის უწევს, რადგან ომი ქვეყნებთან, რომლებიც ისრაელის არსებობის უფლებას არ აღიარებენ, მხოლოდ დროის საკითხია, რუსეთი კი ამ დრომდე ინარჩუნებს ერთგვარი შემაკავებელი აქტორის ფუნქციას:
„ახლახანს აღვკვეთეთ დიდი ომი ისრაელსა და „ჰესბოლა“–ლიბანს შორის. ეს იყო დიდი ჩრდილოეთის ომი სირიის, ირანის, ლიბანის და სავარაუდოდ, იემენელების მონაწილეობით. ეს აღვკვეთეთ შეთანხმებით, საზღვაო საზღვრის დემარკაციაზე მოლაპარაკებით ლიბანთან, რაც ლიბანს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს გაზი თავის წყლებში. რა შუაშია აქ უკრაინა? ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ისრაელი ძალია ფრთხილად იქცევა. რიგი პოლიტიკოსები გააკრიტიკეს კიდეც იმის გამო, რომ მათ რეალობა აღწერეს: რუსეთი თავს ესხმის უკრაინას, იტაცებს უკრაინის ტერიტორიებს და იმავდროულად აცხადებენ, რომ ჩვენ გვაქვს რთული სისტემა რუსეთთან ურთიერთობების მისი მეზობელ სირიაში ყოფნის, ირანული ფაქტორის, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის გათვალისწინებით. ისრაელი საჯაროდ უარს ამბობს იარაღის მიწოდებაზე იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის პროგნოზირება რთულია (მსოფლიო ხომ გააოცა უკრაინაში შეჭრით?!), ჩვენ ვერ გავთვლით, როგორი შეიძლება იყოს მისი ნაბიჯები ისრაელთან მიმართებით. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ მომავალი ომი ჩრდილოეთში ლიბანთან, სირიასთან, ირანთან (არ ვიცი, კიდევ ვინ იქნება ამ ომში ჩათრეული), ეს მხოლოდ დროის საკითხია და ის აუცილებლად მოხდება. ჩვენ გვაქვს არჩევანი რეპუტაციულ ზიანსა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს შორის. საქმე იმაშია, რომ თუ დღეს ირანი დრონებს რუსეთს აწვდის და ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი წარმოადგენს ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორს ირანის სირიაში ყოფნის კუთხით, ხვალ ეს შემაკავებელი ფაქტორი შესაძლოა, აღარ არსებობდეს“,– ამბობს ჟურნალისტი.
მისივე თქმით, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც უკრაინა ითხოვს, რეალურად თავად ისრაელსაც არ ჰყოფნის და მეორე –იგივე „რკინის გუმბათი“ აბსოლუტურად არაეფექტურია ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, რომელთაც იყენებენ უკრაინის ქალაქებზე დარტყმებისთვის. ის მოკლე მანძილის რაკეტებზეა გათვლილი:
„ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოწინავეა, მაგრამ სულ რამდენიმე კომპლექსია, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის სტრატეგიულ ობიექტებს და არ ფარავენ ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიას. ანუ ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ როდესაც ომი დაიწყება, ამ სისტემებით დაიფარება რიგი ობიექტები, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება, ხოლო დანარჩენების შემთხვევაში უნდა ვილოცოთ, რომ რაკეტებმა მათ გვერდი აუარონ. ჩვენ რეალურად მომავლის ძალიან მძიმე სცენარი გველის, რომელიც აუცილებლად დაიწყება. ისრაელი ითვალისწინებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ასრულებს ერთგვარი შემაკავებლის როლს და არ უშვებს ისტორიის ამ ბორბლის გიჟური ტემპით დატრიალებას. ისრაელში ვთლით, რომ ლოგიკური იქნებოდა, დღეს არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რომ დამატებითი, გარდაუვალი პრობლემები არ დავიხვავოთ“.
ამასთან, ჟურნალისტი ფიქრობს, რომ სანდო უნდა იყოს ცნობები, თითქოს ისრაელი უკრაინას ირანული დრონების ჩამოგდების ტექნოლოგიას აცნობს:
„დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია (ცხადია, ამას საჯაროდ არავინ ადასტურებს), რომ ისრაელი ეხმარება უკრაინას, უზიარებს ინფორმაციას, როგორ აღუდგეს წინ ამ ირანულ დრონებს. მოვუსმინე ისრაელის ელჩის ინტერვიუსაც და ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც რეალურად ხდება, მაგრამ არსებობს შეთანხმება, რომ ამბავი საჯარო არ გახადონ. სხვა შემთხვევაში კი დიახ, ჩვენ შეგნებულად მივდივართ რიგ რეპუტაციულ ზიანზე, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვესმოდეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. გერმანიას, საფრანგეთს, ნორვეგიას თუ აშშ–ს რუსეთის ბალისტიკური რაკეტები დღეს არ ემუქრება. დღეს ვერ წარმოვიდგენთ ვითარებას, როდესაც მოსკოვი პარიზს ურტყამს, რიგასაც კი, მაგრამ ვითარება, როდესაც ისრაელისკენ მოფრინავს ბალისტიკურ რაკეტები ირანიდან, სირიიდან... რეალურია! გვესმის, რომ ეს ჩვენი მხრიდან კარგად არ გამოიყურება, მაგრამ ისრაელის ხელისუფლების პრიორიტეტი დღეს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაა“.