
"ზეწოლა უპრეცედენტოდ გაიზარდა“: რით დაეხმარება ლუკაშენკო პუტინს
12/10/2022 13:40:43 ანალიზი
ამ კვირაში უკრაინის ქალაქებზე სასტიკი სარაკეტო თავდასხმების გარდა კიდევ ერთი თემა გახდა აქტუალური ომის კონტექსტში – მასში ბელარუსის უფრო აქტიური შესაძლო ჩართულობა. მართალია, ამ დრომდე მინსკი დახმარებას უწევს მოსკოვს სამხედრო მოქმედებების წარმოებაში – აწვდის საბრძოლო მასალებს, საკუთარი ტერიტორია დაუთმო უკრაინაში შესაჭრელად, უკრაინის ქალაქების დასაბომბად, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და დაექვემდებარა კიდეც ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისთვის, თუმცა ლუკაშენკო ამ ომში ბელარუსი სამხედროების უშუალო ჩართულობას მაქსიმალურად გაურბოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ავტორიტარ ლიდერს ლავირების არეალი უმცირდება, რადგან თავი კუთხეში მიიმწყვდია ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის გზაზე – ამგვარად ფიქრობს პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი მას შემდეგ, რაც ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა "გაერთიანებული რეგიონული დაჯგუფის" განლაგებისა და „უკრაინიდან მომავალი სამხედრო საფრთხის" შესახებ განაცხადა.
„გუშინ უკვე არაოფიციალური არხებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე თავდასხმის შესახებ. გვითხრეს, „ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ ეს იყოს ყირიმის ხიდი-2“. ჩემი პასუხი მარტივი იყო: „უთხარით უკრაინის პრეზიდენტს და სხვა შეშლილებს, რომ ყირიმის ხიდი მათ ყვავილებად მოეჩვენებათ, თუ ბინძური ხელებით შეეხებიან ჩვენს ტერიტორიას“,– ამტკიცებდა ლუკაშენკო.
ბელარუსში მცხოვრები ჟურნალისტი იგორ ილიაში საგანგაშოს უწოდებს ბოლოდროინდელ პოზიციონირებას და შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ეს ომისთვის მზადებას ჰგავს. იმავდროულად, ჟურნალისტი თვლის, რომ ბელარუსის ომში ჩართვისგან თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია და არც პირადად ლუკაშენკოს ინტერესებში შედის ამგვარი ნაბიჯი.
გარდა ამისა, მისი თქმით, კვლავ ინარჩუნებს ძალას ბელარუსულ საზოგადოებაში არსებული ანტისაომარი კონსენსუსი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი და მას კიდევ ერთი დაემატა: რუსეთი ბოლო თვის განმავლობაში მარცხს მარცხზე განიცდის და ლუკაშენკოს ვერ ექნება ილუზიები, რომ კიევი შეიძლება, 3–4 დღეში დაეცეს, როგორც ამას ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ამბობდა. თუმცა, ილიაშის შეფასებით, ვხედავთ იმასაც, რომ მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც რუსეთმა ესკალაციის კურსი აიღო, გამოაცხადა მობილიზაცია, ოფიციალურად მოახდინა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია.
"ამ ვითარებაში პუტინს ბელარუსის არსებული როლი აღარ აკმაყოფილებს, ზეწოლაც გაიზარდა, თანაც უპრეცედენტოდ. ლუკაშენკოს უკანასკნელი ქმედებები, ცხადია, ამასთანაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ თუ მას გაუჩნდება შესაძლებლობა, თავი დაიძვრინოს და თამაშიდან გამოვიდეს, ცხადია, ამ შანსით ისარგებლებს, რადგან კარგად ესმის, რა რისკებთანაა დაკავშირებული ამ ომში ბელარუსის პირდაპირი ჩართვა“.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ჟურნალისტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ლუკაშენკოს ტონის ხშირი ცვლა ახასიათებს, საზოგადოებაში იმედი რჩება, რომ ახლაც მისი შემაშფოთებელი განცხადებები მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ თუ საქმე ომში რეალურ ჩართვამდე მივიდა, ილიაში სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს, მით უფრო, რომ 2020 წლის აქციების შემდეგ საპროტესტო განწყობები არ შეცვლილა.
ბელარუსი ოპოზიციონერი, გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის ლიდერი პაველ ლატუშკა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბელარუსის ძალოვანი უწყებები უკვე ადგენენ სიებს მობილიზაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის გამოყენება ლუკაშენკომ აკრძალა, ხოლო გენერლებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაავალა:
„საბჭოთა პერიოდის მსგავსად, ლუკაშენკომ გენერლებს, რომლებიც ამჟამად ქვეყნის მასშტაბით გაიშალნენ, ამოცანად დაუსახა, განუმარტონ საზოგადოებას, თუ საიდან გეგმავენ ბელარუსზე თავდასხმას (უკრაინიდან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან). მას სჭირდება, მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ შემოვლენ უახლოეს პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსი სამხედროები ქვეყანაში. სამართლებრივად ისინი ეყრდნობიან ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ამ სამხედრო დაჯგუფების ფორმირების წესებს. ამ დაჯგუფების ფორმირების შემდეგ ლუკაშენკოს მიზანი იქნება, შექმნას საფრთხე, რომელიც თითქოსდა უკრაინიდან მომდინარეობს, რათა საზღვრისკენ დაძრას დიდი რაოდენობით სამხედრო, შემდეგი ნაბიჯი კი შეიძლება, იყოს უკვე რეალური თავდასხმა უკრაინაზე – თებერვლის სცენარის განმეორება. მობილიზაციაზე საუბარი ლუკაშენკოს აშინებს და როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, ის კატეგორიულად კრძალავს ამ სიტყვის გამოყენებას. მაგრამ გვეუბნებიან იმასაც, რომ სამხედრო აღრიცხვის განყოფილებები მილიციასთან ერთად მუშაობენ სიებზე, მზადდება საკანონმდებლო ბაზა, თუ ვინ არ დაექვემდებარება მობილიზაციას. ის ამას [მობილიზაციას] კონკრეტულ მომენტში გამოაცხადებს, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში. დიდი რუსული დაჯგუფების ფორმირებას მობილიზებული ბელარუსი სამხედრო მოსამსახურეებით მომავალი წლის თებერვლისთვის უნდა ველოდოთ, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ქმედებებს – გაზაფხულზე. მანამდე ბელარუსის ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული დარტყმების განსახორციელებლად. მსგავს ქმედებებს ახლაც ვხედავთ და შესაძლოა, მომავალში უფრო გაფართოვდეს“.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი მაინც ფიქრობს, რომ ბელარუსი ყველა ღონეს ხმარობს, რათა ომში არ ჩაერთოს, მაგრამ თუ მაინც სცადა უკრაინაში შეჭრა, ომი თ ბელარუსის ტერიტორიაც გახდება მოცული:
„ბელარუსის არმია, ამჟამინდელი მდგომარეობით, ომისთვის არ ემზადება და აკეთებს ყველაფერს, რომ არ იყოს მზად ამისთვის. ლუკაშენკო უფრო გამოცდილია, ვიდრე პუტინი – 20 წელია, „მხარს უჭერს“ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას და ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ფინალური დოკუმენტისთვის. ამასთან, ოპერატორებს, რომლებმაც უნდა დაიწყონ ოპერაციის მომზადება, წინდაწინ ესმით, რომ თუ ბელარუსის არმია დავალებას ვერ შეასრულებს, ეს ოპერაციის სრული ჩავარდნა იქნება. ამიტომ, მისი ომში ჩათრევა ძალიან სახიფათოა და ვფიქრობ, ამას რუსეთის გენშტაბიდან ვინმე უხსნის შოიგუს, პუტინს, ან მას, ვინც ხელმძღვანელობს სამხედრო ოპერაციებს. ჩვენ 24 თებერვლისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ ახლა მზად ვართ და თუ ბელარუსის არმია გადაწყვეტს შემოჭრას, საბრძოლო მოქმედებები ბერალუსის ტერიტორიაზევე დაიწყება – ჩვენს სახელმწიფო საზღვართან. ვფიქრობ, ამისთვის ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც მზად ვართ, მაგრამ მზადაა კი ლუკაშენკო? სხვათა შორის, ეს კარგი კითხვაა და შესაძლოა, ეს ერთ–ერთი შემაკავებელი ფაქტორიც იყოს იმისთვის, რომ ბელარუსის არმიამ სცადოს შემოჭრა“.
თუ ლუკაშენკომ მაინც ვერ გაუძლო ზეწოლას და მიიღო უშუალოდ მისთვისაც მეტად სარისკო გადაწყვეტილება, სამხედრო ექსპერტების ხედვით, ეს იქნება შესაძლებლობა რუსებისთვის, განიხილონ ლვოვისკენ, უკრაინის მომარაგების გზებისკენ თავდასხმა, რათა შეცვალონ დარტყმის ვექტორი და მინიმუმ, უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვონ ამ მიმართულებას, რათა წნეხი მოიხსნას რუსულ ძალებზე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე, სადაც უკრაინის არმია კვლავაც წინ მიიწევს კონტრშეტევის ფარგლებში.
მანამდე კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ჩადგნენ უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე და აწარმოონ მონიტორინგი. ამ ინიციატივისთვის ლუკაშენკოს ჯერ არ უპასუხია.
იხილეთ ასევე: „რუს სამხედროებს ზამთრის გადატანა ძალიან გაუჭირდებათ“: ვისზე მუშაობს დრო