
ტაქსტიკურ ბირთვულ იარაღზე პუტინის მუქარა ბლეფია: ისიც იაზრებს შესაძლო შედეგებს – იგორ რაეფი
06/10/2022 07:41:11 კომენტარი
ბლეფია,– ამგვარად აფასებს სამხედრო ექსპერტი იგორ რაეფი კრემლის ლიდერის, რიგი რუსი მაღალჩინოსნების მუქარას და დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უკრაინაში რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მზაობის თაობაზე.
სამხედრო ექსპერტს თავისი ხედვის მხარდასაჭერად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს:
„უპირველესად, გაურკვეველია ამგვარი იარაღის გამოყენების მიზანი და რა ეფექტი შესაძლოა, გამოიღოს მსგავსმა ნაბიჯმა: თუ ვენდობით გავრცელებულ ცნობებს „პოსეიდონის“ შესახებ, დარტყმა შესაძლოა, მიიტანონ ოდესაზე და ამით რუსეთი რას მიაღწევს? მანდ არ არის სამხედრო დანაყოფი, რომელიც შესაძლოა, გაანადგურონ; არ არის უკრაინული ფლოტი... ეს იქნება წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში და ეს მათ არაფრით ეხმარება, მოიგონ ომი უკრაინაში. და თუ თვალს მივადევნებთ ამ მომენტისთვის უკრაინული არმიის განლაგებას, კონკრეტულ დანაყოფზე კონკრეტულ დარტყმას მინიმალური ეფექტი ექნება. ბრძოლის ველზე კონკრეტული ეფექტი რომ მიიღონ, რუსეთს მოუწევს არა მხოლოდ რამდენიმე, ბევრი ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალის გამოყენება, რაც საერთოდ არ ეწერება საერთაშორისო არენაზე რუსეთის ამჟამინდელ პოზიციონირებაში. და რას იზამს მოსკოვი ამის შემდეგ?“
სამხედრო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინსაც ესმის თუ რა რეაქცია მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას არა მხოლოდ დასავლეთის მხრიდან:
„ვფიქრობ, იქნება რეაქცია უშუალოდ პუტინის წინააღმდეგ, რის შესახებაც ის ერთმნიშვნელოვნად გააფრთხილეს. ამგვარი შედეგი რომც არ მოჰყვეს, უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებსაც ამ დროისთვის საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ (ინდოეთი, ჩინეთი), ძალიან ეჭვით უყურებენ ზოგადად იდეას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე (არა მხოლოდ გამოყენებას, მუქარასაც კი), რადგან ესმით მისი დამანგრეველი ძალის. სამხრეთ –აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ძალიან კრიტიკულად განეწყობიან რუსეთის მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში და უკვე სანქციებს რუსეთი მთელი მსოფლიოსგან მიიღებს და ეს სრულადაც არ შედის მის ინტერესებში. ამდენად, ამ საკითხს მე საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ“.
უკრაინელი პოლიტიკოსი სერგეი გაიდაი კი ამბობს, რომ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალია და უკრაინა ამისთვის მზადაა:
„ყველას გვესმის, რომ პატარა, დაკომპლექსებული, მაგრამ რუსეთში სრული ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი 20–წლიანი მმართველობისა და ხელში მილიონობით დოლარით, შესაძლოა, ადეკვატურად ვერ იაზრებდეს რეალობას. პლუს, მისი კომპლექსები დაიმსხვრა უკრაინაში: უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის შემდეგ ხედავს, რომ ყველა ფრონტზე აგებს – როგორც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ისე დიპლომატიურ არენაზე – სანქციებიც თავისას აკეთებენ. შესაძლოა, რუსი ხალხი ჯერ კიდევ არაა მზად, შეცვალოს მეფე, მაგრამ მას მაინც ეშინია. კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა კი იფხაჭნება. მაგრამ უკვე რისიღა უნდა გვეშინოდეს? ჩვენთან მიმდინარე ომია! გულწრფელად გეტყვით, ამის წარმოდგენა კოშმარულ სიზმარშიც არ შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გამყოფ ხაზზე საბრძოლო მოქმედებები რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენ გავიარეთ 2014–2015 წლები, ამ მასშტაბის ომის წარმოდგენა უკრაინელების უმრავლესობას არც კი შეეძლო, ვერ წარმოედგინათ, რომ ის გაგიჟდებოდა და ამ რაოდენობის ადამიანს გამოაგზავნიდა სასიკვდილოდ. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც და რითაც არ უნდა იმუქრებოდეს, ჩვენ სხვადასხვა შედეგებისთვის მზად ვართ! არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რადგან ეს უკანასკნელი იქნება, რასაც თავის ცხოვრებაში გააკეთებს. მაგრამ ჩვენი ტერიტორიების ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაბომბვის რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან თვითმავალი საარტილერიო სისტემებსაც შეუძლიათ მათი სროლა. მივიღებთ ამგვარ რეალობასაც და ადეკვატურ პასუხს გავცემთ“.