
წამებისთვის განწირული ქალები
27/02/2019 15:09:41 კავკასია
პროექტმა „ჩრდილოეთ კავკასიის ქალები“ ჰაინრიჰ ბიოლის სახელობის ფონდის მხარდაჭერით ჩრდილოეთ კავკასიაში ლესბოსელებთან, ბისექსუალებთან და ტრანსსექსუალებთან 2–წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მოხსენება 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
კავკასიაში ლბტ ქალების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ცოტა იყო და ზოგიერთმა მათგანმა უფლებადამცველებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნის საკითხი მწვავედ წამოიჭრა. პროექტი „კვირი–ჩრდილოეთ კავკასიის ქალები“ – ეს არის რამდენიმე აქტივისტი სხვადასხვა რეგიონებში, რომელთა ვინაობა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება. მათ ინტერვიუ ჩაწერეს 21 ქალთან. მათგან 16–თან ჩეჩნეთში, 2–თან – დაღესტანში, 2–თან – ინგუშეთში და 1–თან – ჩრდილოეთ ოსეთში. რესპონდენტების ასაკი 20–დან 50 წლამდე მერყეობს. 17–მათგანი თავს ლესბოსელად მიიჩნევს, 3 – ბისექსუალად, 1– ტრანსგენდერად. 11–მა რესპონდენტმა რეგიონი ან მთლიანად რესპუბლიკა დატოვა, 3 – სამშობლოში დარჩა, თუმცა ორიენტაციას მალავს, 5–ის ნათესავებმა მათი ორიენტაციის შესახებ შეიტყვეს, რის გამოც ქალები ამ დრომდე ძალადობის პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას. ამ უკანასკნელთა შორის ერთ–ერთთან ინტერვიუს შემდეგ კავშირი გაწყდა. კიდევ ერთი რესპონდენტი გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შინ გარდაიცვალა „მოწამლვის“ გამო (რით მოიწამლა – ნათესავები ვერ აზუსტებენ).

ისევე, როგორც „კვირ–ქალების“ სხვა კვლევები, ეს მოხსენებაც ქალთა უფლებების, მათ შორის ოჯახური ძალადობის კუთხით, კატასტროფული მდგომარეობის დემონსტრირებას ახდენს. როგორც რესპონდენტები ყვებიან, ძალადობა კავკასიურ ოჯახებში ფართოდ არის გავრცელებული, მწყობრი სტატისტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს, ძალადობის მსხვერპლნი კი თითქმის არასოდეს მიმართავენ სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც მათი უფლებების დარღვევებს გაგებით ეკიდებიან.
აბსოლუტურად ყველა ლბტ ქალმა განაცხადა, რომ გამოვლილი აქვს ძალადობა და დამცირება, რომელიც ჯერ კიდე ადრეულ ასაკში დაიწყო.
„მამის მხრიდან ნათესავებმა განაცხადეს, რომ გოგონა ჯერ კიდევ ახალდაბადებული უნდა დაეხრჩოთ“, „მამა შვილებს ძალიან ცემდა, ხშირად კედელზე ახეთქებდა“, „მამა ხშირად ცემდა დედასაც, მთელი წინა კბილები ჩამოუმტვრია“,– ყვებიან ჩეჩნეთის მკვიდრი ქალები.
ერთ–ერთმა ქალბატონმა უამბო მკვლევარებს, რომ სექსუალურ ძალადობას განიცდიდა ბიძის მხრიდან, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა, ხოლო როდესაც ამ ამბავმა გაჟონა, ნათესავებმა ქალი ამორალურობაში დაადანაშაულეს.
ბევრისთვის ძალადობა ლეტალური შედეგით მთავრდება, თუმცა დებისა და ქალიშვილების მკვლელები სასამართლოს წინაშე ძალიან იშვიათად ხვდებიან.

ყველა რესპონდენტი ნათესავების მხრიდან ტოტალური კონტროლის ქვეშაა: განურჩევლად ასაკისა, მათ საღამოს სახლიდან გასვლა ეკრძალებოდათ, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის კონტაქტი მამაკაცთან. „ტაქსით მგზავრობა აკრძალულია, ავტობუსით – დაშვებული, თუკი მასში ასაკოვანი ქალები იმყოფებიან, მაგრამ თუ მხოლოდ მამაკაცები მგზავრობენ – აკრძალულია. ერთხელ მალულად ვიყიდე მანქანა, სხვა რეგიონში ვსწავლობდი და იქ შევიძინე. როდესაც ძმამ გაიგო, ვატყუებდი, რომ მანქანა ჩემი არ იყო. საბოლოოდ იმდენად დაძაბული ვითარება შეიქმნა, რომ გაყიდვა მომიწია“,– ყვება ჩეჩნეთის მკვიდრი.
ზოგიერთ ქალს მამისთვის პირდაპირ მიმართვაც ეკრძალებოდა. სოციალური ქსელები და მობილური ტელეფონები ყოველდღიურად უმოწმდებოდა, ასევე უზღუდავდნენ ტანსაცმლის არჩევანს და საურთიერთობო წრეს. „დედამ მითხრა, ჩემი საკუთრება ხარ, როგორც მინდა, ისე მოგექცევი და რასაც გეტყვი, ყველაფერს გააკეთებო. გათხოვდები და რასაც ქმარი გეტყვის, იმის კეთება მოგიწევს – არც საკუთარი აზრი უნდა გქონდეს, არც საკუთარი შეხედულება, საერთოდ არავინ და არაფერი ხარო. რამდენჯერმე გინეკოლოგთანაც ვყავდი შესამოწმებლად ქალიშვილობაზე“,– ყვება რესპონდენტი ჩეჩნეთიდან.
გამოკითხულთაგან 9 ქორწინებაშია, მათგან 8 ძალდატანებით გაათხოვეს, აქედან 7 – სწორედ მას შემდეგ, რაც მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეჭვები გაუჩნდათ. ყველა ეს რესპონდენტი ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლად იქცა მეუღლეების მხრიდან.
ჩრდილოეთ კავკასიური ქორწინება, როგორც წესი, სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმაა და ოფიციალური რესგისტრაციისთვის სახელმწიფო უწყებას მხოლოდ ბავშვის დაბადების შემთხვევაში მიმართავენ. ქალებს თანხმობას არ ეკითხებიან, სასულიერო პირს შეუძლია, გასცეს „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ქმართან ინახება. ამ დოკუმენტში მითითებულია ქმრისა და ცოლის მონაცემები, ქმრის მხრიდან მოწმეები და ე.წ. ვალის – საცოლის მეურვის (როგორც წესი, ძმის ან მამის) ვინაობა, ასევე მზითვის ოდენობა, რომელიც 10–დან 50 000 რუბლამდე მერყეობს. მოწმობაში ქალის ნაცვლად ხელს მისი მეურვე აწერს. მთლიანობაში ეს დოკუმენტი ყიდვა–გაყიდვის საბუთს ჰგავს. ერთ–ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ორჯერ იყო ქორწინებაში, განაცხადა, რომ ხელი არც ერთხელ არსად მოუწერია და „მოწმობა“ არასდროს უნახავს. კიდევ სამმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მათ გარდა მეუღლეებს კიდევ რამდენიმე ცოლი ჰყავთ.
ვინაიდან გათხოვებისას ქალი ფაქტობრივად, ერთი მეურვიდან მეორეს გადაეცემა, ტოტალური კონტროლის სისტემა უცვლელი რჩება, ისევე, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა ამას სექსუალური ძაალდობაც ემატება.
„მაშინვე სოფელში გადამიყვანეს. იქ 6 თვე დავრჩი. საკუთარი არაფერი მქონდა, პირობები მძიმე იყო. ჩემს მოვალეობაში შედიოდა სახლის დალაგება, მთელი დიდი ოჯახისთვის საჭმლის მზადება, საღამოობით ოჯახის ყველა წევრისთვის ფეხსაცმლის წმენდა, ყოველდღიურად ეზოს ლაგება. ფაქტობრივად, მოსამსახურე ვიყავი. ერთხელ მაღაზიაში წავედი და ვერ შევამჩნიე, რომ ხიჯაბიდან თმის რამოდენიმე ღერი მომიჩანდა. ქმარი დამედევნა და პირდაპირ ქუჩაში დამიწყო ცემა. ისე მცემა, რამდენიმე დღე ვერ ვდგებოდი. მწვრთნელი იყო კრივში, თუ კამათს ვიწყებდი, ნოკაუტი და დამთავრდა“,– იხსენებს ახალგაზრდა ქალი ჩეჩნეთიდან. „ჩემი ქმარი საშინელი ადამიანი აღმოჩნდა. თითქმის ყოველ დღე მცემდა. ჯერ სახეში მირტყამდა ხელით, მერე ჯოხს იშველიებდა. ქცევის წესები გამოიგონა და დარღვევის შემთხვევაში 3–ჯერ მარტყამდა ჯოხს“,– ყვება რესპონდენტი დაღესტნიდან.
ჩრდილოეთ კავკასიაში ქალი ძალადობრივ სიტუაციას თავს ფაქტობრივად ვერ აღწევს. რომც მიაღწიოს გაყრას, იგი მშობლების სახლში ბრუნდება, სადაც უარესი ძალადობის მსხვერპლი ხდება ნათესავების მხრიდან გაშორებულის სტატუსის გამო. „4 წლის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და დადას დავურეკე, ვთხოვე, ქმრისგან წავეყვანე. მიპასუხა, რომ ჩვენი გაყრის მიზეზებს ვერ ხედავდა, რადგან არც მას უყვარდა ქმარი და ასე ცხოვრობს ყველა“,– ყვება რესპონდენტი დაღესტნიდან.
„სახლში მომწყინდა და ონლაინ–თამაში გავხსენი. ძმამ დაინახა და ცემა დამიწყო, მერე კედელთან მიმანარცხა და მახრჩობდა. უკვე გონებას ვკარგავდი, როდესაც დედა შემოვიდა ოთახში და გადამარჩინა“,– ყვება რესპონდენტი ჩეჩნეთიდან.
გემუდარები, თავი მოიკალი
21–დან 16 რესპონდენტის შემთხვევაში მათი სექსუალური ორიენტაცია ნათესავებისთვის გახდა ცნობილი. როგორც წესი, ეს რიგითი ჭორების ან სამაგიეროს გადახდის გზით ხდება, როდესაც ქალებს მაკომპრომიტირებელ ინფორმაციას გამიზნულად უვრცელებენ. „გოგონამ, რომელსაც მეგობრად ვთვლიდი, ჩემი ინტემური ფოტოები ერთ–ერთ სოციალურ ქსელში განათავსა“; „ჩემმა ძმამ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ჩემს ურთიერთობებს და მითვალთვალებდა, მუდმივად მიმოწმებდა ტელეფონს. მოსულ შეტყობინებებს მიღებისთანავე ვშლიდი, თუმცა ერთ დღეს შეტყობინება იმ დროს მოვიდა, როდესაც ძმა ჩემთან ერთად იყო ოთახში. ტელეფონი მომთხოვა, მე არ მივეცი, რადგან ვიცოდი, რომ შეტყობინების ავტორი მეგობარი გოგო იყო და შემეშინდა. ძმამ ცემა დამიწყო. რა თქმა უნდა, ტელეფონიც წამართვა. უტელეფონოდ, შინაპატიმრობაში ვრჩებოდი გათხოვებამდე“,– ყვება ჩეჩნეთის მკვიდრი რესპონდენტი.
თუკი ნათესავები იგებენ ქალის ჰომო – ბი – ან ტრანსსექსუალობის შესახებ, ეს ყოველთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს, რომელიც შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. სექსუალური ორიენტაციის გამო მკვლელობების სტატისტიკა მოხსენების ავტორებს არ გააჩნიათ, რადგან ოფიციალური მონაცემები არ არსებობს და თავად მათი ამოცანაც ცოცხალი რესპონდენტების კვლევა იყო. თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა სულ მცირე, ორი ლეტალური შემთხვევის შესახებ: პირველ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად თირკმლის უკმარისობა დასახელდა, მეორეში – უცნაური მოწამლვა. „როდესაც შეიტყვეს, რომ ლესბოსელი ვარ, ჩამკეტეს ოთახში, სადაც რემონტი მიმდინარეობდა. მხოლოდ საბანი მომცეს. სამზარეულოსა და საპირფარეშოში მიშვებდნენ, თუკი იქ იმ დროს არავინ იყო. ასე ვცხოვრობდი რამოდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მამამ დივანი არ იყიდა“; „ძმამ ჩემს წინ ჩაიმუხლა და იარაღი მომცა...ტიროდა, „მამას დავპირდი, მაგრამ ამას ვერ ვიზამ და გევედრები, შენ თვითონ მოიკალი თავიო. ვუპასუხე, მე ამას ვერ გავაკეთებ და თუ გინდა, შემ მომკალი–მეთქი“; “მთელი საგვარეულოდან უფროსი ასაკის მამაკაცები იკრიბებიან და წყვეტენ, რა სასჯელი შეურჩიონ ქალს არასწორი ქცევის გამო. თუ იგებენ, რომ ლესბოსელია, ორი ვარიანტიდან ერთ–ერთს აირჩევენ – ან მოკლან, ან ძალდატანებით გაათხოვონ“,– ყვება რესპონდენტი ჩეჩნეთიდან.
3–მა გამოკითხულმა განაცხადა, რომ ძმები ან დედები თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ. 7 რესპონდენტს წარსულში სუიციდის მცდელობები ჰქონდა.
ჯინი, როგორც გამართლება
თუმცა უკიდურეს ზომებს ნათესავები ყოველთვის როდი მიმართავენ: ზოგიერთი გოგონა ისლამური მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ, ან შინ იწვევენ სასულიერო პირს ჯინის განდევნისთვის. ეს პროცედურა 5 რესპონდენტს აღმოაჩნდა გავლილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავად რესპონდენტებსაც სჯერათ, რომ თავიანთი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არის შედეგი, მათში მამაკაცი ჯინის ჩასახლებისა, რომელიც სხვა მამაკაცებისადმი სიძულვილს აღუძრავთ. ამიტომაც ეგზოცირმზს თავისუფლად თანხმდებიან. თუ სასულიერო პირი დაადასტურებს, რომ საქმე ჯინშია, ქალს მკურნალობის კურსს უტარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარყვნილად აცხადებენ.

„დამაწვინეს და მთელს სხეულზე მწვანე ნაჭერი გადამაფარეს. გამიკეთეს ყურსასმენები, გამიკავეს ხელ–ფეხი, ყვირილისგან თავი ამტკივდა. დაიწყო პანიკური შეტევა. როდესაც ყურსასმენებში ყვირილის ხმა შეწყდა და გონს მოვეგე, სასულიერო პირმა გამოაცხადა, რომ რაღაც უფრო მკაცრი მჭირდებოდა და მშობლებს თანხმობა ჰკითხა. ისინიც დასთანხმდნენ. მაშინ სასულიერო პირმა ხელი მომკიდა, ზემოდან დამაჯდა, რაღაც ინსტრუმენტი აიღო. მომეჩვენა, რომ ეს პლასტმასტის ჯოხი იყო და ამ ჯოხის ყურში შერჭობა დამიწყო. ყურიდან კანი გამომაგლიჯა. ტკივილისგან ავკივლდი. სასულიერო პირმა კი მითხრა, ეს შენ კი არა, შენს ჯინებს სტკივათო“; „სასულიერო პირმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ დემონური სისხლის განწმენდა მჭირდებოდა. ამ მიზნით მშობლები მთელს ზურგზე ნემსებს მირჭობდნენ, ხელ–ფეხზე კი ნასერებს მიკეთებდნენ და სპეციალური ვაკუუმის მეშვეობით სისხლს მიღებდნენ. ამის შემდეგ აბაზანას მარილიანი წყლით ავსებდნენ და იქ უნდა ვწოლილიყავი“,– ყვება რესპონდენტი ჩეჩნეთიდან.
ძალადობისთვის თავის დაღწევის ერთ–ერთი გზა ჰომოსექსუალთან ფიქტიური ქორწინებაა. 6–მა რესპონდენტმა ასეთი ქორწინება გააფორმა. თუმცა კანდიდატის ძებნა სახიფათოა, ვინაიდან სოცქსელებში ხშირად სპეციალურად აქტიურობენ ყალბი კანდიდატები და თუკი მომავალი მეუღლის ორიენტაცია ეჭვებს იწვევს, ქორწინება შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩეჩნეთში ქორწინების წინ აუცილებელია აივტესტის გავლა. მაგალითად, ერთ–ერთ რესპონდენტს ფიქტიური ქორწინება გაუუქმდა, რადგან გაირკვა, რომ კანდიდატი ინფიცირებული იყო. 3 შემთხვევაში ფიქტიური მეუღლეები ხშირად ივიწყებდნენ ქორწინების ფიქტიურობას და ცოლის მიმართ ძალადობაზე გადადიოდნენ. „დავორსულდი. ქმარმა ყვირილი დაიწყო, რომ ეს ბავშვი არ უნდოდა, არა და, ჩვენთან აბორტები აკრძალულია. წამიყვანეს სადღაც და მალულად გამიკეთეს აბორტი. არა მგონია, ვინც აბორტს მიკეთებდა, ჰქონოდა სამედიცინო განათლება“,– ყვება დაღესტნელი რესპონდენტი, რომელიც გეი ქმარს გააყოლეს.
გაქცეულთა დაბრუნება
რიგ შემთხვევებში გაქცევა ერთადერთი გზაა, თუმცა ისიც ძალზე სახიფათო. ამ ნაბიჯის გადადგმას ბევრი ვერ ბედავს: უპირველესად, ქალები ეკონომიკურად დამოკიდებულები არიან ოჯახებზე, მეურვის გარეშე ვერ იღებენ უცხოეთის პასპორტს, გაქცეულთა ძებნაში მომენტალურად ერთვებიან სამართალდამცველი ორგანოები რესპუბლიკის მასშტაბით და დაჭერის შემთხვევაში, გაქცეულის სურვილის მიუხედავად, მას ნათესავებს გადასცემენ. ოჯახში დაბრუნებულ ქალს გარანტირებული აქვს იზოლაცია, ძალადობა და რიგ შემთხვევებში, სიკვდილით დასჯაც.
წარმატებული გაქცევის შემთხვევაში ქალმა ოჯახთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტოს, რადგან მასზე ძებნა უცხოეთშიც გრძელდება. ერთ–ერთი რესპონდენტი ევროპაში დააკავეს და რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ შინ დააბრუნეს. ამასთან, როგორც კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ერთ რესპონდენტს ჰქონდა გაქცევის გეგმა წინასწარ შემუშავებული, დანარჩენმა 15–მა გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ სიკვდილი ემუქრებოდა. „ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. თითქოს მინდოდა კიდეც, ვეპოვნე და მოვეკალი. ჩავალაგე ჩანთა და ავტოსტოპით წავედი. როსტოვამდე ჩავაღწიე. ერთი დღე ტყეში გავატარე“,– ყვება ჩეჩნეთის მკვიდრი რესპონდენტი.
ზოგიერთ შემთხვევაში ქალბატონებს თავად სამართალდამცველი ორგანოები დევნიან. „რამდენჯერმე ვყავდი დაკავებული იმის გამო, რომ ჩემს მეგობარს უარი ვერ ვუთხარი და შევიკედლე. მეორე დღეს ძალოვანები სახლში შემომივარდნენ, ლესბოსელობაში დამადანაშაულეს და დაკითხვა მომიწყვეს. ფრჩხილებქვეშ ნემსებს მიყრიდნენ, სახეში მაფურთხებდნენ, მცემდნენ, დენით მაწამებდნენ. მერე მამაკაცის ტანსაცმელი ჩამაცვეს, დაუძახეს ჩემს ძმას და დედას, შემდეგ მამაკაცის სამოსში ვიდეო გადამიღეს, მათ მოსთხოვეს 120 000 რუბლი მიეტანათ, რათა ვიდეო არ გაევრცელებინათ. ჩემებმა ფული მიიტანეს“,– ყვება რესპონდენტი ჩეჩნეთიდან.
ისევე, როგორც „ღირსების მკვლელობების“ შემთხვევაში, თვალსაწიერ მომავალში პრობლემის გადაჭრის გზა არ ჩანს. მოხსენების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მასშტაბური მუშაობა სამართალდამცველ ორგანიებთან და სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალურ ჰომოფობიასთან აქტიური ბრძოლა. ჯერ–ჯერობით კი სამართალდამცვეელბსა და ჟურნალისტებს მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ კონკრეტული ადამიანების გადარჩენისთვის იბრძოლონ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021