
დაღესტანში "ციმბირის წყლულის" აფეთქებაა
15/10/2019 14:44:41 კავკასია
საქართელოს მოსაზღვრე დაღესტნის რესპუბლიკაში "ციმბირის წყლულის" შემთხვევებმა იმატა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაავადებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობის შესახებ, თუმცა დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს სენი მხოლოდ ორ პაციენტს დაუდგინდა, მესამე კი ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მისივე ინფორმაციით, სამივე პაციენტი ნოვოლაკის რაიონის სოფელ ნოვოკულიდან არის, ამჟამად ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმედ ფასდება.
არსებული ინფორმაციით, პაციენტები პირუტყვის დაკვლის პროცესში დაინფიცირდნენ, დაკლული ცხოველის ხორცის ნაწილი კი ოჯახმა ნათესავებს გაუგზავნა ქალაქ კასპიისკში.
ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ხორცი ამოღებული და განადგურებულია.