Accentnews.ge
ფაშინიანი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ: "დღეს ერევანში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა"

ფაშინიანი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ: "დღეს ერევანში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა"

15/10/2019 12:48:55 კავკასია, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრებ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა ვითარდებოდეს გარე ზეწოლის გარეშე. ამის შესახებ მან სომხური მედიის ცნობით, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

„შემთხვევით არ იყო, რომ საზღვარგარეთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა. კონტაქტების დინამიკა და ამჟამინდელი ვიზიტიც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოც სომხეთთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს ერევანში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა, მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ურთიერთობების მაღალი დონე და მათი განვითარების მზადყოფნა, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მრავალი საკითხი, თუმცა მას კონკრეტული არაფერი უთქვამს. 

„ჩვენი დღის წესრიგი იმდენად დატვირთულია, რომ ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხის განხილვა შეუძლებელია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

სომხური მედიის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონული კონფლიქტებიც განიხილეს.

„მიგვაჩნია, რომ კონფლიქტების დარეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და დებულებების საფუძველზე. დავადასტურეთ, რომ ყოველი კონფლიქტი უნიკალურია და გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს მისი შინაარსიდან. სენსიტიური საკითხებისადმი გაწონასწორებული მიდგომა დავადასტურეთ", – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა აღნიშნა რომ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონული საკითხებიც, მათ შორის ხაზი გაესვა საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

„შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ რწმენას, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S