Accentnews.ge
"კადიროვი მოწადინებულია, ჩეჩნეთიდან პანკისის ხეობისკენ გზა აღადგინოს"

"კადიროვი მოწადინებულია, ჩეჩნეთიდან პანკისის ხეობისკენ გზა აღადგინოს"

27/02/2019 15:08:26 კავკასია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელ მკვლევარ პოლ გობლის შეფასებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი "მოწადინებულია, ჩეჩნეთიდან საქართველოს პანკისის ხეობისკენ მიმავალი გზა აღადგინოს".

ანალიტიკოსის აზრით, კადიროვის ამ წადილს შემდეგი სამი ფაქტორი შეიძლება, განაპირობებდეს:

  • თავად კადიროვის სურვილი, აჩვენოს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს, რომ "მათი დამცველია";
  • მოსკოვის ინტერესი, თბილისზე ზეწოლის მეტი ბერკეტი მოიპოვოს;
  • მოსკოვისა და გროზნოს ერთობლივი სურვილი, სამხედრო ზომებით უპასუხონ  კადიროვისა და მოსკოვის წინააღმდეგ განწყობილ ჩეჩნებს, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ.
 
 

როგორც გობლი ჯეიმსთაუნის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს, ამ გზის რეკონსტრუქციის პროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს, მათ შორის - საქართველოს მთავრობა და პანკისის ხეობაში მცხოვრები, კადიროვის წინააღმდეგ განწყობილი ჩეჩნებიც.

მისივე შეფასებით, ამ გეგმის თუნდაც ნაწილობრივ განხორციელება გროზნოსა და მოსკოვს საქართველოს შიგნით მოქმედების მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ, ვიდრე ეხლა გააჩნიათ:  ეს გზა რუსეთს მისცემს საშუალებას, სწრაფად განათავსოს საზღვრის ჩეჩნურ მხარეს ძალები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს დპყრობაში ჩაერთონ.  

იხილეთ ასევე: 

კადიროვის გავლენები საქართველოში: „არის ინტერესი და არის პოტენციალიც“

როგორც გობლი განმარტავს, "მე-19 საუკუნეში რუსეთის ძალების გამოჩენამდე აქ ძალიან ბევრი გზა იყო, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებდა, რუსეთის ხელისუფლებამ ისინი დახურა და მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზა დატოვა, რათა სოციალურ-პოლიტიკური და სხვა სახის გავლენების გავრცელება დაებლოკა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის სამხრეთით დამოუკიდებელი ქვეყნების გაჩენის შემდეგ  მოსკოვმა დაბლოკვის გადაწყვეტილებას გადახედა, რადგან მსგავსი გზის არსებობაში სამხრეთზე რუსული გავლენის შენარჩუნებისა თუ გაზრდის საშუალება დაინახა".

2008 წლის თებერვალში დაღესტანში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:  "ხალხი ღიად საუბრობს დაღესტნიდან საქართველოსკენ ისტორიული გზის განახლებაზეო“.  

"2008 წელს საქართველოში შემოჭრამდე მოსკოვი აშკარად იყო დაინტერესებული ამ გზის აღდგენით,  რადგან ეს საშუალებას მისცემდა, უფრო მარტივად გადაეადგილებინა სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ კავკასიის ქედის გასწვრივ. შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. მოგვიანებით დაღესტანში რუსული ბაზა დაიხურა და ამ გზის განახლებაზე საუბრები 2014 წლამდე "გაიყინა". 2014 წელს დაღესტნის ყოფილმა მმართველმა რამაზან აბდულატიპოვმა ეს საკითხი დაღესტანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საბაბით "გააცოცხლა". თუმცა  2008–შიც და 2014–შიც საქართველოს მთავრობა  მსგავს პროექტს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილავდა და გზის მშენებლობის პროექტი შეჩერდა. სადრღეისოდ კადიროვი მოწადინებულია, დააჩქაროს ამ პროექტის განხორციელება, რათა შინ პოპულარობა აიმაღლოს და უკეთ შეძლოს გამკლავება საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნებთან, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან განწყობილი.  არ არის გამორიცხული, წარმოსახვაში კადიროვი პანკისის ხეობის ანექსიაზეც კი ფიქრობდეს, თუ სამომავლოდ  საქართველო კოლაფსს განიცდის" - თვლის პოლ გობლი.

თავის მხრივ, მოსკოვს, მისი აზრით, "სურს, კადიროვს საკუთარი მხარდაჭერა უჩვენოს, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც უარი უთხრა გროზნოსა და კრასნოდარს შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანაზე".

"როგორც ექსპერტებმა საინფორმაციო სააგენტო „Kavkaz Uzel“–თან საუბრისას განაცხადეს, მოსკოვს სჭირდება ჩეჩნეთ-საქართველოს გზა, რათა გაიიოლოს სამხედრო ინტერვენცია პანკისის ხეობაში და ამასთანავე, თბილისზე დიდი ზეგავლენა მოიპოვოს. მათი აზრით, ეს სავარაუდოა, რადგან საზღვართან გზის დიდი ნაწილი უკვე აშენებულია" - აღნიშნავს ამერიკელი ანალიტიკოსი.  

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს კადიროვთან ერთად  სურს, იყოს იმ პოზიციაში, რომ დაემუქროს საქართველოს, აიძულოს თბილისი, მიბრუნდეს მოსკოვისკენ და დაშორდეს დასავლეთს, ამის ვერმიღწევის შემთხვევაში კი გააძლიეროს დივერსიული საქმიანობა პანკისის ხეობაში. სადღეისოდ კრემლს შეუძლია, განაცხადოს, რომ ნებისმიერი პრობლემა იქ მოსკოვის წინააღმდეგ განწყობილი ჩეჩნების, „ისლამისტების“, ან საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედების შედეგია. აქედან გამომდინარე, რუსული მხარე პანკისისკენ მიმავალი გზის განახლებას საქართველოს დამასუსტებელ საშუალებად მიიჩნევს, ასევე შეახსენებს დასავლეთს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია" - დასძენს პოლ გობლი.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S