Accentnews.ge
ერთ რეგიონში გადაკვეთილი ინტერესები და მიღწეული შეთანხმების პერსპექტივა

ერთ რეგიონში გადაკვეთილი ინტერესები და მიღწეული შეთანხმების პერსპექტივა

01/09/2022 14:13:16 ანალიზი

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მორიგი შეხედვრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარ მიშელის შეამავლობით და როგორც მედიატორი იუწყება, შეხვედრაზე მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. უახლოეს ერთ თვეში გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხსაც, რაც ასევე მტკივნეული თემაა მხარეებისთვის. ამ თემაზე მომუშავე ორმხრივი სახელმწიფო კომისია ნოემბერში ბრიუსელში შეიკრიბება, თავად ლიდერები კი მორიგ ჯერზე ბრიუსელში ნოემბერში შეხვდებიან ერთმანეთს.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი მხარეებს შორის უკიდურესად გაღრმავებული უნდობლობის ფონზე, სკეპტიკურად უყურებს შეთანხმებაზე მუშაობის ეფექტურად გაგრძელების პერსპექტივას. ამასთან მათი ხედვით, სომხეთი კვლავ რჩება რა ყარაბაღის „ტყვედ“, რასაც მისი არასაიმედო პარტნიორი რუსეთი მისსავე წინააღმდეგ იყენებს. თუმცა არსებობს განსხვავებული ხედვებიც. მაგალითად, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ თუ მხარეები არსებულ მოცემულობას გაიაზრებენ, შეხების წერტილები, რომლებიც ამჟამად მეტად ბუნდოვანია, გამოჩნდება. მოცემულობა კი მისი ხედვით ამგვარია:

„იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვნად იცვლება უსაფრთხოების გარემო და არა სომხეთისთვის სასიკეთოდ, წესით, სომხური მხარე უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ნაკლები ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ ჰყოფნის ძალა, რაღაც ეტაპზე შეაჩეროს აზერბაიჯანული მხარის მოქმედებები (თუნდაც ლაჩინზე კონტროლის აღდგენა გავიხსენოთ) [ლაჩინის დერეფანი აკავშირებდა სომხეთს და მთიან ყარაბაღს. ქალაქი აზერბაიჯანმა აგვისტოს ბოლოს დაიკავა ისე, რომ სომხეთს ალტერნატიული გზის მშენებლობა არ დაუსრულებია – რედ. ქალაქი, რომელიც], იმავდროულად, სომხეთი იაზრებს, რომ თუ საერთაშორისო არენაზე დარჩა მარტოდ და არ იქნა ჩართული საერთაშორისო მედიატორები, მას ძალიან გაუჭირდება აზერბაიჯანთან როგორც ერთი–ერთზე მოლაპარაკება, ისე აზერბაიჯან–თურქეთის ტანდემთან გამკლავება – ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე – თურქეთს და აზერბაიჯანსაც ესმით, რომ მათ მეზობელი სახელმწიფოს ასე უბრალოდ განადგურება არ შეუძლიათ. ეს არც უნდა იყოს მათ ინტერესში და სჭირდებათ უკვე მოპოვებული უპირატესობის საბოლოო დამაგრება. აქედან გამომდინარე, მათთვის მოლაპარაკებათა პროცესი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. შესაბამისად, ამ ყველაფრის პერსპექტივაც არის და საჭიროებაც, მთავარია, ეს მხარეებმა გაიაზრონ, გააცნობიერონ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას მათთვის ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს“.

ცხადია, გობრონიძე სასურველად მიიჩნევს, თუ მხარეები მართლაც შეთანხმდებიან გარკვეული თანამშრომლობის ფორმატზე და შეიქმნება სიტუაციის განმუხტვის დიპლომატიური გზა, რომელიც რეგიონში მეტ სტაბილურობას მოიტანს. ფიქრობს, რომ ეს საკმაოდ რეალისტურია, თუმცა აღიარებს იმასაც, არა მარტივი:

„ამ წლების განმავლობაში სომხეთს და აზერბაიჯანს პრაქტიკულად კულტურულ დონეზე აქვთ ურთიერთ ანტაგონიზმი გამჯდარი და ძალიან რთული იქნება ორივე მხარისთვის ნებისმიერ კომპრომისზე წასვლა“.

შეუძლია ძლიერი მედიატორის როლის შესრულება ევროკავშირს?

ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რასაც თან ახლდა რიგი შესასრულებელი პირობები. გამოიკვეთა, რომ რუსეთი არც საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა პროცესში სომხეთისთვის და არც მედიატორი.

„საბოლოო ჯამში, საინტერესო ფენომენია, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც იმედგაცრუებულნი არიან რუსეთის ჩართულობით და შუამავლობით: სომხებს რუსებისგან უსაფრთხოების მეტი გარანტია სჭირდებოდათ, აზერბაიჯანელებს კი ეს სხვაგვარად ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგალითად, ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ურთიერთობების დათბობა მოსკოვსა და ბაქოს შორის, როდესაც უკრაინაში შეჭრამდე სამოკავშირეო მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. რუსეთმა დიპლომატიურ არენაზე მოახერხა ის, რომ იმედგაცრუებული დატოვა სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი და მისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში – სომხეთიც და აზერბაიჯანიც“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას გობრონიძე.

ამჟამად ევროკავშირი შუამავლობს. ბრიუსელში რამდენჯერმე შედგა ლიდერების შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა შედგა თბილისშიც, რასაც დასავლელი ლიდერები მიესალმნენ:

„მედიატორს მხარეები ირჩევენ იმდენად, რამდენადაც მას ენდობიან, მაგრამ მედიატორი მათ ვერ აიძულებს. ამდენად, ეს ორი მიმართულება უნდა გავმიჯნოთ. ევროკავშირი არის სასურველი მედიატორი აზერბაიჯანისთვის და კიდევ უფრო სასურველი – სომხეთისთვის, რადგან გასაგებია რუსეთთან სომხეთის კავშირის ფასი – ეს დაახლოებით იმ ქაღალდის ღირებულებაა, რაზეც სამოკავშირეო ხელშეკრულებებია დაწერილი, არ შესწევს რა მოსკოვს დღეს ძალა, აქტიური მოთამაშე იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც მას უკრაინაში აქვს. ამასთან, როდესაც მას ეს პრობლემები არ ჰქონდა, მაშინაც ბევრი არაფერი გაუკეთებია, რომ მოეხდინა კონფლიქტის პრევენცია, ან მსხვერპლის შემცირება, ან რეალური სამშვიდობო პროცესის წარმართვა. აქედან გამომდინარე შეიძლება, ითქვას, რომ დიახ, ევროკავშირი მისაღები მედიატორია ორივესთვის. რამდენად ძლიერია, ეს მეორე საკითხია, რადგან მედიატორი არავის აიძულებს, უბრალოდ ხელს უწყობს, მხარეებს კონსტრუქციული გარემო ჰქონდეთ ერთმანეთთან სალაპარაკოდ, იყოს შუამავალი – ამ ფუნქციის შესრულება ევროკავშირს ნამდვილად შეუძლია. რას შეასრულებენ მხარეები, ეს უშუალოდ მათზეა დამოკიდებული“.

ერთ რეგიონში თავმოყრილი ინტერესები

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დადებული შეთანხმების ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომელიც მოიცავს, მათ შორის სიუნიქის დერეფანსაც. აზერბაიჯანის ინტერესია, წვდომა ჰქონდეს საკუთარ ექსკლავთან – ნახჭევანთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთს ესაზღვრება, მას კი სომხური რეგიონი სიუნიქი აშორებს. აზერბაიჯანის და თურქეთის სურვილია, თავად გააკონტროლონ დერეფანი, რაც ცხადია, არ შედის სომხეთის ინტერესებში. მისი პოზიციაა, რომ კონტროლი თავად განახორციელოს. ამასთან, რუსეთი არ იყო დერეფნის გახსნის წინააღმდეგი, თუმცა თავად სურს, უზრუნველყოს მისი „უსაფრთხოება“, ხოლო სომხეთის მოსაზღვრე ირანი მის საზღვართან მსგავსი აქტივობების წინააღმდეგია:

„აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესები ლოგიკურია – ჰქონდეთ კავშირის მოკლე გზა, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ იქნება. არ ვთვლი, რომ სომხეთი ამ კავშირით დაინტერესებული ყოფილიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ აქვს. ცხადია, რუსეთს სჭირდება, აკონტროლოს რეგიონული მოთამაშეების სატრანსპორტო და სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტები, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატაროს რეგიონში. ირანი ნაკლებადაა დაინტერესებული, რადგან ამ მარშრუტის ამუშავება გამოიწვევს რეგიონში როგორც თურქეთის, ისე აზერბაიჯანის პოზიციების გაძლიერებას, რაც ძალთა ბალანსის სტანდარტული პრინციპიდან გამომდინარე, ირანისთვის დამაზიანებელი იქნება. შესაბამისად, გასაგებია, რომ რეგიონში ამ სახელმწიფოების ინტერესები ერთმანეთს ეკვეთება, რაც ალბათ ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელია ამ ყველაფრის“,– ამბობს გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ პრაქტიკული შესაძლებლობაც ძალიან დაბალია, უახლოეს პერიოდში ამუშავდეს ეს მარშრუტი ისე, როგორც ეს ხელშეკრულებებშია გაწერილი.

ის კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, დერეფანზე კონტროლის ასევე ხელშეკრულებაში გაწერილი საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდეს:

„ვხედავთ, რომ დღეს აზერბაიჯანი სარგებლობს რუსეთის სერიოზული პრობლენებით და პრაქტიკულად, შეიძლება, ითქვას, რომ ბაქო აღარ არის მოსკოვის კონტროლის ქვეშ. ზოგადად, მოსკოვის პოზიციები პოსტ საბჭოთა სივრცეში უკრაინაში ომმა ძალიან შეარყია“.

ამ კონტაქტსში ის იხსენებს მათ შორის ყაზახეთის მოქმედებებს და ყურადღებას ამახვილებს ბელარუსის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებზეც:

„ლუკაშენკოც აცნობიერებს, რომ რუსეთს კარგად არ მისდის საქმე. ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს: „რუსეთს უკრაინაში ან საქმე მისდის ისე, როგორც ამბობენ (გეგმის მიხედვით), ან ისე, როგორც ამას მე ვხედავო“. როდესაც ის ამბობს, „პუტინს ეშინია გლობალური შეჯახების და დასავლეთს შეუძლია, ეს გამოიყენოს“, ნიშნავს, რომ ლუკაშენკო თავის გადარჩენის გზას ეძებს, აცნობიერებს რა, რომ რუსეთის რეგიონში ის აღარ იქნება, რაც იყო – მისი ავტორიტარული რეჟიმის, მისი ძალაუფლების, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტორი. დამოუკიდებლობის დღე რომ მიულოცა უკრაინელებს, კი იყო ორპირი ნაბიჯი, მაგრამ გზავნილები იკითხებოდა საინტერესოდ: „გისურვებთ მშვიდობიან ზეცას, სიმამაცეს და გამძლეობას“ – ჩანს, რომ გეგმა ბე–ს მსგავსის მოფიქრებას ცდილობს. არ ვამბობ, რომ ის კომპეტენტური დიპლომატია, მაგრამ მას იმაზე უკეთ ესმის რაღაცეები, ვიდრე ეს ესმით თუნდაც ჩვენს პოლიტიკურ კლასში. სადაც ამას ლუკაშენკო ბედავს, აზერბაიჯანი მეტს გაბედავს – ლუკაშენკოს არ იყოს, ალიევიც დიდი ხანია, ხელისუფლებაშია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუ შეძლებს რაიმეს შემობრუნებას რუსეთი, რაც ნაკლებსავარაუდოა – ეს ესმის ალიევს და იაზრებს, რომ ხელშეკრულებები, რომელიც მაშინ გაფორმდა, როდესაც რუსეთი აღიქმებოდა ძალის მნიშვნელოვან ფაქტორად, ნაკლებად რელევანტურია დღეს. სხვათა შორის, ეს ერევანშიც ესმით – მათ გაიაზრეს, რომ რუსეთი სომხეთს ვერ დაიცავს“,– ამბობს ექსპერტი და დასძენს „არ ვიცი, ამ ყველაფერზე ქართული სახელმწიფო რა აზრზეა, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონში ბევრი რაღაც შეიცვალა. ამდენად, როდესაც სიუნიქზე ვსაუბრობთ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების ვაკუუმი რეგიონთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზარდა მოცულობაში, რაღაც იოლად და მარტივად ვერ გადაწყდება“.

მისი დაკვირვებით, სომხურ მთავრობას ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ დათმობაზე წასვლა, რადგან ეს ყოველ ჯერზე ადგილზე იწვევს პოლიტიკურ ტურბულენტობას. ასევე გაუჭირდება კომპრომისზე წასვლა აზერბაჯანს, რომელსაც ცალსახა უპირატესობა აქვს როგორც სამხედრო–ეკონომიკური–მორალური თვალსაზრისით:

„აზერბაიჯანელები მხნედ არიან, სომხეთისგან განსხვავებით მათ ზურგს პრაქტიკულად ნატო–ს მეორე არმია უმაგრებს. ასევე საყურადღებოა, რომ თურქულ–აზერბაიჯანული ნარატივი ამ მოცემულობის ფონზე შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს დასავლეთისთვის და აქ შეიძლება, ვთქვათ, რომ სომხები ცდებიან (ამაში ქართველებს ჰგვანან – ვიღაცის განცხადებას მოკრავენ ყურს და ამის ტირაჟირება ხდება სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რომ ვიღაც დაიცავთ). დღეს თუ საუბარი შეეხება ნატო–ს გაძლიერებას და ნატოს დღის წესრიგს რეგიონში, რა თქმა უნდა, ნატო თურქეთს ბევრის უფლებას მისცემს, რადგან ის ალიანსის წევრია და დიახ, თურქეთის სამხედრო ყოფნა სადმე, იმავდროულად ნატოს ყოფნაა. ამასთან, არავინაა იმდენად გადარეული, ასეთ დროს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის გამალებული რემილიტარიზაციის პროცესი მიდის, არ გაითვალისწინოს ნატო–ს წევრი ქვეყნის ინტერესები, რომელსაც შესაძლებლობებით ალიანსის მეორე არმია ჰყავს“.

რაც შეეხება ექსპერტთა ნაწილის (მათ შორის, რუსი) მოსაზრებას ინდოეთ–ირან–სომხეთ–საქართველო–ევროპის სამარშრუტო გზის შესახებ, რომელიც ასევე ხსენებულ სომხურ რეგიონზე – სიუნიქზე გაივლის და ამ კუთხით დასავლეთის ინტერესებზე, გობრონიძე ამბობს:

„საკმაოდ ძველი თემაა. მას გააჩნია გარკვეული ეკონომიკური პოტენციალიც, მაგრამ ამას ასე მარტივად მაინც ვერ მოახერხებდნენ სომხები, რადგან რუსეთი მათ ამის უფლებას უბრალოდ არ აძლევდა“.

რეგიონში ცვლილებებია, მაგრამ სად არის საქართველო?

„ჩვენ კი აქ ვართ, რასაც ყოველდღიურობაში ვხედავთ – ბევრი საინტერესო შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ვთქვა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია გვიჭირავს: გახსოვთ უსაფრთხოების საბჭო შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ? ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური ხედვა? ან სამეზობლო პოლიტიკა? ჩვენ დიდხანს ვიქნებით ამ ვითარებაში, ვიდრე პოლიტიკური კლასი არ ჩამოყალიბდება, რომ შიდა პოლიტიკა შეიძლება, აკეთო, მაგრამ იმავდროულად საგარეოსაც უნდა მიხედვა. გვსურს თუ არა, ჩვენი ქვეყანა ძალიან რეაგირებს საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რადგან პატარა სახელმწიფო ვართ. შესაბამისად, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები იმისგან დამოუკიდებლად დგას, ვინ არის ხელისუფლებაში! ჯერ არავისგან მომისმენია, სად ვართ და რას აპირებენ რეგიონულ დონეზე“,– წუხს გობრონიძე და დასძენს, „ევროპულ ინტეგრაციას აღარ გასცდა ჩვენი პოლიტიკა. დიახ, ეს მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღმა მოცემულობაა, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვარსებობთ; ვართ შავი ზღვის რეგიონში; გვყავს ის მეზობლები, ვინც გვყავს“.

ამ კონტაქტში გობრონიძე მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონულ ფაქტორზე – თურქეთზე ამახვილებს ყურადღებას:

„თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, სერიოზული მოკავშირე, მასზე ბევრი რამ შეიძლება, იყოს დამოკიდებული ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უნდა ვცდილობდეთ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, პარტნიორობის პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა, ძალიან გაგვიჭირდება! გვსურს თუ არა, ის რეგიონში ჩვენი ყველაზე სანდო, კარგი მეზობელია. ეს ქვეყანა ამჟღავნებს სურვილს, ჩვენთან კარგად ითანამშრომლოს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთს რეგიონში თავისი ინტერესები არ აქვს და ჩვენ ალტრუისტულად გვიყურებს, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია, ვიპოვოთ ბალანსი საფრთხესა და შესაძლებლობას შორის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S