
Conflict Intelligence Team: ომში პარიტეტი უკრაინის სასარგებლოდ იცვლება
24/08/2022 22:47:57 ანალიზი
უკრაინაში ომი უკვე ნახევარი წელია, გრძელდება. ბოლო თვის განმავლობაში აგრესორ რუსეთს არავითარი ხელშესახები წინსვლა აღარ ჰქონია. რუსული არმია ფაქტობრივად, ადგილზეა გაყინული და სამხედრო ხელმძღვანელობას იმის მტკიცება უწევს, რომ “გამიზნულად აიღო პაუზა”. თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ამას სულ სხვა მიზეზებით ხსნიან და ცალსახად არ იზიარებენ აგრესორის მტკიცებას, თითქოს კრემლს ფრონტზე “ყველაფერი გეგმის მიხედვით მისდიოდეს”.
აგრესორის ჯარის მდგომარეობა
დიახ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა არტილერიაში, მაგრამ ეს უპირატესობა ნიველირდება შემტევი ქვეითების დეფიციტით, - აღნიშნავს Conflict Intelligence Team-ის ხელმძღვანელი რუსლან ლევიევი.
“მოგეხსენებათ, ზოგადად, რუსული ჯარი ასე მოქმედებს: ჯერ მიდის არტმომზადება (რუსული არტილერია მასირებულად უტევს უკრაინულ პოზიციებს), ხოლო მისი დასრულებისთანავე დაბომბილ ტერიტორიებზე შედის ქვეითი ჯარი და იკავებს ახალ პოზიციებს. მაგრამ რუსეთს ქვეითები საკმარისი რაოდენობით აღარ ჰყავს და ამას არაერთი მიზეზი აქვს: უპირველესად, როგორც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღმოჩნდა, საჯარისო შტატები მნიშვნელოვნად იყო “გაბერილი” (მეთაურები გენშტაბს ატყობინებდნენ, თითქოს სრული დაკომპლექტება ჰქონდათ, რეალურად კი თურმე, პირადი შემადგენლობის უზარმაზარი დეფიციტი იყო და ხშირ შემთხვევაში ახალწვეულებს კონტრაქტორებად ასაღებდნენ ამ უკანასკნელთა მნიშვნელოვანი დეფიციტის გამო); გარდა ამისა, ომის ნახევარი წლის განმავლობაში ბევრი დაიღუპა და დაიჭრა, ბევრია დეზერტირი, სულ უფრო მეტი ამბობს ომში წასვლაზე უარს... ასე, რომ შეიძლება, ითქვას, რუსეთს ქვეითი ჯარი არ ჰყავს” – განმარტავს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსი.
რაც შეეხება რუსეთის არსენალს, Conflict Intelligence Team-ის მონაცემებით, რუსულმა არმიამ ფრონტზე გამოყენებისთვის მზადმყოფი ტანკების მთელი მარაგის ¼ სრულად დახარჯა, დარჩენილი ნაწილი კი თეორიულად, კიდევ დიდხანს ეყოფოდა, რომ არა ომამდე საწყობებში ტექნიკისა და მაკომპლექტებლების მასობრივი ძარცვა-მიტაცების ფაქტები, ასევე სანქციები, რომელმაც ფრონტზე მწყობრიდან გამოყვანილი ტექნიკის რემონტი მნიშვნელოვნად გაართულა.
მაგრამ თუ მთლიანობაში ტანკების კუთხით მდგომარეობა ჯერ კრიტიკული არაა, მაღალი სიზუსტის შეიარაღების (“ისკანდერები”, C-300 და სხვა) არსენალის მხრივ რუსეთში ვითარება მალე კრიტიკულს მიუახლოვდება, - აღნიშნავს ლევიევი და დასძენს, რომ მოსკოვი ახლა მალულად აქტიურად ეძებს მარაგის თუნდაც ნაწილობრივ შევსების გზებს რიგ ქვეყნებში.
ამავდროულად, Conflict Intelligence Team-ის შეფასებით, უკრაინულმა მხარემ ამ ეტაპზე ინიციატივის ხელში ჩაგდება მოახერხა და რუსული ჯარი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან სამხრეთ რეგიონებში შეიტყუა, სადაც მისი პოზიციები გაცილებით ხელსაყრელია:
“ხერსონის მხარეში, მაგალითად, უკრაინული ძალები ადვილად ურტყამენ რუსულ ლოჯისტიკას - ხიდებს, სარკინიგზო სადგურებს და სხვა ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი ჯარის მოსამარაგებლად იყენებდა. თავად აქაური რელიეფიც ხელს უწყობს ამ მიმართულებით უკრაინულ კონტრშეტევას. ამიტომაც რუსულ ჯარს, მუდმივი ბრძოლების მიუხედავად, სერიოზული გარღვევები კარგახანია, აღარ ჰქონია. ერთადერთი შედარებითი წინსვლა სწორედ ხერსონის მიმართულებით ჰქონდა, თუმცა ისიც – მხოლოდ პირობითი”.
რუსეთის მე-3 საჯარისო კორპუსის პერსპექტივები
და მართალია, რუსული მხარე აგვისტოსთვის ნიჟეგოროდის მხარიდან მესამე საჯარისო კორპუსის ფრონტზე გაგზავნას აანონსებდა, თუმცა Conflict Intelligence Team-ის მონაცემებით, მისი სრულად ფორმირება ვერ გამოუვიდათ.
“ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ რუსები ამ კუთხით – გაგზავნიან თუ არა და თუ გაგზავნიან, რომელ მიმართულებაზე – სამხრეთში თუ დონეცკის ფრონტზე. თეორიულად, ამ ძალას შეეძლო, რუსეთისთვის გარღვევის მოხდენის გარკვეული შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ პრაქტიკაში მისი წარმატების ხარისხის პროგნოზირება ძნელია” – დასძენს ლევიევი.
თავის მხრივ, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ხსენებული მე-3 კორპუსის ეფექტურობის საკითხში სკეპტიკურადაა განწყობილი:
“ამ კორპუსის ფორმირებას რუსები ჯერ კიდევ ივნისიდან ცდილობდნენ და რომც მოაბან თავი, 15 000 კაცის, შესაბამისი ტექნიკისა და შეიარაღების გადადისლოცირება ადვილი საქმე არაა – ეს ერთის მხრივ, მოითხოვს დროს და ვერც შეუმჩნეველი დარჩება: გასაგზავნი იქნება დაახლოებით 30 ერთეული 54-პირობითვაგონიანი ეშელონი. ამ ძალების გადმოსროლა რომ უკვე დაწყებული ჰქონდეთ, ეს ჩვენს ან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დაზვერვას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ხოლო სანამ ეს ძალა რუსეთის ევროპულ ნაწილში იმყოფება, უკრაინული მხარე თვალს მიადევნებს, საით დაუპირებენ მას გადასროლას. თანაც, ერთი 15 000-იანი კორპუსით შეუძლებელია იმგვარი სიღრმისეული ამოცანის გადაჭრა, როგორიცაა უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მოწოდების გზების განადგურება, ვთქვათ, ჟიტომირის ან როვნოს მხარეში. ეს ძალა მსგავსი ამოცანებისთვის არ იქნება საკმარისი: დღეს ხომ 24 თებერვალი აღარაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაშლილია, ქვეყნის საზღვრები მაგრდება და უკრაინაში შესვლაც კი ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან, გარდა იმ მონაკვეთებისა, რომელიც სადღეისოდ რუსეთს აქვს დაკავებული, რუსული ძალებისთვის გადაუჭრელი ამოცანა იქნება. ერთი კორპუსის ძალით აქ ვერას გახდებიან. ერთ კორპუსს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვითარებაზე დონეცკის მიმართულებით და თუ რუსები მას იქ გადაისვრიან, უკრაინელებსაც მოუწევთ იმ მიმართულებაზე რეზერვების გადასროლა თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ უკრაინის სიღრმეში ბელარუსის მიმართულებიდან ღრმად შემოჭრა ამ ძალით გამორიცხულია” – თვლის სამხედრო ექსპერტი.
ჩაებმება თუ არა ომში ბელარუსის ჯარი?
ბელარუსის ჯარს ჟდანოვი აქ სათვალავში არ იღებს, რადგან ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ მის ომში ჩართვას არ ელის:
“თუკი პუტინმა ამ დრომდე ვერ აიძულა ლუკაშენკო, მისი ჯარი ამ ომში ჩაერთო, ახლა, როცა რუსეთის პრეზიდენტის გავლენა როგორც თავად რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ მხოლოდ იკლებს, ნაკლებ სავარაუდოა, მან ბელარუსის ლიდერის იძულება მოახერხოს. პირიქით, ლუკაშენკო სადღეისოდ უკვე აშკარად იხედება უკან და ეძებს, დარჩა თუ არა სადმე ხიდები, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუწვავს”.
უკრაინული ჯარის მდგომარეობა
Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინულ ჯარს სადღეისოდ ასევე არ გააჩნია საკმარისი რესურსი მასშტაბური კონტრშეტევის ორგანიზებისთვის.
“უკრაინას ცოცხალი ძალა საკმარისი რაოდენობით ჰყავს მობილიზებული, მაგრამ ჯავშანტექნიკისა და არტილერიის დანაკლისს განიცდის. დასავლეთიდან მიწოდებები გრძელდება, მაგრამ ტემპი, სამწუხაროდ დაბალია. შედეგად ხშირად ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებს წინა ხაზზე მხოლოდ ავტომატებით ხელში – ტანკებისა და ჯავშანტექიკის გარეშე უწევთ ბრძოლა” – ამბობს ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი.
სწორედ ამის გამოა, მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ფრონტზე ერთგვარი საოპერაციო უძრავობა: მასშტაბურ გარღვევას ვერც რუსული მხარე ახდენს, ვერც უკრაინული.
რატომ იგვიანებს დასავლეთის სამხედრო დახმარება
ამ დღეებში გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ შესაძლოა, უკრაინას შეიარაღების გარკვეულ სახეობებს დეკლარირების გარეშე აწვდიდეს.
“თუ მსგავსი რამ მართლაც ხდება, უკრაინას მალულად შეიარაღების ის სახეობები შეიძლება, მიეწოდებოდეს, რომლებიც განსაკუთრებით გააღიზიანებდა რუსულ მხარეს, - მაგალითად, დიდი სიშორის რაკეტები, მაღალი სიზუსტის იარაღი და ა.შ. ყველა შემთხვევაში, საუბარია არა, მაგალითად, თვითმფრინავებზე F-15 ან F-16, არამედ სადღეისოდ უფრო აქტუალურ – ხმელეთზე ახლო მანძილზე ბრძოლებისთვის აუცილებელ შეიარაღებაზე – ტანკებზე, ჯავშანტექნიკაზე... თორემ დანარჩენს ამ ეტაპზე HIMARS-ებიც ერევიან“ – ამბობს რუსლან ლევიევი.
რაც შეეხება უკრაინისთვის აუცილებელი მძიმე ტექნიკის დროულად არმიწოდების მიზეზებს, ანალიტიკოსის განმარტებით, ე.წ. წრიული მიწოდების სქემა (ევროპული ქვეყნები უკრაინას მათ ხელთ არსებულ ძველ – საბჭოთა ტექნიკას აწვდიან და სანაცვლოდ სხვებისგან დასავლურს იღებენ) პრაქტიკაში სუსტი აღმოჩნდა.
“გაჩნდა მთელი რიგი კითხვები, მაგალითად, Т-72 ტიპის რამდენი ერთეული ტანკი უნდა გადაიცვალოს ერთ “ლეოპარდში”, რომ ეს თანაწონად გაცვლად ჩაითვალოს. გერმანია, მაგალითად, თვლის, რომ ერთი “ლეოპარდი” ორ Т-72-ს უნდა უდრიდეს, მაგრამ რიგი ქვეყნები ამას არ დაეთანხმნენ. ამას ერთვის რიგი ბიუროკრატიული გაჭიანურებებიც, რამაც ჯამში უკრაინისთვის ტექნიკის მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მძიმე ტექნიკას აწვდიდნენ, რაღაც ეტაპზე დაფიქრდნენ: “ახლა რომ ჩვენს ხელთ არსებული ტანკები და ჯავშანტექნიკა უკრაინას გადავცეთ, სანაცვლოდ ახლის მიღებამდე, რასაც შესაძლოა, ერთი წელიც კი დასჭირდეს, სრულიად ხელცარიელები ხომ არ დავრჩებითო?”. თუმცა რეალურად, მათი ეს შფოთვა უსაფუძვლოა, რადგან რუსეთს, დღეის მდგომარეობით, სადმე ევროპაში ახალი ფრონტების გახსნის არავითარი რესურსი არ აქვს, ხოლო თუ მაგალითად, ჩინეთის პოტენციურ თავდასხმაზე ფიქრობენ, ასეთ შემთხვევაში ტანკებსა და ჯავშანტექნიკაზე ბევრად აქტუალური იქნება ავიაცია, რაკეტები და სხვა… იმედია, ევროპელი ჩინოსნები თავის მეტისმეტ სიფრთხილეს მალე დასძლევენ, შეფერხებები აღმოიფხვრება და უკრაინა მალე დაიწყებს საჭირო მოცულობით იმ ტექნიკის მიღებას, რომლის არქონა ერთადერთია, რაც ამ ეტაპზე მასშტაბური კონტრშეტევისგან აფერხებს” – ამბობს ლევიევი.
სამომავლო პროგნოზი
მთლიანობაში კი, ამჟამინდელი ოპერაციული უძრავობის მიუხედავად, Conflict Intelligence Team ვითარების უკრაინის სასაგებლოდ შეცვლას პროგნოზირებს.
“საკმაო დროის განმავლობაში საბრძოლო ველზე ინიციატივა და უპირატესობა რუსულ მხარეს ჰქონდა, იგი აქტიურად უტევდა, უკრაინა კი თავდაცვით პოზიციაში იყო. ამჟამად შედარებით პარიტეტს ვადევნებთ თვალს. რუსეთმა თავისი შეტევითი პოტენციალი ფაქტობრივად ამოლია და სამომავლოდ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უკვე უკრაინის კონტრშეტევებს უნდა ველოდოთ. სახეზეა ომის განგრძობით ფაზაში გადასვლის ყველა ნიშანი. ვნახოთ, გაუშვებს თუ არა რუსეთი ფრონტზე ზემოთხსენებულ მე-3 კორპუსს, თუ გაუშვებს – საით და რისი მომცემი აღმოჩნდება ეს. თუმცა მთლიანობაში, პარიტეტი ნელ-ნელა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება: მართალია, დასავლური შეიარაღების მიწოდებები მნიშვნელოვნად იგვიანებს და მოცულობებიც საჭიროზე მცირეა, მაგრამ ეს მიწოდებები მაინც ხორციელდება – ეს ფაქტია. რუსეთს კი, თავის მხრივ, მხოლოდ უღრმავდება პრობლემები როგორც პირადი შემადგენლობის, ისე ტექნიკის და ახლა უკვე ლოჯისტიკის კუთხითაც, რადგან უკრაინელები ზურგში ჯერ HIMARS-ებით უნადგურებდნენ საბრძოლო მასალის საწყობებს და აიძულებდნენ ლოჯისტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას, ბოლო დროს კი იქაც, სადაც HIMARS-ები ვერ სწვდებიან, ამოქმედდნენ დივერსიული ჯგუფები კამიკაძე-დრონებით” – განმარტავს რუსლან ლევიევი და დასძენს, რომ ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა სამომავლოდ უკრაინის კონტრშეტევისა და შესაბამისად, ვითარების მის სასარგებლოდ შეცვლისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
ეკა ცანავა